მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 13.07
კითხვა: როდის გვესხმის თავს ყველაზე აქტიურად ბოროტი ძალა?
პასუხი: ეს ხდება წმიდა საიდუმლოთა მიღების შემდეგ, გულითადი ლოცვის შემდეგ. ასევე, განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა ვიყოთ სარგო საქმის გაკეთების შემდეგ, რადგან ამ დროს ეშმაკი ჩვენ მიმართ შურითა და ბოროტებით არის სავსე.
კითხვა: მოძღვარი არ მყავს, მაგრამ აღსარების თქმა მინდა. შეიძლება თუ არა, ამისთვის ნებისმიერ მღვდელს მივმართო თუ აუცილებელია, მოძღვარი მყავდეს?
პასუხი: ყველა მღვდელს აქვს მიცემული სამღვდელო მსახურების მადლი, მაგრამ მოძღვრად ადამიანი ირჩევს მღვდელს, რომელსაც ნდობას გამოუცხადებს და მისგან იღებს სულის მხსნელ რჩევა-დარიგებებს. ასეთი ადამიანი კი არ შეიძლება, ნებისმიერი მღვდელი იყოს. აღსარებაზე უარს არცერთი მღვდელი არ გეტყვით, მაგრამ სამომავლოდ უნდა იზრუნოთ, რათა გყავდეთ თქვენი მოძღვარი, რომელიც ყოველთვის მოგცემთ სასარგებლო რჩევა-დარიგებას.
კითხვა: რატომ არის ცოდვა, თუ არ მინდა იმ ადამიანს ვეკონტაქტო, ვინც ტკივილი მომაყენა?
პასუხი: „მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“ – ეს იმას ნიშნავს, რომ უფალს ვთხოვთ: როგორც ჩვენ ვაპატიებთ სხვებს ცოდვებს, ისე გვაპატიე ჩვენცო. ზიარება არის უფლის უდიდესი სიწმიდე და როცა ამ სიწმიდეს ვეხებით, ჩვენში შემოდის ქრისტე. მომდურავ და მძულვარე გულში ქრისტე ვერ შემოვა. ყველანი ცოდვილები ვართ ქრისტეს წინაშე. ამიტომ მომდურების დროს ზიარება, კურნების ნაცვლად, შეიძლება, სასჯელად გვექცეს.
კითხვა: რატომ არის პეტრეპავლობის მარხვა სხვადასხვა ხანგრძლივობის?
პასუხი: იმიტომ, რომ ის დამოკიდებულია აღდგომის თარიღზე და რადგან აღდგომა მოძრავი დღესასწაულია, შესაბამისად, პეტრეპავლობის მარხვაც სხვადასხვა დროს იწყება და ხსნილდება პეტრეპავლობას – 12 ივლისს. რაც შეეხება პეტრეპავლობის მარხვის დასაწყისს, ის იწყება სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ, ორშაბათს. სულთმოფენობა კი იზეიმება აღდგომიდან 50-ე დღეს, ხოლო ამის შემდეგ, მეორე ორშაბათს იწყება პეტრეპავლობის მარხვა. შესაბამისად, შესაძლებელია, პეტრეპავლობის მარხვა იყოს 9 დღიდან თვენახევრამდე.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ვართ და აღარ ვიცით, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება?
პასუხი: უპირველეს ყოვლისა, უნდა დავდგეთ ლოცვად და უფალს ვთხოვოთ, გვაპოვნინოს გამოსავალი. მეორეც, ვიკითხოთ წმიდა წერილი და წმიდა მამათა წიგნები, რომლებიც ხშირად მიგივითითებენ გამოსავალზე სხვადასხვა გამოუვალი მდგომარეობიდან. მესამეც – წავიდეთ აღსარებაზე და ვთხოვოთ მოძღვარს რჩევა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან