მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 24.08, 2024 წელი
კითხვა: როდის არ არის ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეები?
პასუხი: ოთხშაბათსა და პარასკევს არ ვმარხულბთ მეზვერესა და ფარისევლის კვირაში (დიდი, სააღდგომო მარხვის დაწყების წინ); ქრისტეს აღდგომის შემდგომ ბრწყინვალე შვიდეულში (კვირაში), სულთმოფენობის მომდევნო კვირაში და ქრისტეშობიდან 18 იანვრის ჩათვლით.
კითხვა: როდის დაწესდა მარხვა და როგორ იცავდნენ მას წინათ?
პასუხი: ეკლესიის მამების გადმოცემით, მარხვა ჯერ კიდევ სამოთხეში იყო დაწესებული, როდესაც უფალმა ადამს აუკრძალა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან ნაყოფის ჭამა. ძველ აღთქმაში მარხვის მრავალი მაგალითია მოყვანილი. დავითი ფსალმუნებში არაერთხელ იმეორებს, რომ ის ხშირად ათანხმებდა ერთმანეთთან ლოცვასა და მარხვას და თავის სულს უფლის წინაშე მარხვით იმდაბლებდა. მოსეს დადგინებით, განწმენდის დღე მარხვასთან იყო დაკავშირებული. თვით მაცხოვარმა, სანამ ხალხის დამოძღვრას დაიწყებდა, აკურთხა მარხვა თავისი ორმოცდღიანი მარხულობით უდაბნოში. წმიდა მოციქულთა საქმენიც მრავალ მაგალითს გვთავაზობენ მარხვის მკაცრად დაცვისას პირველი ქრისტიანებისგან.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ღმერთს ვთხოვო, რომ დასაჯოს ჩემი შეურაცხმყოფელები?
პასუხი: უფალს ნუ შესთხოვთ შეურაცხმყოფელების დასჯას. ნუ ისურვებთ სხვისთვის იმას, რასაც საკუთარი თავისთვის არ ისურვებდით. თუ გაწყენინეს, მიენდეთ უფლის ბრძნულ განგებულებას – მან უკეთ უწყის, როგორ მიაგოს მაწყენინებლებს.
კითხვა: თითქმის ყოველ ღამით სიზმარში ვხედავ ეკლესიას, ხატებს, სანთლებს. რაზე უნდა მიანიშნებდეს ჩემი სიზმრები?
პასუხი: წმიდა მამები გვირჩევენ, სიფრთხილით მოვეკიდოთ სიზმრებს. შესაძლოა, ეს არის მინიშნება, რომ იცხოვროთ ეკლესიურად, მიბრძანდეთ ტაძარში, თქვით აღსარება და ეზიაროთ.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, რომელიც თითქმის ყოველ ღამე სიზმარში ნახულობს გარდაცვლილ ახლობლებს?
პასუხი: ქრისტიანმა ადამიანმა ეს უნდა მიიღოს, როგორც შეხსენება, მეტი გულმოდგინებით ილოცოს გარდაცვლილთა სულებისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან