მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 24.01
კითხვა: მინდა, შევისწავლო ბიბლია. გთხოვთ განმიმარტოთ, როგორ მოვიქცე, ვის მივმართო?
პასუხი: ეს გახლავთ საღმრთო ისტორია, რომლის სრულყოფილად გაგებისთვის საჭიროა წმიდა მამათა იმ თხზულებების გაცნობა, რომლებიც განმარტავენ წმიდა წერილის არსს და იწოდებიან მის კომენტატორებად (ეგზეგეტიკოსებად). მაგრამ „ბიბლიის“ შესწავლა განყენებულად, ეკლესიური ცხოვრების გარეშე არ გაგიმხელთ იმ საღმრთო სიბრძნეს, რომელიც ამ წიგნშია თავმოყრილი. ამიტომ „ბიბლიის“ სიბრძნეში ჩასაწვდომად უნდა ეზიაროთ მართლმადიდებელი ეკლესიის წეს-ჩვეულებებსა და საიდუმლოებებს.
კითხვა: ჩემი შვილი ცოდვებში ჩაფლულ ადამიანს დაუკავშირდა. ვგრძნობ, რომ სამწუხაროდ, ჩემი შვილიც მის გზას ადგება. მას ჩემი არ ესმის. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ილოცეთ და ეს დაეხმარება თქვენს შვილს. ამის დასტურად კი გიამბობთ ნეტარი ავგუსტინეს მაგალითს. ის ხშირად იყო ცოდვებში ჩაფლული, გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. დედამისი კი ძალიან განიცდიდა შვილის მდგომარეობას და სულ ტიროდა. ერთხელ ის ეპისკოპოსთან მივიდა და მას შესჩივლა თავისი დარდის შესახებ. ეპისკოპოსმა უთხრა: ილოცე, დედის ლოცვა აუცილებლად დაეხმარებაო. ასეც მოხდა. ოდესღაც ცოდვილი ავგუსტინე შემდგომში ღვთის სათნო ცხოვრებისთვის ზეციურ წმიდანთა დასში ამაღლდა.
კითხვა: რამდენად მიზანშეწონილია დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე დაბადების დღის აღნიშვნა (თუკი ემთხვევა)?
პასუხი: ამასთან დაკავშირებით არანაირი აკრძალვა არ გაქვთ. დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე უმეტესად მარხვაც ხსნილი არის ხოლმე და სადღესასწაულო განწყობაც სუფევს, ამიტომ შეგიძლიათ, დაამთხვიოთ თქვენს საოჯახო დღესასწაულს და აღნიშნოთ.
კითხვა: როგორ მივიღოთ ის საქებარი სიტყვები, რომლებსაც ჩვენი მისამართით გამოიმეტებენ?
პასუხი: როდესაც გაქებენ, წმიდა მამათა გადმოცემით, თქვენ უნდა გაიხსენოთ თქვენი ნაკლოვანებები, რათა ხიბლში არ ჩავარდეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან