რელიგია

ქრისტეს გზაზე

№13

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 11.04

რელიგია
დაკოპირებულია

ბავშვობიდან სუსტი ჯანმრთელობის ვიყავი, როგორც დედაჩემი იხსენებს ხოლმე, მე ყველაზე მეტი საზრუნავი და სადარდებელი გამიჩენია მშობლებისთვის, ხან რა მაწუხებდა, თურმე და ხან რა, ამიტომ ხშირად მიწევდა ყოფნა საავადმყოფოებში. დედაჩემი გაწვალებული ყოფილა ჩემით და მაინც თავს არ ზოგავდა ჩემი გამოკეთებისთვის. შეიძლება, სწორედ იმის გამო, რომ ჩემზე მეტი გარჯა და ჯაფა ჰქონდა გაწეული, გამორჩეული ჰქონდა ჩემ მიმართ სიყვარული. ზოგი ამას იმით ხსნიდა, რომ მე პირველი შვილი ვიყავი, თუმცა, ესეც არ იყო მთლად მართალი, რადგან მას კიდევ ჰყოლია შვილი, ადრეულ ასაკში გარდაცვლილი.

მე რომ ფიზიკურად უფრო ძლიერი ვყოფილიყავი, ჩემს სიძლიერეს მივაწერდი ყველა ჩემს სიკეთესა და წარმატებას, რასაც ვაღწევდი ცხოვრებაში. ახლა კი, როცა ვიცანი ჩემი სისუსტე და უღონობა, როცა ვირწმუნე, თუ როგორი მოკრძალებული შესაძლებლობების პატრონი ვიყავი, აშკარად ვიგრძენი, რომ ყველა ჩემი წარმატება თუ სიკეთე, ღვთისგან მქონდა მოცემული. ეს იყო უფლის დიდი წყალობა, ჩემზე გაღებული და არა ჩემი მონაპოვარი და ასე ხდებოდა იმიტომ, რომ თავი არ ამემაღლებინა ჩემი უნარითა და წარმატებით და მედიდებინა უფალი ღმერთი, ჩემი კეთილი შემწე და პატრონი.

რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ღვთისგან გამორჩეული ადამიანების ცხოვრება უმეტესად მძიმეა და გაუხარელი. რამდენადაც ღვთისაა ადამიანი, მით უფრო ნაკლებადაა იგი ამქვეყნად დაცული, მით მეტად უმძიმებს ამ წუთისოფელს მას უფალი და ეს ხდება იმისთვის, რომ ზედმეტად ამქვეყნისა არ გახდეს იგი, რომ უფრო ღვთისათვის იქნას შემონახული. შემდგომში, როცა წამოვიზარდე და ეკლესიურ ცხოვრებაში ღვთისმოსავ ადამიანებს შევხვდი, დავინახე, რომ ისინი საოცრად ჰგვანდნენ ერთმანეთს: არც ერთს არ ჰქონდა უზრუნველი ბავშვობა და არ უცხოვრია გალაღებული ცხოვრებით. არც მთლად ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ ისინი და მაინცდამაინც, არც ქვეყნიური წარმატებებით იყვნენ განებივრებულნი, რათა ქვეყნიური სიამტკბილობისკენ არ მიდრეკილიყვნენ. როცა მე მათ ვაკვირდები, აშკარად ვხვდები, რომ სიმძიმენი და გაჭირვებანი მათ ცხოვრებაში თავად ღვთისგან იყო დაშვებული, რათა მათ მეტი სასოება გასჩენოდათ ღვთისა და მთელი არსებით უფალს მინდობილიყვნენ.

დღესაც რაღაც მსგავსი ხდება ჩემს თავს, ჯანის სისუსტეს ასაკობრივი სიმძიმენიც დაემატა. დღეს უფრო მეტად მიმძიმს ჩემი ჯვრის ზიდვა, ვიდრე უწინ, მაგრამ თავს მარტო მაინც არ ვგრძნობ, ვიცი, რომ გვერდით უფალი მიდგას და ის მეხმარება იმ სიმძიმეთა დათმენასა და გადატანაში, რომელიც მისგანვეა ჩემზე დაშვებული. ისე ხშირად ვარ ხოლმე სუსტად, რომ აღარც კი ვიცი, რა ვუპასუხო იმათ, ვინც მეკითხება ჩემს ჯანმრთელობას, თუ როგორ ვგრძნობ თავს, როგორ ვიმყოფები? ამიტომ ვჩუმდები ხოლმე, ხმას აღარ ვიღებ, რათა ისინი ჩემი გაუთავებელი სამდურავით არ შევაწუხო. ამიტომ ვერიდები ხოლმე ჩემი მდგომარეობის ზედმეტად გაცხადებას, რადგან ამას სიკეთე არ მოაქვს არავისთვის და ამიტომაც ვითმენ მას ღვთის შეწევნითა და იმედით.

სუსტად ყოფნას ისე ვარ მიჩვეული, რომ ამის გარეშე ვეღარც კი წარმომიდგენია თავი. ზოგჯერ ისეთი დღეები დგება ხოლმე ეკლესიურ ცხოვრებაში, როცა განსაკუთრებით საჭიროა მხნედ ყოფნა, მაგრამ სწორედ მაშინ, ისე დამიმძიმებს ხოლმე მდგომარეობას უფალი, ისეთ სისუსტეებს მომგვრის, რომ ხშირად ფეხზე წამოდგომაც კი მიჭირს და მე გაკვირვება და წუხილი მეუფლება ამის გამო, რადგან ჩემს ცუდად ყოფნას არ აქვს ხოლმე არანაირი მიზეზი ან წანამძღვარი. და მე ლამის საყვედური დამცდეს ხოლმე უფლის მისამართით, რადგან ვხვდები, რომ ყველაფერი მისგანაა დაშვებული, რომ მე მას ასეთი ვჭირდები, ქვეყნიურად დასუსტებული და დაუძლურებული და მე მიკვირს, ასეთი მაინც როგორ ვახერხებ ხანგრძლივი მსახურებების შესრულებას ტაძარში, რაც კარგად მყოფთათვისაც არ არის იოლი. და მე მაშინ მთელი არსებით ვხვდები, რომ მე კი არა, უფალი მოქმედებს ჩემით, ის ითმენს ჩემსას, ის მატანინებს ამდენ სიმძიმესა და ტკივილს და მე უსაზღვრო მადლიერება მეუფლება მისადმი. და ვხვდები, რატომ უშვებს ამ ტკივილებს იგი, რათა „არა აღვიმაღლო“ და არა მარტო ამისთვის, არამედ რათა გავძლიერდე ღვითს რწმენასა და სიყვარულში, როგორც ამაზე ბრძანებს წმიდა პავლე მოციქული: „რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდებიო“ (2 კორ. 12,10).

მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა