რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№1

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 20.01

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: მალევე უნდა მოვინანიოთ თუ არა ჩადენილი ცოდვა თუ დაველოდოთ მარხვის დაწყებას?

პასუხი: ჩადენილი ცოდვა, რომელიც ადამიანს ამძიმებს, რა თქმა უნდა, მალევე უნდა მოინანიოს, ამის გარეშე თვითონაც ცუდად იგრძნობს თავს, რადგან ჩადენილ ცოდვაზე ფიქრმა შესაძლოა, ის სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს. გარდა ამისა, ცოდვა გვაშორებს უფლის მადლს და ყოველი სინანულისგან განუწმენდელი ცოდვა, საკუთარი ტვირთის სიმძიმით სხვა ცოდვას იწვევს.

კითხვა: „ლოცვანში“ დაბეჭდილია მრავალ ლოცვა, რომელთაგან ზოგიერთი ზეპირად ვიცი, ზოგსაც ვკითხულობ, მაგრამ ზოგჯერ ჩემი სიტყვებით მივმართავ ღმერთს. რამდენად სწორად ვიქცევი, მიუღებელი ხომ არ არის უფლისთვის ჩემი საქციელი?

პასუხი: თქვენ შეგიძლიათ, ილოცოთ როგორც დაკანონებული ლოცვებით, ისე თქვენი სიტყვებითაც. ზოგჯერ, თუ გული გთხოვთ საკუთარი სიტყვებით მიმართვას უფლისადმი, ასეთი ლოცვა სწორედ რომ, შეუცვლელია!

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც ლოცვის დროს უარყოფითი აზრები თავს არ ანებებს?

პასუხი: ეკლესიის მამები ასეთ შემთხვევაში ორგვარ რჩევას იძლევიან: ა) არ შეწყვიტოთ ლოცვა და მთელი გულისყურით ჩაუღრმავდით მას; ბ) შეწყვიტეთ ლოცვა, მოიკრიბეთ ნებისყოფა, შეევედრეთ უფალს, რომ განგარიდოთ უსიამოვნო აზრები და მცირე ხნის შემდეგ განაგრძეთ ლოცვა.

კითხვა: მოგვეკითხება თუ არა ის ცოდვები განკითხვის ჟამს, რომელსაც აღსარებაზე ვამბობთ?

პასუხი: ცოდვები, რომელსაც აღსარებაზე ჭეშმარიტი სინანულით ამბობთ და ყოველ ქმედებას მიმართავთ მათ აღმოსაფხვრელად, არ მოგეკითხებათ, მაგრამ უფალი თავად განსჯის, როდის არის მონანიება გულწრფელი, როდის განიცდით და იტანჯებით ჩადენილი უკეთური ქმედების გამო. სამწუხაროდ, არის ისეთი ცოდვები, რომელსაც ადამიანი გამუდმებით სჩადის და ყოველ აღსარებაზე ინანიებს. თუკი სინანული გულწრფელია, მრავალჯერ აღსარების თქმა ცოდვასთან გამუდმებით ბრძოლას ნიშნავს და ჩანს, რომ ადამიანი მიილტვის განწმენდისკენ და ამას უფალი ხედავს.

კითხვა: დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი მოზარდი შვილი დიდ დროს ატარებდეს ეკლესიაში, ისწავლოს ლოცვები, ფსალმუნები, ახლოს გაეცნოს ეკლესიურ ცხოვრებას. როგორ მივაღწიო ამას?

პასუხი: მოზარდმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მხოლოდ თქვენი სურვილი არ არის საკმარისი. ეკლესიური ცხოვრების სურვილი ადამიანს თავად უნდა გაუჩნდეს. ამისთვის ყველაზე კარგი იქნება თქვენი მაგალითი. ეცადეთ, თავად იცხოვროთ ისე, რომ თქვენს შვილსაც მოუნდეს ასე ცხოვრება. ნუ დააძალებთ. იყავით მშვიდი და მოსიყვარულე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული