მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 09.08, 2024 წელი
კითხვა: იხდიან თუ არა მორწმუნე ადამიანები თავიანთ დაბადების დღეს?
პასუხი: მართლმადიდებლური წესით, მორწმუნე ადამიანები საკუთარ დაბადების დღეს დიდი ზეიმითა და პომპეზურად არ იხდიან. ისინი დღესასწაულობენ თავისი ზეციური მფარველის – მოსახელე წმიდანის მოხსენების დღეს.
კითხვა: რატომ არ ცნობს ქრისტიანული ეკლესია რეინკარნაციას, სხვა რელიგიების მსგავსად?
პასუხი: რეინკარნაციას მართლმადიდებლობა არ ცნობს, რადგან ადამიანი ერთხელ იბადება და არასდროს განმეორდება. ის ღვთის ხატია და თავის ხატად და მსგავსად, უფალმა მხოლოდ ერთხელ შექმნა. ადამიანი გარდაიცვლება, მაგრამ არსებობას არ ამთავრებს. მეორედ მოსვლისას აღდგება თავისივე სხეულით, ისეთივე, როგორიც იყო, მაგრამ უხრწნელი ხორცით.
კითხვა: მინდა, მოძღვარმა ჩემი ახლობლები ლოცვებში მოიხსენიოს, რა გავაკეთო ამისთვის?
პასუხი: თუ თქვენ კონკრეტული დღის ლოცვებში გსურთ ახლობლების მოხსენიება, წირვის წინ საკურთხეველში ცალკე ცოცხლებისა და ცალკე მიცვალებულებისთვის სეფისკვერი უნდა შეგზავნოთ. შესაბამისად, მათი სახელებიც ფურცელზე ცალ-ცალკე უნდა ჩამოწეროთ. სასურველია, ამ ადამიანების სახელზე მოწყალებაც გაიღოთ.
კითხვა: როდის არის მრისხანება მართებული?
პასუხი: მრისხანება მართებულია იმ შემთხვევაში, თუ ის მიმართულია ცოდვისკენ – რჯულის დარღვევის, დანაშაულის წინააღმდეგ და ბუნებრივად გამოიწვევა ჩვენში, უპირველესად, როგორც უფლის დიდებისადმი მოშურნეობის ნაყოფი, რასაც თან ახლავს არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ სიყვარული და მოყვასისადმი თანაგრძნობა და აქვს ერთადერთი მიზანი – ცოდვილის ხსნა.
კითხვა: როგორ უნდა მივხვდეთ, რომ უფალმა ჩვენი ყოველი ჩანაფიქრი იცის და არცერთი ჩვენი განზრახვა არ გამოეპარება?
პასუხი: ის ფაქტი, რომ ყოვლისმცოდნე უფალმა უწყის ყოველივე ჩვენი განაზრახი, ჩვენივე საკუთარი სინდისით დასტურდება. როცა სასიკეთო საქმეს ჩავდივართ, სიმშვიდე და სიხარული გვეულება. ხოლო, როდესაც რაიმე უკეთურს ჩავიდენთ, მოვიწყენთ ხოლმე, სინდისის ქენჯნას ვგრძნობთ, იმის გამო, რომ უფლის მცნებებს გადავუხვიეთ და სასჯელს ვერ ავცდებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან