რელიგია

მამა გურამი: ქართველებს გრძნობების აყოლა გვჩვევია და ამიტომ ხშირად ჩამოვდივართ ჯვრიდან

№32

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 19.08, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

არა მხოლოდ ქრისტიანობა, ფსიქოლოგიაც, როგორც მეცნიერების დარგი, ამტკიცებს, რომ ნებისმიერი აგრესიის სათავე სიყვარულის ნაკლებობაა; ადამიანს მხოლოდ სიყვარული ათავისუფლებს, რაც მასაც ამშვიდებს და სხვებსაც. მაგრამ ადამიანებს, ძირითადად, ეგოისტურად გვიყვარს, რადგან, ვინც გვიყვარს, უნდა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს; მოიქცეს ისე, როგორც ჩვენ გვინდა, რომ მოიქცეს და დააფასოს ეს ჩვენი უკიდეგანო სიყვარული, რაც ხშირად სიძულვილზე მეტი ზიანის მომტანიცაა. ამის საპირისპიროა ღვთიური სიყვარული, რომელიც უპირობოა. ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– თუ სიყვარული ადამიანური, ანუ ეგოისტურია, შესაძლებელია მისი ამოვსება? არადა, თუ არ ამოავსე, ადამიანი შენ მიმართ უსამართლოდ აგრესიული იქნება მუდმივად.

– წინა ნომერში ჩვენ ვისაუბრეთ ჯვარზე და აგრესია არის, სწორედ, ის რეაქცია, რაც არ დაექვემდებარა ჯვარს, ანუ გაგვექცა და ქრისტეს ადამიანურ ბუნებაშიც იყო ბრძოლა. მას აგინებენ, აფურთხებენ, ჯვარზე გაკრულსაც კი შეურაცხყოფას აყენებენ და იმდენად უარყოფით დამოკიდებულებას ავლენენ, რაც მისი ადამიანური ბუნებისთვისაც კი ძალიან რთულად ასატანია და შეიძლება, აგრესიულადაც ეპასუხა. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს: თუმცა ის ძე იყო, მაგრამ ტანჯვით ისწავლა მორჩილებაო. შესაბამისად, მამისადმი მორჩილება იესოში განხორციელდა დაცემული, ადამიანური ბუნებით, იმიტომ რომ იესო ადამიანურ სხეულში დაიბადა და სწორედ, ამაზე ამაღლებითა და ტანჯვით ისწავლა მორჩილება. დიახ, უჭირდა, არ ყოფილა ეს მისთვის ადვილი. ადამიანური ბუნება რომ არ ყოფილიყო იესოში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მამის ნებას, მამისადმი მორჩილებას, მაშინ ჯვარცმაც სიყალბე იქნებოდა და აღდგომაც. სწორედ ისაა იესოს გმირობა, თავგანწირვა და სიყვარული, რომ მან ჩვენნაირი, ადამიანური ბუნებით აღასრულა მამის ნება და ამაღლდა იმ ყველაფერზე, რაც მის ადამიანურ ბუნებაში იყო: აგრესია, შური, მტრობა... ამაზე ამაღლება ძალიან რთულია, თუ შენში იმავდროულად ძლიერი არ არის მამის ნება და აი, ამის სიმბოლოა ჯვარი. ვერტიკალი გამოხატავს ჩემს მამის ნებისკენ მიდრეკილ ბუნებას, ანუ ჩემს ღვთაებრივ ხატს, რასაც ჰორიზონტალზე ახშობს ჩემივე, ოღონდ მამის ნების საწინააღმდეგოდ მიმართული ბუნება, ადამიდან გამოყოლილი, რომელსაც მივყავარ დაშლისკენ, მატერიისკენ. სწორედ, ამ ორის შუაში იმყოფება ადამიანური ნება: ერთ მხრივ, მასში ძალადობს მიწა, ანუ ბუნებითი ადამიანი, მეორე მხრივ, მძლავრობს ღვთიური ნებისადმი მორჩილება, რადგან ახსოვს, რომ ღვთის ხატია, მაგრამ ეს ორივე ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. ეს სამოთხეშიც ასე იყო და წინა მასალებში ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. აგრესია, როგორც ჯვარი, დევს ჩვენს ქვეცნობიერში და ის ჩვენი მასწავლებელია, რომ, როგორც იესო ამბობს, ამ ხერხით ვძლიო ბოროტს; და რა არის ბოროტი? ჩემში არსებული სტიქიები, ვნებები, რომლებიც მაიძულებენ, ჩამოვიდე ჯვრიდან. ბრბო, რომელიც გარს ახვევია ჯვარზე გაკრულ იესოს, დასცინის მას, ჩამოდი ჯვრიდან, თუ ღმერთი ხარ; განზრახ ლანძღავენ, რომ გამოიწვიონ მისი ადამიანური ბუნების ამბოხი და, შესაბამისად, მამის ნების უარყოფა. ვიმეორებ – ასეთი საშიშროების წინაშე რომ არ მდგარიყო იესო, მაშინ ყველაფერი თამაში იქნებოდა, მაგრამ სწორედ, ის, რაც იესომ აღასრულა ჯვარზე, იყო სიკვდილის ძლევა სიცოცხლით – ღვთის ძემაც ტანჯვით ისწავლა მორჩილება. ღმერთო, რატომ მიმატოვეო, ამბობს ჩვენი ჯვარცმული მაცხოვარი. წარმოიდგინეთ, როგორი სასოწარკვეთილი ამოძახილია?! მამის ნება გადამწყვეტია და თვით იესოშიც კი, სწორედ, მას ებრძვის ადამიანური ბუნება, რადგან ადამიანურ ბუნებას არ უნდა ტანჯვა, მაგრამ მამის ნების ერთგულება აიძულებს, დამორჩილდეს. მანამდე მაცხოვარი გეთსამანიის ბაღში სთხოვს მამას, ააცილოს, რაც დაწერილია. „გეთსემანია“ ბერძნულად ნიშნავს ზეთის საწურ ადგილს. ადრეც გვითქვამს, რომ სახარების თითოეული სიტყვა, გეოგრაფიული სახელწოდება, სახელი ნიშნავს იმ მდგომარეობებს, რაც ადამიანის სულში ხდება. სულხან-საბაც ზეთის საწურ ადგილად განმარტავს გეთსამანიას. ორ დიდ ლოდს ადებდნენ ერთმანეთს, შუაში ჩაღრმავებული ადგილი იყო და იწურებოდა ზეთი. ყველაზე დიდი ზეწოლა, ყველაზე დიდი ბრძოლა მაცხოვარმა, სწორედ, გეთსამანიის ბაღში გამოიარა, როდესაც მამის ნება და ადამიანური ბუნება ებრძოდნენ ერთმანეთს! ვიმეორებ – ქართველებს არ გვაქვს ბოლომდე გააზრებული, რა არის ჯვარი, რატომ გვყავს ჯვარცმული უფალი, რა გზით უნდა ვიცხოვროთ და რა მოგვიტანს გამარჯვებას! მტრებს ვძლევთ, როდესაც ჯვარზე ვაკრავთ ჩვენს მეამბოხე ადამიანურ ბუნებას, ვნებებს, აგრესიებს, ბოღმას, სიძულვილს. რატომ?! იმიტომ რომ ამ ჯვარცმით ჩვენგან სიყვარული, ნათელი და მადლი მოედინება. სწორედ, ამ მადლსა და ნათელს მიჰყავს ადამიანი სინანულამდე, რაც სპობს ბოროტებას! ქართველებს გრძნობების აყოლა გვჩვევია და ამიტომ ხშირად ჩამოვდივართ ჯვრიდან. იესოსგან განსხვავებით, ვინც ბოლომდე დაითმინა და შეიყვარა, ჩვენ შეგვიძლია, მოვითმინოთ მესამედი, ნახევარი, მაგრამ შემდეგ ვამბობთ: მეტს აღარ მოვითმენ, ჩამოვდივართ ჯვრიდან და ველურ მდგომარეობამდე მივყავართ ჩვენს ვნებებს, ადამიანურ ბუნებას. როგორც კი ჯვარზე, ჯვარცმულ სიყვარულზე ვამბობთ უარს, ვემსგავსებით კაშხალს, რომელსაც ხეთქავს დაგუბებული წყალი, უსაზღვრო აგრესიად, საშიშ მასად გარდაიქმნება, რაც მოვითმინეთ და გარშემო ყველაფერს აცამტვერებს.

– ქმარი, რომელიც სცემს ცოლს, მშობელი, რომელიც იმონებს შვილს, ესეც ჯვრად უნდა მივიღოთ?

– დიახ, მესმის: ქმარი მკლავს და ხმა არ ამოვიღო? სამსახურიდან უსამართლოდ გამომაგდეს და გავჩუმდე?! არ არის ადვილი ამ ზღვრის გარჩევა. ქრისტე გვიჩვენებს, რისკენ უნდა წავიდეთ, რადგან საბოლოოდ ამით იძლევა ბოროტება. მაგრამ ამის გაგებას დრო უნდა. ჩვენ ერთ დღეში ვერ შევძლებთ ჯვარცმული სიყვარულის ჩვენებას, ამიტომ ქრისტე არ არის მეამბოხე, ის უშვებს სახელმწიფო წყობილებას, კანონებს... სანამ ჯვარცმულ სიყვარულს ვისწავლი, მანამდე ვიღაცამ ხომ უნდა დამიცვას?! ამიტომ, როდესაც მე არ მაქვს ჯვარცმული სიყვარული, რომ გარდავქმნა ჩემი მეუღლე, მას კი არ შეუძლია, ავაზაკივით ჩემ წინაშე დაემხოს მუხლებზე და მოინანიოს, არის სახელმწიფო, რომელიც გიცავს და გაქვს სრული უფლება, გამოიყენო სახელმწიფო სამართალი, როდესაც ძალადობას ხედავ. ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ჩვენ ვერ ვავლენთ ჯვარცმულ სიყვარულს და შიგადაშიგ ჯვრიდან ჩამოვდივართ კიდეც, მაგრამ, რაც გვემართება, გვემართება იმიტომ, რომ ვერ გავიგეთ, ვერ გავიაზრეთ, რა არის ჯვარცმული სიყვარული; სიყვარული, რომელიც ემორჩილება მხოლოდ ღმერთის ნებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი