რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№5

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 09.03

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ ორსულად. არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვართ ეკლესიურები და არ დავდივართ ტაძარში. ხომ არ ვცოდავთ ამით და ბავშვზე ხომ არ იმოქმედებს ეს?

პასუხი: რადგან ამ კითხვას სვამთ, ჩანს, რომ ფიქრობთ ამ თემაზე და გაწუხებთ. ეს კარგია. თქვენ უფალმა დედობის სიხარულით დაგაჯილდოვათ და თუ აქამდე არ დადიოდით ტაძარში, ახლა აუცილებლად უნდა იაროთ. თუკი თქვენ ქრისტეს ხორცსა და სისხლს ეზიარებით, მისი მადლი თქვენს პატარასაც გადაეცემა და უფრო ჯანმრთელი დაიბადება. ფეხმძიმეებს ეკლესია მარხვას უმსუბუქებს. მათ შეუძლიათ, შესაძლებლობის მიხედვით, ყოველ კვირას ეზიარონ.

კითხვა: მეუღლე გარდამეცვალა და მინდა, რომ მეორედ დავქორწინდე. შვილები წინააღმდეგნი არიან. როგორ მოვიქცე?

პასუხი: როგორც ჩანს, თქვენს შვილებს აქვთ გარკვეული მიზეზი, რატომაც ეწინააღმდეგებიან თქვენს მეორედ დაქორწინებას. გულღიად დაელაპარაკეთ მათ ამ საკითხზე. გაუმხილეთ თქვენი სურვილი, მოისმინეთ მათი აზრიც და გადაწყვეტილება ერთმანეთის პატივისცემით მიიღეთ. მეორედ დაქორწინება, მით უმეტეს, თუ პირველი მეუღლე გარდაგეცვალათ, ეკლესიურად გამართლებულია.

კითხვა: მარხვის გარდა, კიდევ რომელ დღეებში არ შეიძლება ჯვრისწერა?

პასუხი: საეკლესიო კანონიკით, ჯვრისწერა გარდა სამარხვო დღეებისა, არ შეიძლება აღსრულდეს აღდგომის შემდგომ ერთი კვირის, ბრწყინვალე შვიდეულისა და შობის მარხვის მომდევნო კვირაში.

კითხვა: რას ნიშნავს „შთაფვლა“? ეს იგივეა, რაც ნათლობა? „შთაფვლის“ გარეშე არ სრულდება ნათლობა?

პასუხი: „შთაფვლა“ ნათლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მოსანათლის შთაფვლა ნიშნავს მის სიკვდილს ხორციელი, ცოდვიანი ცხოვრებისთვის და მარადიული, სულიერი ცხოვრებისთვის დაბადებას. შთაფვლის გარდა ნათლობის დროს დასაშვებია მონათვლა სხურებითაც, რაც სიმბოლურად ადამიანისგან ცოდვების დახსნას მიგვანიშნებს. სხურებით ნათლობაც წმინდა ნათლისღების ერთ-ერთი უძველესი წესია.

კითხვა: მართლმადიდებლური სარწმუნოება კათოლიკეებს მწვალებლებად მიიჩნევს. თუ ასეა, რატომ გვყავს საერთო წმინდანები მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს?

პასუხი: მეცამეტე საუკუნემდე, ანუ იმ დრომდე, სანამ კათოლიკეები დედაეკლესიას განუდგებოდნენ, ჩვენ საერთო წმინდანები გვყავდა. ამ წმინდანებს ისინიც მოიხსენიებენ და ჩვენც ვევედრებით. ასევე, ბევრი წმინდა ტაძარი და წამებულთა ნაწილები დარჩა კათოლიკეთა საკუთრებაში.

კითხვა: როგორ დავიცვათ თავი სექტანტთა ქადაგებისგან?

პასუხი: სექტანტებისგან დამცავი ეკლესიური ცხოვრება და მართლმადიდებლობის ღრმა ცოდნაა. ამისთვის საჭიროა, იაროთ ეკლესიაში და გყავდეთ მოძღვარი, რომელიც გასწავლით გზას, როგორ დაიცვათ თავი არა მარტო სექტანტებისგან, არამედ ყოველივე უკეთურისგან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული