მიცვალებულთა აღდგომა
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 28.04, 2023 წელი
იესო ქრისტეს აღდგომა ჩვენი მომავალი აღდგომის სახეც არის და ჩვენ აღვდგებით მესამე დღეს, ანუ ჩვენი არსებობის მესამე ეტაპზე.
* * *
ამჟამინდელი ჩვენი ცხოვრება არის სამწუხარო, სადაგი დღეები – დრო შეჭირვებისა და შრომისა, ვიდრე განსვენების დღემდე; სიკვდილი – ჩვენი შაბათია, რომლის დროსაც მიწის წიაღში ვიქნებით განსვენებულნი; ხოლო კვირას დადგება ჩვენთვის დღე აღდგომისა – პასექი სამარადისო!
* * *
კაცობრიობისთვის სირცხვილია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ოცნებობენ, სხვებზე ჭკვიანები იყვნენ და იმ მატლზე უგუნურები არიან, რომელიც სიკვდილის მოლოდინში საკუთარი თავისთვის ქსელის ან ბეწვის კუბოს იმზადებს არა იმისთვის, რომ მასში გაქრეს, არამედ იმისთვის, რომ შიგ მატლის მიწიერი ცხოვრება ჩადოს და აღდგეს პეპლის ჰაეროვანი სიცოცხლით.
* * *
იკითხავ: „როგორ ხდება, რომ დარღვეული ბუნება კვლავ იმად იქცევა, რაც იყო?“ საკუთარი თავი თვითონ განსაჯე და ნახავ, რომ ეს სარწმუნოა: დაფიქრდი, რა იყავი მანამდე, ვიდრე არსებობას მიიღებდი? რა თქმა უნდა – არავინ! თუკი შესაძლოა, რომ გახდე ის, რაც არასოდეს ყოფილხარ, მით უმეტეს, შესაძლებელია, ის გახდე რაც ოდესღაც უკვე იყავი!
* * *
შექმნა აღდგომაზე მიუწვდომელია, იმიტომ, რომ სულაც არ არის ერთი და იგივე, ჩამქრალ სანთელს აანთებ თუ ცეცხლს გააჩენ იქ, სადაც ის ადრე არასოდეს ყოფილა; ერთი და იგივე არ არის: დანგრეულ სახლს აღადგენ თუ ახალს ააშენებ. აქ, ბოლოს და ბოლოს, მზა მასალა მაინც არსებობს, იქ კი ეს მასალაც არ არის.
* * *
ჩვენი სხეულის არცერთი ნაწილი, როგორც არ უნდა გაიბნეს ისინი, თუნდაც სრულიად გაიხრწნას ან ერთიანად დაიჭრას, ღვთისთვის არ კვდება, ისინი, იმავე სტიქიად გარდაიქმნებიან, რომლიდანაც ღვთის ხელმა აიღო.
* * *
ღვთისთვის გაცილებით ადვილია მიწის პირზე გაბნეული ადამიანის სხეულის ფერფლის შეკრება, ვიდრე ჩვენთვის ოთახში დაკიდებული კაბის ჩამოხსნა.
* * *
რატომ აისახება მძიმე დარდი უკურნებელი ავადმყოფების სახეებზე განახლებული ბუნების დანახვისას?! – ის აწუხებთ, რომ ირგვლივ მხიარულება და სიცოცხლეა, ხოლო, გულში – მწუხარება და სიკვდილი. აი, სწორედ ეს არის ცოდვილის მდგომარეობის სახე საყოველთაო აღდგომისას. რა სამწუხაროა! დროული სინანულით ვუწამლოთ საკუთარ თავს, თუ არა და, მოვა გაზაფხული და ვაი ჩვენ, თუ მას სასიკვდილო შინაგანი წყლულით დავხვდებით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან