რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№2

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 20.01

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: შეიძლება თუ არა, რჩევა-დარიგება ნებისმიერ მოძღვარს ვთხოვოთ?

პასუხი: წმინდა ანტონი დიდი გვირჩევდა, ჯერ დავრწმუნებულიყავით სასულიერო პირის გამოცდილებასა და მართალაზროვნებაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიგვეპყრო სმენა მისი სიტყვებისთვის და მორჩილად შეგვესრულებინა ჩვენთვის ნათქვამი რჩევა-დარიგება. ამის მანიშნებელი კი იქნება მოძღვრის სიტყვების თანხვედრა უფლის სიტყვასთან, როგორც ამას წმინდა მამები განგვიმარტავენ.

კითხვა: ჩემი აზრით, დღევანდელ ეკლესიაში არ არიან ჭეშმარიტი ქრისტესმიერი მოძღვრები, ამიტომ ჩემი მოძღვარი და დამრიგებელი მხოლოდ იესო ქრისტეა. ვცოდავ ამით?

პასუხი: თქვენი კითხვიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ მეტად უნდა მიმართოთ ქრისტიანულ სიმდაბლეს. ღვთის მადლით, დღევანდელ ეკლესიაში საკმაოდ არიან პატიოსანი და თავდადებული მოძღვრები, რომლებსაც შეგიძლიათ, გაანდოთ თქვენი ცოდვები და მიიღოთ კეთილი რჩევა. ხოლო ვიდრე მოძღვარს არ ეტყვით აღსარებას და არ მიიღებთ შენდობას, თქვენი ცოდვები მიტევებულად არ ჩაგეთვლებათ.

კითხვა: მხოლოდ ჩადენილი ცოდვები უნდა მოვინანიოთ?

პასუხი: იმ შემთხვევაშიც გმართებთ სინანული, თუ, მაგალითად, ესა თუ ის კეთილი საქმე არ მოიმოქმედეთ ან სხვებმა ამა თუ იმ კეთილი საქმის კეთება თქვენი მიზეზით ვერ შეძლეს. მოციქულის სიტყვით, „რომელმან იცოდის კეთილი საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა“.

კითხვა: გთხოვთ, აგვიხსნათ, შობა უფრო დიდი დღესასწაულია თუ აღდგომა?

პასუხი: მართლმადიდებლებისთვის ყველაზე აღმატებულად მიიჩნევა აღდგომის დღესასწაული. ის სხვა თორმეტ საუფლო დიდ დღესასწაულზე მაღლა დგას და ამიტომაც ვუწოდებთ ბრწყინვალეს. „სიკვდილისა სიკვდილით დათრგუნვით“ უფალმა ყოველი ჩვენგანი მარადიული გახადა. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ყოველი ქრისტიანის აღდგომის სიმბოლოც არის. ასე რომ, აღდგომის დღესასწაული თავისი მნიშვნელობით შეუდარებელია. რაც შეეხება შობას, ეს ერთ-ერთი დიდი საუფლო დღესასწაულია – თორმეტთაგანი და ქრისტიანებს ეს დღე განსაკუთრებით უყვართ და აღნიშნავენ.

კითხვა: რით დასტურდება, რომ უფალმა იცის ყოველი ჩვენი ჩანაფიქრის შესახებ?

პასუხი: ყოვლისმცოდნე უფალმა რომ ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ, ჩვენივე სინდისით დასტურდება. ამიტომაა, როდესაც კეთილ საქმეს ჩავდივართ, სიმშვიდე და სიხარული გვეუფლება, ხოლო როდესაც უკეთურებას ჩავიდენთ, მოვიწყენთ ხოლმე – ვგრძნობთ სინდისის ქენჯნას იმის გამო, რომ უფლის მცნებებს გადავუხვიეთ და ამ დანაშაულისთვის სასჯელს ვერ ავცდებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული