მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 14.09
კითხვა: თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, კონკრეტულად რომელ ცოდვებს მოიცავს ათი მცნებიდან მესამე მცნების დარღვევა, რომელიც შეგვაგონებს: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“.
პასუხი: მესამე მცნებას არღვევს ადამიანი, როდესაც: 1) ჰგმობს უფალს და უკადრის გამოთქმებს იყენებს უფლის მისამართით; 2) წუწუნებს ღმერთის მისამართით, ეჭვი შეაქვს მის სამართლიანობაში; 3) მკრეხელობს, საღვთო ქმედებებზე ხუმრობს ან ლაზღანდარობის თემად აქცევს; 4) უყურადღებოა ლოცვის მიმართ; 5) სიცრუეზე იფიცება; 6) გატეხს ფიცს; 7) არღვევს იმ აღთქმას, რომელიც ყველასთვის აქვს მიცემული; 8) ქარაფშუტულად იფიცებს ღმერთის სახელს ყოფით საუბრებსა და ურთიერთობებში.
კითხვა: ვცხოვრობ სოფელში, გვერდით არ მყავს მეგობრები და თანამოაზრეები და ამის გამო ძალიან მიჭირს. ვერავის ვუზიარებ ჩემს განცდებს, ვიტანჯები მარტოობითა და მომავლის რწმენასაც ვკარგავ. გთხოვთ, მითხრათ, როგორ დავიხსნა თავი ამ მდგომარეობიდან?
პასუხი: თქვენი მარტოობის მტანჯველი შეგრძნების მიზეზი არის არაეკლესიურობა. საკმარისია, დაიწყოთ რელიგიური ცხოვრება – იკითხოთ ლოცვები, ეზიაროთ, გაეცნოთ მამათა ცხოვრებას, რომ მარტოობის მძაფრი შეგრძნება გაგიქარდეთ. წმიდა მამები მოშორებულნი იყვნენ ახლობლების წრეს, მაგრამ სავსენი იყვნენ საღვთო მადლით.
კითხვა: ქრისტიანულად რამდენად გამართლებულია ადამიანისთვის თავის გაბეზრება გრძელი და გადაბმული საუბრით?
პასუხი: ღირს მამა არსენს არ უყვარდა, როცა რჩევისთვის მომსვლელი ზედმეტი დროით რჩებოდა მასთან. ის ამბობდა: საუბრის დასაწყისში მას ვუყურებ, როგორც ანგელოზს. ბოლოს, როცა წასვლას აგვიანებს, როგორც მაცდურს.
კითხვა: როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეთ მიწიერსა და ზეციურ საზრუნავთა მიმართ?
პასუხი: უფალს ნებავს, რომ სულელნი ვიყოთ მიწიერ საზრუნავთა მიმართ და ბრძენნი – ზეციურ საზრუნავთა მიმართ (წმიდა ათანასე დიდი).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან