მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 25.01
კითხვა: რა სიმბოლოს განასახიერებს ქრისტიანთა მიერ ერთი ბარძიმიდან მიღებული ზიარება?
პასუხი: ერთი ბარძიმიდან წმიდა საიდუმლოს მიღებაში უნდა ვიგულისხმოთ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ჭეშმარიტი ძმობა და დობა, რომელთაც განურჩევლად მათი მდგომარეობისა, განათლებისა და მატერიალური სახსრებისა, ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ სიძულვილისა და მიუღებლობის გრძნობა, პირიქით, მათ სიხარულს ანიჭებთ, რომ შესაძლებლობა აქვთ ერთი ბარძიმიდან მიიღონ წმიდა ძღვენი.
კითხვა: ოჯახში გვაქვს მაცხოვრის ძველი ხატი. ცოდვას ხომ არ ჩავიდენთ, თუ ამ ხატს მატერიალური სიდუხჭირის გამო გავყიდით?
პასუხი: როდესაც ადამიანი შეჭირვეულია, ღვთის დახმარება და რწმენა მას უფრო მეტად სჭირდება. განსაცდელისგან ხსნა მხოლოდ ღვთის ნებით ხდება. უმჯობესი იქნება, თუ ამ ხატის წინაშე ილოცებთ და მაცხოვარს დახმარებას სთხოვთ, რათა შემწეობა მოგივლინოთ და ყველა საქმეში ხელი მოგიმართოთ. ნებისმიერი კეთილი საქმე, რომელსაც უფლის რწმენით წამოიწყებთ, ნაყოფს უსათუოდ გამოიღებს.
კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, არსებობს თუ არა ბედისწერა? და როგორ უყურებს მართლმადიდებლობა ბედისწერას?
პასუხი: ბედისწერის ცნებას ხშირად ისე განსაზღვრავენ, თითქოს ადამიანს დაბადებისთანავე ეწერება ცხოვრების განრიგი და შემდგომში რაც არ უნდა მოხდეს, ის ამ განრიგს ვერ შეცვლის. ანუ, თუ ბოროტებას ჩაიდენს ან სიავე დაემართება, ამ განრიგითაა გათვალისწინებული. ასევე, თუ კეთილს იქმს ან წარმატებულად ცხოვრობს, ესეც ბედისწერას მიეწერება. აქედან გამომდინარე, ბედისწერა ათავისუფლებს ადამიანს თავისი ქმედების შედეგისგან, პასუხისმგებლობისგან – ეს ქრისტეს მოძღვრებას ეწინააღმდეგება. ქრისტიანული სწავლებით, ადამიანი არა რაიმე განრიგით, არამედ თავისი სურვილით წარმართავს ცხოვრებას, მას აქვს თავისუფალი ნება, რომელიც არასდროს არის შეზღუდული და უფალი ეხმარება მას არჩევნის განხორციელებაში. ხოლო მადლი იმდენად გადადის ადამიანზე, რამდენადაც ის ითხოვს და იმსახურებს მას.
კითხვა: როგორ ჩავუნერგოთ ბავშვს უფლისადმი შიში და მოწიწება?
პასუხი: ბავშვმა პატარაობიდანვე უნდა ისწავლოს მუხლის მოდრეკა წმიდა ჯვრისა და ხატების წინაშე, მათზე მთხვევა; ხშირად უნდა ესწრებოდეს ღვთისმსახურებას ტაძარში; უფროსებმა უნდა დაანთებინონ სანთლები ხატების წინ; ბავშვი ხშირად უნდა ეზიარებოდეს ქრისტეს სისხლსა და ხორცს; უნდა მიაღებინოთ სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი საჭმლის მიღებამდე; შეასწავლეთ ლოცვები; მღვდელმსახურთან შეხვედრისას ასწავლეთ მისგან ლოცვა-კურთხევის აღება; მიაჩვიეთ სახლში გალობასა და წმიდა წერილის კითხვას; მისი თანდასწრებით ისაუბრეთ ღმერთზე და სულის ხსნაზე; მიაჩვიეთ ტკბილეულსა და თვით პურის ნაჭრის გაყოფას ძმებისთვის, დებისთვის და ზოგადად, სხვებისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან