რელიგია

ქრისტიანულად, რატომ ეწოდება ერთობა მხოლოდ ცოლ-ქმარს და არც ერთი სხვა დანარჩენი ორი, ანუ წყვილი მშობელი და შვილი, და და ძმა ვერ ერთიანდება

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 02.12, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ადამს არ დასჭირდებოდა ღმერთთან მიმსგავსება, ევა რომ არ გამოყოფოდა და ღვთის ხატის, ღვთის მსგავსად ქმნის პოტენციალიც დაიკარგებოდა და ადამიანის თავისუფალი ნებაც, მაგრამ იმავდროულად ჩნდება კითხვა (მიწიერად რომ გადმოვთარგმნოთ ადამის შექმნის ბიბლიური იგავი): თუ ამ ცხოვრებაში ადამი (პირობითად) ვერ იპოვის თავის ევას (პირობითად) და პირიქით, განღმრთობის შანსი არ აქვთ? - ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: ეს რთული საკითხია. აქ შესაძლოა, სულაც, არ იყოს ლაპარაკი ადამსა და ევაზე, როგორც მამაკაცსა და ქალზე. მიუხედავად იმისა, რომ პავლე მოციქული ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და „ეფესელთა მიმართ“ თავის ეპისტოლეში წერს: ქალი არის კაცის თავი, კაცს ისევე უნდა უყვარდეს ქალი, როგორც საკუთარი სხეული, ხოლო ქალი უნდა ემორჩლებოდეს მამაკაცს სიყვარულით და, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია, ისევე უნდა უყვარდეთ ქმრებს ცოლები. ნამდვილი, ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინება უნდა იყოს ცოლისა და ქმრის ასეთი სიყვარულით ერთობა და არა მხოლოდ ოჯახითა და შვილთასხმით. დღეს, სამწუხაროდ, ისევე, როგორც დაკნინებულია ეკლესიის ჭეშმარიტი მისია: ეკლესიაც ვერ ავლენს თავის მადლმოსილებას, რაც იმთავითვე ახასიათებდა და, ფაქტობრივად, დეკადენსია, ზუსტად ისეთივე დეკადენსი უდგას ქრისტიანული ჯვრისწერით შექმნილ ოჯახებს. როდესაც ჯვარს ვწერთ წყვილს, ვეუბნებით, იმიტომ ერთდებით, როგორც ადამი და ევა შეერთდნენ, რომ აცხონოთ ერთმანეთი. თქვენ ხართ ორი, რომ ერთად იქცეთ. ერთადერთი ერთობა, როდესაც ერთი ჰქვია ორის კავშირს, ეს არის ცოლ-ქმარი. არც დედა და შვილია ერთი, არც მამა და შვილი, არც და და ძმა, მხოლოდ ცოლი და ქმარი, იმიტომ რომ ერთნი იყვნენ თავში და რაც ხელს უშლით, უნდა დაძლიონ, რათა ერთმანეთს დაეხმარონ ნამდვილი, შინაგანი ერთობის მიღწევაში. შვილთასხმა პროდუქტია. თუ შვილი არ ეყოლა ჯვარდაწერილ წყვილს, ერთმანეთს უნდა დაშორდნენ?! შვილი, უბრალოდ, ჯილდოა: თუ გეყოლება, კარგია, თუ არ გეყოლება, არც ესაა ცუდი, იმიტომ რომ ჯვრისწერის მიზანი ერთმანეთის ცხონებაა. იდეაში ასე იყო ჩაფიქრებული ჯვრისწერა, როგორ ხორციელდება და ჯვარდაწერილები როგორ შეძლებენ ერთმანეთის ცხონებას, ეს უკვე საიდუმლოა და ყველა თავისი რწმენით ახორციელებს ამ ერთობას. მაგრამ პავლე მოციქული წერს: საიდუმლო დიდიაო. ანუ მეტაფიზიკური ერთობა უფრო მაღალია, ვიდრე ხორციელი. ჩვენც ხომ ადამ და ევასავით სხეულისა და სულის ერთობა ვართ?! გონისა და მატერიის ერთად ყოფნა?! ადრეც გვითქვამს, სამოთხეში ორი ბუნებისგან შექმნა ადამი ღმერთმა, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სტიქიისგან შეაზავა – იმიტომ რომ ადამს თავში არ მისცემოდა სისრულე და ამისთვის მიეღწია ჭიდილში და საკუთარ თავში გამთლიანებულიყო. სწორედ, ეს მოხდა ქრისტეში: გული და გონება, სული და სხეული ერთი მთლიანი გახდა. ქრისტეში სხეული სიყვარულით დაემორჩილა გონით საწყისს, ხოლო ჩვენ, დანარჩენი კაცნი, გზაში ვართ. რაც ქრისტეში მოხდა, ისაა ნამდვილი სისრულე, თორემ მხოლოდ ცოლქმრობაში რომ იყოს გამთლიანება, მაშინ რა გამოდის? ბერებს ცოლები არ ჰყავდათ, მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, ბერობა უკეთესიაო. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ შინაგან ცოლს უნდა გაუმთლიანდე. ვინ არის შინაგანი ცოლი? შენი დაცემული ბუნება – ევა, რომელმაც მოგწყვიტა სამოთხეს, ღმერთში ყოფნას. შესაბამისად, ნამდვილ ერთობას ადამიანი აღწევს ღმერთთან, ქრისტეში. ამაზეა ნათქვამი, ჩემში ორ ძალას ვხედავ: ცოდვის სხეულს და გონით ნაწილსო, ანუ მთავარი მაინც ესაა – შინაგან ევასთან ერთობის მიღწევა.

– ეს კითხვა იმიტომ დავსვი, ვინც ჩვენს წინა ნომერში გამოქვეყნებული მასალა წაიკითხა, იქნებ მან ვერ იპოვა თავისი მეწყვილე და გული გაუტყდა, რომ განღმრთობის შესაძლებლობა დაკარგა. იმედია, მკრეხელობად არ ჩამეთვლება, მაგრამ არ მგონია, რომ მაინცდამაინც ჯვრისწერით პოულობ შენს ნამდვილ მეწყვილეს.

– ეს დიდი დილემაა და ისევ წინააღმდეგობა მოდის. ამიტომაც ითქვა: ჰპოვებს კი რწმენას, როდესაც ძე ღვთისა მოვა დედამიწაზეო. ქრისტე, ფაქტობრივად, ამოდის რელიგიიდან. ანუ რწმენა უფრო მაღლაა, ვიდრე რელიგიური რიტუალები. რელიგიურად დაბალი საფეხურია, როდესაც ჩვენ ჯვრისწერით ვაკანონებთ ქორწინებას, ვინაიდან ხშირად ჯვარს იწერენ ემოციით, შეუყვარდებათ ერთმანეთი ან ტრადიციით, არადა არანაირი ჯვრისწერა არ აკანონებს იმას, რაც არ გაქვს, მაშინ მაგია გამოვიდოდა ან იურიდიულად რაღაც აქტის გაფორმება. ჩვენ გვყავს ჯვარდაწერილი, რომლებიც კანონიერად ცხოვრობენ ერთად, მაგრამ რა?! მათი ცხოვრება შეიცვლება, თუ ნამდვილი ერთობა არ არის მათ შორის?! ვის წინაშე ვყელყელაობთ?! ჯვარდაწერილების პროდუქციას ხომ არ ვუშვებთ და შტამპებს ვარტყამთ?! ურთიერთობა, ხომ, მკვდარია, თუ სიყვარული არ არის?! მეორე მხრივ, არის სიყვარული, რომელიც ამსხვრევს ყველა ნორმას და სწორედ ამიტომაა საშიში სიყვარული; ამიტომაც უფრთხოდნენ მას ყველა ეპოქაში – მისი მართვაა ძალიან ძნელი. ამდენად, ამდენი ტაბუ, რომ ოჯახის ღალატი, დანგრევა ცოდვაა, გამოწვეულია უფრო ადამიანის არასრულყოფილი ბუნებიდან, ვიდრე სიყვარულიდან, იმიტომ რომ სიყვარულს ვერავინ გაუგებს. სიყვარული ღმერთია! სხვათა შორის, ერთადერთი, რასთანაც წმიდა მამები ბედავენ ღმერთის შედარებას, ეს არის სიყვარული. ისინი ამბობენ – ღმერთი სიყვარულია! შესაბამისად, სიყვარულიც ისეთივე ძნელად დასატევია, ისევე არღვევს ჩარჩოებს და ისეთივე საშიშია, როგორც თავად ღმერთი! სიყვარულს ვერ მოიხელთებ. მას უღელში ვერ შეაბამ, ვერ მოიშინაურებ, მის გულს ვერ მოიგებ. თვითრჯულია სიყვარული და ადამიანურად ვერც მოარჯულებ: წყვილს შესაძლებელია, ჯვარიც დასწერო, მაგრამ ის არ იქნება სიყვარული. სიყვარული მოითხოვს თავგანწირვას და უმეტესწილად ასეთი სიყვარულიანი კავშირები ტრადიციულ საზოგადოებებში ყოველთვის იგნორირებული და საშიშად სახელდებული იყო, რომ არ გაებედათ. რატომ?! იმიტომ რომ დაირღვეოდა ტრადიცია, დაინგრეოდა ოჯახები... ამიტომ სიყვარული და ტრადიცია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს, ვინაიდან სიყვარული ვერ ითმენს ჩარჩოებს, მაგრამ ამ დროს ჭეშმარიტ სიყვარულს შეუძლია, შევიდეს ჩარჩოში ისე, რომ თავისუფალი დარჩეს. მაგრამ ცხოვრება, მართლაც, ძალიან ცალმხრივი იქნებოდა, მხოლოდ დაკანონებული რამეები რომ ხდებოდეს... ვარძიის მონასტრის კედლის წარწერას გაგახსენებთ: „თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, სამოცდათოთხმეტი აქ შემისრულდა... რა ლამაზი იყავ, ბიჭო!“ ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი. დღეს თითქოს გარეგნულად წესრიგი მიღწეულია, მაგრამ ისიც არსებობს, რაც ნამდვილი და ჭეშმარიტია, ოღონდ იძულებულია, იყოს მარგინალიზებული, ხან დაწყევლილი, ხან ჩუმად... მაგრამ აი, ესაა ნამდვილი სიცოცხლე. როგორც ჭეშმარიტება იყო ჯვარცმული, ჯვარცმულია სიყვარულიც – როგორც ღმერთი და ეს ჯვარცმა გაგრძელდება მეორედ მოსვლამდე, სანამ არ გადაიხსნება საბურველი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი