რელიგია

მათთვის, ვინც ეკლესიაში მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე დადის

№43

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

რელიგია
დაკოპირებულია

დღეს თქვენ ყველა ხარობთ, ხოლო მე ერთი კი მოწყენილი ვარ, რამეთუ, როდესაც ვუმზერ ამ სულიერ ზღვას, ვხედავ ეკლესიის აურაცხელ სიმდიდრეს და შემდეგ ვფიქრობ, რომ დღესასწაულის ჩავლის მერე ეს სიმრავლე ისევ წავა ჩვენგან და გაიფანტება, გულის შემუსვრილებას ვეძლევი და სული მიწუხს, რომ ეკლესიას, რომელმაც ესეოდენი შვილები შვა, მათ მიერ ნუგეშის მიღება ყოველ შეკრებაზე კი არ შეუძლია, არამედ მხოლოდ დღესასწაულებზე.

რაოდენი სულიერი მხიარულებაა, როგორი სიხარული, რა დიდება ღვთისა, რაგვარი სარგებლობა სულისა იქნებოდა, თუკი ყოველ შეკრებაზე ტაძარი ასეთი სავსე იქნებოდა მაშინ, როცა მეზღვაურები და მესაჭენი ყველაფერს აკეთებენ, რათა ზღვა გადაცურონ და ნაპირს მიაღწიონ, ჩვენ გვსურს, განუწყვეტლივ ზღვაზე დავცურავდეთ, ცხოვრებისეულ საქმეთა ტალღებში ვეშვებოდეთ, მივმართავთ რა მოედნებსა და სასამართლოებს, აქ კი მთელი წლის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ შემოვდივართ. ან ეგებ არ იცით, რომ ღმერთმა ქალაქებში მოაწყო ეკლესიები, როგორც ზღვაზე ნავსადგურები, რათა ცხოვრებისეული მშფოთვარების ქარიშხლისგან აქ თავშეფარებულნი; უდიდესი სიმყუდროვით ვტკბებოდეთ? უეჭველად, აქ არ უნდა გვეშინოდეს არც ტალღების ბობოქრობისა, არც ავაზაკთა თავდასხმისა, არც ბოროტმოქმედთა შემოსევისა, არც განმძვინვარებული ქარებისა, არც ნადირთა სიავისა, რამეთუ ეს ნავთსაყუდარი თავისუფალია ყველაფერ ამისგან – იგი სულთა სულიერი ნავთსაყუდარია. და თქვენ თავადაც შეგიძლიათ, ნათქვამის ჭეშმარიტება დაადასტუროთ. თუკი რომელიმე თქვენგანი ამჟამად თავის სინდისს მიჰხედავდა, საკუთარ თავში უდიდეს სიმშვიდეს დაინახავდა; არც მრისხანება აღაშფოთებს, არც გულისთქმა აღანთებს, არც შური ღრღნის, არც ამპარტავნება ქედმაღლობს, არც პატივმოყვარეობა ჭამს, არამედ ყველა ეს მხეცი მოთვინიერებულია. ასე და ამგვარად, საღვთო წერილის მოსმენა, როგორც რომელიღაც საღვთო განსწავლებისა, სასმენელის გზით თითოეულის სულში აღწევს და აძინებს ამ უგუნურ ვნებებს. როგორ არ შეგებრალოს ისინი, ვისაც საშუალება აქვთ ამგვარი სიბრძნის მოყვარულობის შეძენისა, არცთუ ხშირად აკითხავენ და მოდიან თავიანთ საერთო დედასთან – ეკლესიასთან? ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა საქმიანობა შეგიძლია, დამისახელო? რა შეკრებაა უფრო მნიშვნელოვანი? და რა გაბრკოლებს აქ მოსასვლელად? შენ, რაღა თქმა უნდა, მეტყვი, რომ ხელმოკლეობაა ამ მშვენიერ შეკრებაზე შენი მოსვლის დამაბრკოლებელი; მაგრამ ეს უსაფუძვლო საბაბია. კვირაში შვიდი დღეა. ეს შვიდი დღე ღმერთმა ისე გადაანაწილა, რომ თავისთვის მეტი არ აიღო და ჩვენ ნაკლები არ მოგვცა და თანაბრადაც კი არ გაჰყო, თავისთვის სამი არ მიითვალა და შენ სამი არ მოგცა, არამედ შენ ექვსი დღე განგიჩინა, თავად კი მხოლოდ ერთი დაიტოვა. შენ კი, შენ, ამ ერთ დღესაც არ შეგიძლია ყოფითი საქმეებისგან თავშეკავება, მაგრამ როგორც სიწმიდეთმკრეხელები იქცევიან, ისევე კადნიერდები ამ დღეს მოექცე, იტაცებ რა და იყენებ მას ყოფითი საზრუნავებისთვის. მაშინ, როცა იგი ნაკურთხია და გამიზნული სულიერ სწავლებათა მოსასმენად. მაგრამ რა ვთქვა მთელ დღეზე? როგორც ქვრივი მოიქცა მოწყალებასთან დაკავშირებით (მარკოზი 12,42), შენც ისევე მოიქეცი ამ დღის დროსთან მიმართებაში: როგორც მან ორი მწვლილი დადო და ღვთისგან დიდი კურთხევა მოიპოვა, შენც ასევე ორი საათი მიუძვენი ღმერთს და სახლში აურაცხელ სიკეთეთა შენაძენს შეიტან. ხოლო თუ არ მოისურვებ, რაკი არ გინდა, დღის მონაკვეთში მიწიერი შენაძენისგან თავის შეკავება, წლების განმავლობაში ნაშრომ-ნაჯაფი არ დაკარგო. ღმერთს შეუძლია (როდესაც მას უგულებელსყოფენ) დაგროვილი სიმდიდრის მოსპობაც, როგორადაც, მაგალითად, იგი იუდეველებს ემუქრებოდა, როცა ტაძრის მიმართ მცონარობას იჩენდნენ: „რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც გავანიავებ, რატომ? – ამბობს უფალი, – იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ“ (ანგია 1,9). თუკი შენ ჩვენთან წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოდიხარ, რა აუცილებელი შეიძლება, შეგასწავლოთ სულზე, სხეულზე, უკვდავებაზე, ცათა სასუფეველზე, სასჯელზე, გეენიაზე, ღვთის სულგრძელებაზე, მიტევებაზე, ცოდვათაგან გახსნაზე, ზეციურ და მიწიერ ქმნილებებზე, ადამიანის ბუნებაზე, ანგელოსებზე ეშმაკთა მზაკვრობაზე, ეშმას მანქანებზე, ყოფაქცევაზე, დოგმატებზე, მართალ სარწმუნოებაზე, უკეთურ ერესებზე? ეს და ამაზე მეტი უნდა იცოდეს ქრისტიანმა და შემკითხველს ყველაფერ ამაზე უნდა უპასუხოს. თქვენ ყოველივე ზემოთ დასახელებული და უმნიშვნელოც კი არ იცით, მიდიხართ რა წელიწადში ერთხელ და ისიც გავლითა და დღესასწაულის ჩვეულებით და არა სულის ღვთისმოსავი განწყობით.

იოანე ოქროპირი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა