რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№46

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 25.11, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რა უნდა გავითვალისწინოთ აღსარების დროს?

პასუხი: ერიდეთ აღსარების დროს ასეთი გამოთქმების ხმარებას: „მტერმა მაცდუნა“, „სუსტი ვარ“, „უღონო ვარ“, „ვერ ვიოკებ თავს“, „ეკლესიაში ვერ დავდივარ, რადგან ფეხები მტკივა“... ასეთი სახის თავის მართლება ცოდვაა, რადგან ამით ვცდილობთ საკუთარი ცოდვების შემსუბუქებას. თავის მართლებას შთაგვაგონებს ეშმაკი. ერთხელ პიმენ დიდს ჰკითხეს: რა არის ყველაზე საძაგელი უფლის წინაშე? წმინდანმა უპასუხა: „როდესაც ადამიანი თავს იმართლებს“.

კითხვა: სადღაც წავიკითხე, რომ ავადმყოფობა ცოდვისგან ჩნდება. თუმცა, წამალი ხომ ცოდვის აღმოფხვრისა და სინანულის გარეშეც კურნავს ავადმყოფს. რატომ?

პასუხი: ავადმყოფობა რომ ცოდვის შედეგი იყოს, ყველა წმინდანი სრულიად ჯანმრთელი და ათლეტური აღნაგობის იქნებოდა. ავადმყოფობა შეიძლება, თვით ღირს მამებსაც მოევლინოთ, როგორც გამოცდა. მართალია, ავადმყოფობაც და სიკვდილიც ჩენს სამყაროში ცოდვის შედეგად შემოვიდნენ, მაგრამ ასეთი დასკვნის გაკეთება, რომ ავად გავხდი, რადგან ახლობელს წავეჩხუბე, არასწორია. ავადმყოფობა რომ მონანიებით იკურნებოდეს, ადამიანები მოინანიებდნენ ცოდვებს არა სულის ხსნისთვის, არამედ ავადმყოფობისგან თავდასახსნელად. ავადმყოფობის დროს უფალს განკურნება უნდა ვთხოვოთ და ამავე დროს გონივრულად გამოვიყენოთ მედიცინის მიერ შემოთავაზებული საშუალებები.

კითხვა: რომელი წმინდანი მიიჩნევა ჩვენს მფარველად და როგორ მოვიხსენიოთ ის მფარველი წმინდისადმი აღვლენილ ლოცვაში?

პასუხი: ამ ლოცვაში მოიხსენიება წმინდანი, ვისი სახელიც თქვენ გაქვთ. თქვენ მფარველი წმინდანი გყავთ მაშინაც, თუ არ ატარებთ რომელიმე ცნობილი მოწამის ფართოდ გავრცელებულ სახელს – ნებისმიერი ქართული, ქრისტიანული სახელი განწმენდილია იმ ასი ათასი ქართველ მოწამეთა სისხლით, რომელიც ჯალალედინმა ქრისტიანობის ერთგულების გამო ამოხოცა თბილისში. ამრიგად, მფარველი წმინდანის მოხსენიებისას უნდა წარმოვთქვათ საკუთარი სახელი და ასე შესთხოვოთ მფარველობა იმ წმინდანს, ვისი სახელიც გაქვთ. იმ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ადამიანს არ ჰქვია ქრისტიანული სახელი, ნათლობის დროს მოძღვარი შეურჩევს ეკლესიურ სახელს.

კითხვა: ხშირად, როდესაც ადამიანი უკეთურ საქციელს სჩადის, მას გულწრფელად სჯერა, რომ არაფერს აშავებს და ვერაფრით არწმუნებ საპირისპიროში. რატომ არის რთული საკუთარი ცოდვის დანახვა?

პასუხი: ადამიანის ბუნება დასაბამიდან დამძიმდა ცოდვებით და შემდგომ კიდევ ხდებოდა ცოდვათა დაგროვება. ამიტომ ადამიანი ადვილად მიიდრიკება ცოდვებისკენ. თუმცა, შეიძლება, ის დაშორდეს ამ თანდაყოლილ და შეძენილ ცოდვებს, თუკი უფალთან მიახლოებას დაიწყებს, ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგება და უფლის თვალით შეხედავს საკუთარ თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი ვერ ამჩნევს თავის ცოდვებს, უჭირს მათი აღიარება და ცოდვებში ეფლობა. უფალი მაინც გვაძლევს საშუალებას, მოვინანიოთ ცოდვები და განწმენდილი სულით მივეახლოთ მას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული