რელიგია

მამა გურამი: დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება წმიდანთა თაყვანისცემას და დავიწყებულია ქრისტეს მოძღვრების უმთავრესი სწავლება

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 11.11

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

წმიდანთა, მათი შესამოსლისა და წმიდა ნაწილების თაყვანისცემა ჩვეულია მართლმადიდებლობისთვის, მათ სასწაულმოქმედ ძალასაც მიაწერენ და არა მხოლოდ მიაწერენ, ამის დამადასტურებელი მაგალითიც ბევრია. ამის მიუხედავადაც და ჩემდა გასაოცრად, ბოლშევიკური სული ცოცხალია (მაგალითად, გასული საუკუნის შუა წლებში ბოლშევიკებმა ძმები მხეიძეების, ბერების, წმიდანებად შერაცხილების, ცხედრები ამოთხარეს, სასამართლო პროცესი მოუწყვეს, გაასამართლეს და დაჰყვიროდნენ, თუ წმიდანები ხართ, ახლავე აღსდექითო) და ისეთ მოსაზრებასაც წავაწყდი (ერთი შეხედვით, არც თუ უგონო ადამიანებისას), რომ წმიდანების ცხედრების თაყვანისცემა გვამთაყვანისცემა და ამაზრზენი მოვლენაა (დამეთანხმებით, სხვა რომ არაფერი, ეს სხვისი რწმენის შეურაცხყოფაა, განსაკუთრებით, თითქოს ლიბერალური იდეების მიმდევართა მხრიდან). ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– როდიდან იღებს სათავეს წმიდანად შერიცხვის ტრადიცია და რა ძალა აქვს წმიდანის უხრწნელ ცხედარს?

– წმიდანების, მათ შესამოსლებისა თუ წმიდა ნაწილების თაყვანისცემაზე მინიშნება არის „სახარებაშიც“. მაგალითად, როდესაც მოციქული პეტრე გაივლიდა, მასთან მიახლებას ყველა ცდილობდა და ვინც ვერ ახერხებდა, რომ ხელით შეხებოდა, ცდილობდნენ, პეტრეს ჩრდილი მაინც დასცემოდათ. ასევე, უდიდეს მაკურნებელ ძალას აფრქვევდა პავლე მოციქული; მის სარტყელს, ანუ ქამარს ადებდნენ ავადმყოფებს და ისინი იკურნებოდნენ. „სახარებიდან“ გავიხსენოთ, თუნდაც, სისხლმდინარე დედაკაცის ამბავი, რომელიც იესოს კაბის უკანა ნაწილს ეხება ხელით და იკურნება. მას 12 წლის განმავლობაში სდიოდა სისხლი, თავს ცოდვილად მიიჩნევდა, ამიტომ ვერ გაბედა, პირდაპირ ეთხოვა იესოსთვის განკურნება და უკნიდან შეეხო იესოს კაბას: იუდეველთა რჯულით ეს დაავადება დიდ ცოდვად მიიჩნეოდა და არავის შეხების უფლება არ ჰქონდა ამ დაავადებით სნეულს, მაგრამ იმ ქალმა გადალახა ყველა წინაღობა, გაბედა და დაჯილდოვდა კიდეც, სწორედ, ასეთი გაბედულების გამო. ანუ მისი განმაკურნებელი ძალა გამოვიდა იესოს შესამოსლიდან. პირველივე საუკუნიდანვეა ცნობილი მოწამებრივი სიკვდილით აღსრულებულთა სასწაულების შესახებაც. მაგალითად, მოწამეებს, თავს რომ კვეთდნენ, მათი სისხლი კურნავდა სნეულთ. ეკლესია ადამიანის სხეულსაც წმიდად მიიჩნევს, იმიტომ რომ ქრისტე აღდგომაზე ლაპარაკობს. შესაბამისად, მოწამეობრივად აღსრულებული ადამიანის ცხედარს პირველივე საუკუნეებიდან მიაგებდნენ პატივს. რაკი ის განდიდდა თავის სხეულში, იმ სხეულთან მიახლებითაც იკურნებოდნენ ადამიანები. შემდეგ საუკუნეებში ასეთი სასწაულები უფრო გახშირდა და უამრავი ფაქტია, თუ რა ძალა ჰქონდა წმიდანთა ცხედრებს. მეტსაც გეტყვით, არ დგას არც ერთი ტაძარი, რომლის საკურთხევლის ტრაპეზში და იმავდროულად ოდიკშიც, სადაც ბარძიმ-ფეშხუმია დაბრძანებული, არ იყოს ჩატანებული წმიდანის ნაწილი. აღარაფერი რომ არ ვთქვათ ჯვრებსა და ხატებზე. ამდენად, ეს ტრადიცია მოცემულობაა და უამრავი მაგალითი ადასტურებს, რომ მართლაც გადმოდიოდა მადლი წმიდანების ცხედრებიდან, მათი შესამოსლიდან, წმიდა ნაწილებიდან... ეს ბუნებრივიციაა, ჩვენ, ხომ, ფიზიკურ სხეულში ვართ და, ამდენად ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანოთი ღმერთს ვერ აღვიქვამთ. ხოლო ქრისტეში ღმერთმა ხორცი შეისხა, ანუ მადლი, ღვთიური ძალა და სიცოცხლე მთლიანად გადმოვიდა. შესაბამისად, იქმნება წმიდანების ხატები, რომლებიც ქრისტესავით განდიდდნენ და ეს ხატები, ასევე, იყვნენ და არიან მადლის მიღების წყარო. ეს ყველაფერი ადამიანს ეხმარება მადლის მოხვეჭაში, ღვთაებრივთან მიახლებაში. საუკუნეების განმავლობაშია დამტკიცებული, თუ რა ძალა ჰქონდათ და აქვთ წმიდანთა ნაწილებს. მაგრამ ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ ამ საკითხს: პრობლემა ის კი არ არის, გადმოდის თუ არა მაკურნებელი ძალა და მადლი წმიდანთა ცხედრებიდან, შესამოსლებიდან და ნაწილებიდან, არამედ ის, თუ რატომ მივიდა ადამიანების ნაწილი იმ აზრამდე, რომ ქრისტიანები გვამებს სცემენ პატივს. ამას ბიძგი მისცა იმან, რომ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება წმიდანთა თაყვანისცემას და დავიწყებულია ქრისტეს მოძღვრების უმთავრესი სწავლება. როდესაც ადამიანები მხოლოდ წმიდა ნაწილებთან შეხებით, წმიდა მიწაზე მოლოცვით, წმიდა წყლის პკურებით მიისწრაფვიან ღვთიურისკენ, ამიტომ ემსგავსება ეს კერპთყვანისმცემლობას. ესე იგი, წმიდანთა თაყვანისცემა კი არ არის პრობლემა, არამედ არასწორი დამოკიდებულება, როდესაც ამ თაყვანისცემას უჭირავს პირველი ადგილი. ზოგ ტაძარში ქრისტეს ხატსაც კი ვერ ნახავთ ან, თუ არის, ერთ-ერთ რიგით წმიდანადაა გამოსახული და უფრო გამოკვეთილია, მაგალითად, წმიდა ნიკოლოზის, წმიდა გიორგის და სხვა წმიდანთა ხატები. განა ჩვენ წმიდანების წინააღმდეგნი ვართ, მაგრამ მათი ქრისტესთან გათანაბრება არ შეიძლება, ვინაიდან ისინი მხოლოდ მეოხები არიან, თაყვანისცემა კი ეკუთვნის ერთ ღმერთს იესო ქრისტეში. რას ნიშნავს „მეოხება“? ისინი, რომლებმაც დიდი მადლი მოიხვეჭეს და მათ ლოცვას ძალა აქვს უფლის წინაშე, უბრალოდ შეგვეწევიან. როგორც ჩვენ შევეწევით ერთმანეთს ყოველდღიურობაში, ასევე, მიწაზე გაბრწყინებული ადამიანები, როდესაც იმსოფლად გადადიან, ხდებიან მეოხები. მაგრამ, როდესაც ქრისტიანული სწავლება არ არის სწორად გააზრებული, ირღვევა იერარქია. ადამიანი პირდაპირ სცემს თაყვანს წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზს, ჯვარს, როგორც ღმერთს; ზედმეტად ეთაყვანება წმიდა ნაწილებს და ამ დროს ქრისტეს მცნებებით ცხოვრებით არც კი გამოირჩევა. აი, ამ შემთხვევაში უკვე ეს შენიშვნა მართებულია.

– ეს შენიშვნა მართებული იქნებოდა ქრისტეს მცნებებით მცხოვრები ადამიანებისგან. თუ წმიდანთა თაყვანისცემა გვამთაყვისმცემლობა გგონია, მაშინ ქრისტეს აღდგომის როგორ გჯერა?

– გასაგებია, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ჩვენც ვაძლევთ საბაბს, ასე რომ მოგვიხსენიებენ. ის ხედავს, რომ შენ ამდენ წმიდანს სცემ თაყვანს, წმიდა ადგილებში დაიარები, მაგრამ ქრისტეს არ ჰბაძავ. დიდი მამებიც ამბობდნენ, ქრისტესმიერი სიცოცხლეა მანათობელი, ამას მიჰყავს ადამიანი ღმერთთან და, როდესაც ამას არ აჩვენებ, ელემენტარულ ადამიანობას არ იჩენ, მაგრამ გამოირჩევი ზედმეტი „ღვთისმოშიშებით“, ანუ თითოეული ტაძრის წინაშე პირჯვარს იწერ, აუცილებლად დაგცინებენ. ასეთი ზედმეტი ყურადღება წმიდა ნაწილების, წმიდა ადგილების, ხატების მიმართ უფრო კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილებს ახასიათებთ, რომ იქნებ ასე მაინც გამოისყიდონ ცოდვები. არადა ქრისტემ უკვე გამოგვისყიდა თავისი სისხლით და ახლა მას უნდა, რომ უფალი ვადიდოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით. ამდენად, გასაგებია, რომ წმიდანთა ნეშტებიდან მადლი მოდის, მაგრამ გვავიწყდება უმთავრესი – ადამიანობა და ადამიანი, რომელიც ღვთის ხატია. ჩვენ რომ ნამდვილად ვცხოვრობდეთ ქრისტიანულად და დაგვცინოდნენ, მაშინ ნამდვილად მოწამეები ვიქნებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...