ყველა სიტყვას ნუ შეუშვებ სულში, რაც კი გესმის
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.09

როგორადაც ვაჭრები არ იღებენ ყალბ მონეტას და იღებენ ნამდვილსა და უტყუარს, ასხვავებენ რა ყალბს ნამდვილისგან, ასევე მოიქეცი შენც: ყველა სიტყვას ნუ შეიწყნარებ, არამედ მცდარი და უხეირო განაგდე შენგან, ხოლო საღი და მაცხოვნებელი სულში მიითვალე. შენ გაქვს, ჭეშმარიტად გაქვს შენც სასწორი და ცალსასწორა, გაკეთებული არა ტყვიისა და რკინისგან, არამედ რწმენისა და სარწმუნოებისაგან შემდგერი. სწორედ მათი დახმარებით გამოიკვლიე ყოველი სიტყვა.
ცხონების საქმეში რა არის ჩვენზე დამოკიდებული და რა ღმერთზე
ავირჩიოთ უმჯობესი, მოვისურვოთ, ვეცადოთ, თავს ვიდვათ ყოველგვარი შრომა – ეს ჩვენს ნებელობაზეა დამოკიდებული; ხოლო ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი სურვილები, არ დავუშვათ დაცემები და საქმეში წარმატებას მივაღწიოთ, – ეს კი ზენაარის მადლზეა დამოკიდებული.
საჭიროა განუწყვეტლივ ვლოცულობდეთ
ის, რაც საკუთარი ძალისხმევით შეგვიძლია, აღვასრულოთ, ადვილად მიღწევადია ლოცვის საშუალებით, განუწყვეტელი ლოცვისა. უეჭველად ყოველთვის და განუწყვეტლივ უნდა ვლოცულობდეთ, ჭირშიც, ლხინშიც, სიხარულის ჟამსაც, უბედურებაშიც, კეთილდღეობაშიც. სიხარულსა და კეთილდღეობაში მასზედ, რომ ესენი არასდროს შეწყდეს და აროდეს შეიცვალოს, ხოლო მწუხარებასა და უბედურებაში იმაზედ, რათა რაიმე კეთილი საიმედო ცვლილება მოხდეს და მანუგეშებელი სიმშვიდე ჩამოდგეს. მშვიდად გრძნობ თავს? მაშინ ევედრე ღმერთს, რათა ეს სიმშვიდე მტკიცედ შეგინარჩუნდეს. ხედავ მოახლოებულ ქარიშხალს? გულმოდგინედ ევედრე ღმერთს, აგცდეს ეს მღელვარება და ქარიშხლის შემდეგ სიმშვიდემ დაისადგუროს. შეისმინა შენი უფალმა? ჰმადლობდე ამისათვის, რომ შესმენილ იქმენ, არ შეისმინა? იქონიე მოთმინება, რათა შესმენილ-იქნე.
ღმერთს ყოველგან და ყოველთვის შეიძლება მიმართო ლოცვით
ღმერთი მლოცველისგან ითხოვს არა ლამაზ მეტყველებასა და დახვეწილ სიტყვებს, არამედ მშვენიერებას სულისა. და როდესაც იგი მისთვის მოსაწონს ილაპარაკებს, მიიღებ ყველაფერს. ხედავ, აქ რა ხელსაყრელია? ადამიანთაგან, ვისაც სურს ვინმესთან დაახლოვება, მჭევრმეტყველი უნდა იყოს, უნდა შეეძლოს უფროსის გარემოცვის ლიქნა და ბევრი სხვა რამის მოფიქრება, რათა უკეთ მიიღონ. აქ კი სხვა არაფერია საჭირო, გარდა ფხიზელი სულისა და არანაირი დაბრკოლება არაა ღმერთთან დაახლოებისთვის. „განა მხოლოდ ახლოდანა ვარ ღმერთი? – ამბობს უფალი, – განა შორიდან არა ვარ ღმერთი?“ (იერემია 23,23). მაშასადამე, ჩვენზეა დამოკიდებული მისგან შორს ყოფნა, თავად იგი კი ახლოსაა, მაგრამ რას ვამბობ: აქ არაა საჭირო მჭევრმეტყველება? ხშირადაა, რომ ხმის გაღებაც კი არაა საჭირო, რამეთუ, თუნდაც გულშიც კი თუ იტყვი და მოუხმობ მას, როგორც საჭიროა, იგი მაშინაც კი შეისმენს შენსას, ამგვარად შეისმინა მან მოსესი; ამგვარადვე შეისმინა ანასი (გამოსვლათა 14,15; ! მეფეთა 1, 13). მხედარი არ დგას მასთან, რომელიც მომსვლელებს გარეკდა ან შუბოსანი, დრო რომ გადაედო და ეთქვა: ახლა დრო არაა, ამჟამად შესვლა არ შეიძლება, შემდეგში მოდი, არამედ, როდესაც არ უნდა მიხვიდე, იგი დგას და გისმენს: თუ თუნდაც სადილის ჟამს, გნებავს ვახშმობის ხანს, თუნდაც შუაღამისას, გნებავს მოედანზე ან მგზავრობისას, თუნდაც საძინებელში, თუნდაც სასამართლოში უფროსის წინაშე წარდგომილმა მოუხმე მას, არაფერი შეუშლის მას ხელს, შენი თხოვნა მოისმინოს. თუკი მას ისე მოუხმობ, როგორც შეჰფერის, არ შეიძლება, თქვა: მე მეშინია მივუახლოვდე და ვთხოვო; ჩემი მტერი მის წინაშეა წარდგომილი. აქ ეს დაბრკოლებაც არ არსებობს, რადგან იგი არ უსმენს მტერს და არ უგულებელყოფს შენს სათხოვარს, არამედ ყოველთვის და გამუდმებით შეგიძლია მასთან საუბარი და აქ არანაირ გართულებას არა აქვს ადგილი, რადგანაც აქ არაა საჭირო, რათა შეჰყავდე (მასთან) მეკარეებს, შინაგანმგებლებს, ზედამხედველებს, მცველებს ან მეგობრებს, არამედ როგორც კი შენ თავად მიეახლები, სწორედ მაშინ შეისმენს შენსას განსაკუთრებულად, მაშინ, როცა შენ არავის სხვას არ სთხოვ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან