ლოცვა - ადამიანისა და ღმერთის ერთობა
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 06.06

ბევრს ჰგონია, რომ ლოცვა მარტო თხოვნა-ვედრებაა ადამიანისა ღვთისადმი აღვლენილი, რომ ეს არის უფალთან მოკრძალებული საუბარი, რათა გამოითხოვონ მისგან სასურველი. ასეთი ლოცვისას, ანუ უფალთან ურთიერთობისას, ადამიანი ემსგავსება მთხოვნელს, რომლის მიზანიცაა, როგორმე მოიგოს ღვთის გული და მიიღოს მისგან საბოძვარი. ამგვარი ლოცვა ყველაზე მეტადაა გავრცელებული ადამიანთა შორის, უფრო სწორად, ადამიანების უფალთან დამოკიდებულება უმეტესად შემოიფარგლება თხოვნა-ვედრებით, რათა საწადელს ეწიონ. ასეთი ლოცვით ადამიანი ემსგავსება უძღებ შვილს, რომელიც მშობელს აწუხებს თავისი გაუთავებელი თხოვნა-ვედრებებით, რათა აუსრულდეს საწადელი, მას მშობლის გამოყენება სურს თავისი მიზნებისთვის, მოთხოვნათა დაკმაყოფილებისთვის. ასეთი მლოცველი უფრო უფლის მომხმარებელი არის და ნაკლებად – მისი პატივისმცემელი და დამფასებელი, მას ამოძრავებს ერთი სურვილი, რომ გამჩენმა შეუსრულოს ყველა მისი სათხოვარი, რომ ის დაეხმაროს დასახული მიზნის მიღწევაში.
ამგვარი ლოცვა, ანუ ზეციურ მამასთან საუბარი ამცირებს ლოცვის მიზანსა და დანიშნულებას, რაც სინამდვილეში ბევრად მეტი უნდა იყოს. მსგავსი ლოცვა ნაკლებადაა მშობლის სიყვარულზე დაყრდნობილი, ის უფრო საშუალება ხდება ადამიანისთვის, სხვა სიკეთეთა შემძენი და მასში მშობლის, ანუ ზეციური მამის, სიყვარულსა და მოფრთხილებას აღარ აქვს ადგილი, რაც უნდა ყოფილიყო ლოცვის საფუძველი. ასეთი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მხოლოდ იმისთვის უნდა მშობელი, რომ გამოიყენოს ის და თავად ავიწყდება მასზე ზრუნვა და ფიქრი, რომ მშობელიც არის მოსაფრთხილებელი, რომ მასაც უნდა მიაგოს პატივი და უნდა ახსოვდეს, თუ რამდენად შეიძლება, ყოველთვის შეაწუხოს ის ან ყველაფერი მას მოსთხოვოს?
სამწუხაროდ, ამაზე იშვიათად ფიქრობს კაცი, ის მხოლოდ საკუთარი საზრუნავით არის დაკავებული. მისთვის ამნაირი ლოცვა უფრო საშუალებაა სხვა სიკეთეთა მისაღებად, ლოცვა კი არ შეიძლება, მარტო საშუალებად იქცეს, თავისი დანიშნულებითა და მიზნით ის ბევრად უფრო მეტია.
და მაინც, არის თუ არა ასეთი ლოცვა მისაღები, შესაწყნარებელი? უფალი, როგორც მშობელი მამა, რა თქმა უნდა, იწყნარებს ჩვენგან ასეთი სახით ურთიერთობას მასთან, მაგრამ იგი მაინც თავის შვილთაგან მოელის იმ სიყვარულსა და პატივისცემას, რაც მას, როგორც ყველა გამჩენსა და პატრონს ეკუთვნის. რაც უფრო მეტი აქვს შვილს მშობლის სიყვარული, რაც უფრო მეტ მოკრძალებასა და პატივისცემას გრძნობს შვილისგან, მით უფრო სასიკეთოდ იხსნება მისი გული, მით მეტად ირჯება იგი შვილის კეთილდღეობისთვის, მით უფრო ხარობს მისგან შობილის სიკეთენით. საბოლოო მიზანიც ლოცვისა უნდა იყოს სიხარული, რასაც შვილის მშობელთან სიახლოვე და სიყვარული ბადებს.
ნამდვილი ლოცვა ბოლოს უფალთან ჩვენი სიახლოვით გამოწვეული სიხარული უნდა გახდეს. ჭეშმარიტი ლოცვა სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული და იქ აღარ იქნება საჭირო გაუთავებელი თხოვნა-ვედრებანი, იქ იმოქმედებს მხოლოდ სიყვარული. მოწყალე მამას რად უნდა ბევრი ხვეწნა-მუდარა შვილისგან, როგორ არ შეეწევა იგი თავის გაჩენილს, თუ ეს სასიკეთო იქნება მისთვის და არა ზიანის მომტანი. ან როცა შვილი გრძნობს მშობლის სიყვარულს, თუ სჯერა, რომ ის არაფერს დააკლებს, განა ასეთ დროს კიდევ დასჭირდება მომეტებული თხოვნა-მუდარა შესაწევნად, განა ეს ზედმეტი არ იქნება მისთვის?
უმაღლესი ლოცვა – ეს სიყვარულის მოპოვებაა. ლოცვა არ შეიძლება, საშუალებად იქცეს კაცისთვის, ის უფრო მიზანი უნდა იყოს მისთვის, ის ადამიანისა და ღმერთის ერთობისა და სიყვარულის გამოხატულებაა. ის უნდა იყოს სიყვარულის დღესასწაული. ამაზე მეტს რას შეიძლება, მიაღწიოს ადამიანმა? რა შეიძლება, ღვთისგან მიიღოს უკეთესი, ვიდრე ის, რომ დატკბეს გამჩენის სიყვარულით და განისვენოს ამ სიყვარულში? როცა ადამიანი მამისგან სითბოსა და სიყვარულს გრძნობს და იცის, რომ მამისთვის არაფერია შეუძლებელი, განა შეიძლება, ასეთ დროს არ ენდოს მშობლის გულწრფელ სიყვარულს და იმედიანად არ იგრძნოს თავი, რომ იგი არაფერს დააკლებს მას, რაც მისთვის იქნება აუცილებელი. განა შეძლებს მოყვარული მამა, გულგრილი დარჩეს შვილის გასაჭირისადმი და კეთილად არ გაისარჯოს მისთვის, მისი სიკეთისა და გადარჩენისთვის?
რაც უფრო დიდია ზეციური მამისადმი შვილის ერთგულება და სიყვარული, მით უფრო იმედიანია იგი, რადგან იცის, რომ მამა არაფერს დააკლებს მას, არაფერს დაიშურებს მისი კეთილდღეობისთვის. ასე რომ, უმაღლესი მიზანი ლოცვისა არის სიყვარული, ამაზე მეტი რაღა უნდა მისცეს მან ადამიანს, ეს არის მისი უმაღლესი დანიშნულება და ის ამას უნდა ემსახურებოდეს.
მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)
სიახლეები ამავე კატეგორიიდან