რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№47

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 02.12, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორც გავიგე, სამშობლოს დაცვის დროს მტრის მოკვლა ცოდვად არ მიიჩნევა, რა განაპირობებს ამას?

პასუხი: სამშობლოს უფალი გვაძლევს. მისი სამსახური ყოველგვარ საკუთარ ამბიციაზე მაღლა უნდა იდგეს. როცა ადამიანი ომში ქვეყნის დასაცავად მიდის და არა პირადი ამბიციური ინტერესით, როცა კაცის კვლა გაბოროტებული სულის მოთხოვნილება კი არა, იძულებითი ქმედებაა, როცა თავს მოყვასსა და მამულს სწირავს ადამიანი, ეს უკვე ქრისტიანული სათნოებაა. ამიტომაც ეკლესია სამშობლოს დაცვისას მეომრისგან ადამიანის იძულებით მოკვლის ცოდვას თავის თავზე იღებს და შესთხოვს უფალს, ეს ცოდვა შენდობილი იყოს.

კითხვა: ჩადენილი მაქვს მძიმე ცოდვა, რაც მოძღვართან ვთქვი და მოვინანიე, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც არ მასვენებს და მაწუხებს. როგორ გავთავისუფლდე ამისგან?

პასუხი: თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ უფალი კაცთმოყვარეა და ადამიანს ყოველივეს მიუტევებს, რასაც ის გულწრფელად მოინანიებს. დაფიქრდით იმის შესახებ, ნამდვილად გულწრფელი იყო თუ არა თქვენი სინანული, რადგან თუ სინანული გულწრფელია, მას აუცილებლად უნდა ჩაენაცვლოს იმედი, რომ თქვენ ამ ცოდვისგან ნამდვილად თავისუფალი ხართ. ეს სულიერად ახალ დაბადებას ნიშნავს. თუ ეს ასე არ არის და უიმედობაში ჩავარდებით, ეს უკვე ახალი, ურწმუნობის, სასოწარკვეთის ცოდვაა. ამავე დროს თქვენ სჩადიხართ ამპარტავნების ცოდვას, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენს ადამიანურ განწყობებს კაცთმოყვარე უფლის მიტევებაზე მაღლა აყენებთ. ამიტომ უნდა მოინანიოთ ეს ცოდვები და ისევ სთხოვოთ უფალს, რომ გული სიმძიმისგან გაგითავისუფლოთ.

კითხვა: ლოცვის დროს, როდესაც უფალს მივმართავთ, რომელი გვყავს მხედველობაში: მამა, ძე თუ სულიწმიდა?

პასუხი: მამა, ძე და სულიწმიდა განუყოფელი და ერთიანია. ამიტომ მოვიხსენიებთ ლოცვებში ერთარსად და როდესაც მას მივმართავთ, ვგულისხმობთ სამივეს: მამას, ძეს და სულიწმიდას.

კითხვა: როდის არ შეისმენს უფალი ჩვენს ლოცვას?

პასუხი: ლოცვას არ აქვს ფასი, როდესაც ის გულწრფელად არ მიემართება უფლისკენ ან უგულისყუროდ არის წარმოთქმული. თავად მაცხოვარი ბრძანებს ასეთ მლოცველთა შესახებ: „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან“.

კითხვა: არის თუ არა მომავალი მეუღლეების ქორწინებამდე ინტიმური კავშირი ცოდვა?

პასუხი: ქორწინებამდე ინტიმური კავშირი ცოდვაა. ეს კავშირი იკურთხება ჯვრისწერის საიდუმლოს მესამე ნაწილის ჩატარებისას – გვირგვინის გახსნის შემდეგ ცოლ-ქმარს ეძლევა სარეცლის გაზიარების უფლება.

კითხვა: როდესაც „ფსალმუნებს“ ვკითხულობთ, იქ იხსენებიან მტრები. ვინ იგულისხმება მათში?

პასუხი: მათში უნდა ვიგულისხმოთ უხილავი მტრები – მზაკვარი, ბოროტი სულები, რომლებიც ცოდვებისკენ გვიბიძგებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული