რელიგია

მემთვრალეობისგან თავშეკავებისთვის

№48

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

რელიგია
დაკოპირებულია

თავი შევიკავოთ მემთვრალეობისგან, მაგრამ როდი ვამბობ, თავი შევიკავოთ ღვინისგან, არამედ თავშეკავება გვმართებს მემთვრალეობისგან. 

ღვინისგან არ მომდინარეობს მემთვრალეობა, რამეთუ ღვინო ღვთის ქმნილებაა, ხოლო ღვთის ქმნილება არანაირ ზიანს არ მოგიტანთ, არამედ მანკიერი ნებელობა წარმოშობს სიმთვრალეს. და რომ სხვაგვარადაც შეიძლება დათრობა, არა მხოლოდ ღვინით. უსმინე, რას ამბობს პავლე მოციქული: „ნუ დაითვრებით ღვინითა, – გამოხატავს რა, რომ შესაძლებელია დათრობა სხვაგვარადაც, – რომელთა არს სიბილწე“ (ეფესელთა 5,18). გასაკვირად მოკლე სიტყვით გამოხატა მან მემთვრალეობის მთელი გაკიცხვა. რას ნიშნავს: „ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე“ მემრუშეებს (ბილწთ) ჩვენ იმ ახალგაზრდებს ვუწოდებთ, რომელნიც მიიღებენ რა მამის მემკვიდრეობას, ყველაფერს უცბად, დაუფიქრებლად ფლანგავენ, ვის რა მისცენ და როდის მისცენ განურჩევლად. ტანსაცმელსაც, ოქროსაც, ვერცხლსაც, მამის ნაანდერძევს კი მეძავებსა და გარყვნილებს ახარჯავენ. ამგვარია სიმთვრალე: ეუფლება რა მემთვრალეთა გონებას, როგორც თითქოსდა გარყვნილ ახალგაზრდას და ატყვევებს რა მათ ჭკვას, აიძულებს მათ აზრთა მთელი მარაგი წინდაუხედავად და სრულად დაუფიქრებლად გაანიავონ. მთვრალმა არ უწყის, რა თქვას და რაზე დადუმდეს, არამედ განუწყვეტლივ ღია აქვს პირი; არც კარი და არც ურდული არ აქვს მის ბაგეებს; მთვრალს არ შეუძლია, თავისი საუბარი კეთილგონიერად წარმართოს, არ იცის, აზრთა სიმდიდრე როგორ განკარგოს, არ იცის, რომ ერთი უნდა შემოინახოს, ხოლო მეორე – შეაკავოს, არამედ ყველაფერს ფლანგავს და ანთხევს. სიმთვრალე – ესაა ნებაყოფლობითი სიშმაგე, დამხობა აზრების; სიმთვრალე უბედურებაა, ღირსი სიცილისა, ავადმყოფობა – ღირსი დაცინვისა, ნებაყოფლობითი ეშმაკეულობა; იგი შეშლილობაზე უარესია. გინდა, იცოდე, როგორაა მთვრალი თვით ეშმაკეულზე უარესიც? ეშმაკეული ყველას გვებრალება, მთვრალისგან კი პირს ვიბრუნებთ. იმას თანავუგრძნობთ, ამაზე კი მრისხანება გვერევა და ვდრტვინავთ. რატომ? იმიტომ, რომ იმას ავადმყოფობა უბედურებისგან აქვს, ამას კი – უზრუნველობისგან; მას მტრების ბოროტგანზრახულობისგან, ამას კი უგუნურ აზრთა წყობისგან; მაგრამ მთვრალი იმავეს განიცდის, რასაც ეშმაკეული: ისევე ბარბაცებს, ისეთივე სიშმაგე იპყრობს, იმგვარადვე ეცემა, ისევე ბლუტავს თვალებს, მიწაზე დავარდნილი, იმგვარადვე იკლაკნება და პირიდან დუჟი სდის, ბინძურ ნახველს იხრინწება და პირიდან აუტანელი სიმყრალე ამოსდის. ასეთი ადამიანი მეგობრებისთვის არ არის სასურველი, სასაცილოა მტრებისთვის, სიძულველი – მსახურებისთვის, აუტანელი – ცოლისთვის, მიუღებელია ყველასთვის, საძულველი, თვით პირუტყვზე მეტად. პირუტყვი მანამ სვამს, ვიდრე წყურვილს მოიკლავდეს ან იფარგლება აუცილებელი მოთხოვნილებით; ეს კი თავისი თავშეუკავებლობის წადილს მოთხოვნილებას ამატებს და პირუტყვზე უგუნური ხდება... მთვრალი მკვდარზე უფრო საცოდავია. ის უგრძნობლად დევს და არ სჩადის არც სიკეთეს და არც ბოროტოებას; ამას კი ძალუძს ბოროტების ჩადენა და, გამოკეტილი ჰყავს რა სული სხეულში, როგორც კუბოში, დააქვს მკვდარივით გადაფითრებული სხეული. ხედავ განა, რამდენად უფრო საცოდავია იგი ეშმაკეულთან შედარებით, რამდენად უგრძნობელი – მკვდართან შედარებით? თუ გსურს, ყველაფერ ამაზე უფრო მნიშვნელოვან და შემაძრწუნებელ რასმე გეტყვი: მემთვრალე არასოდეს შევა ცათა სასუფეველში. ამას ვინ ამბობს? ნეტარი პავლე „არცა მპარავთა, არცა მემთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორინთელთა 6,10). ლოთზე უფრო საცოდავი ვინ შეიძლება იყოს. როდესაც უმნიშვნელო სიამოვნებისთვის ასეთი სასუფევლით დატკბობის საშუალებას კარგავს? უკეთ რომ ვთქვათ, მემთვრალეს სიამოვნების მიღებაც კი არ ძალუძს: რამეთუ სიამოვნება ზომიერებაშია, ხოლო უზომოებაში – უგრძნობლობა, ვინც ვერ გრძნობს, ზის თუ წევს, ის, როგორ იგრძნობს სიამოვნებას სასმლისგან? ვისაც მზის დანახვაც კი არ ძალუძს სიმთვრალის ხშირი ღრუბლის გამო, ის როგორ დატკბება სიხარულით?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი