რელიგია

ხელით დალოცვის საიდუმლო

№27

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 18.07

რელიგია
დაკოპირებულია

კარგა ხანია, შევამჩნიე, რომ როდესაც დასალოცად ხელზე მემთხვევიან მორწმუნენი, იმათსას ბევრ რამეს მიცხადებს უფალი. ღვთისმსახურების დასრულებისას, ვიდრე ტაძრიდან გამოვიდოდე, ყველას, იქ მყოფთ, ვაძლევ ხოლმე ლოცვა-კურთხევას, თითოეულს ცალ-ცალკე ვლოცავ ხელით და ამ დროს ბევრ დაფარულს, იმათ შინაგან მდგომარეობას მიმხელს უფალი. შეიძლება, ყოველთვის ერთნაირად არა, მაგრამ უმეტესად ეს ასე ხდება, ამას გრძნობს ჩემი სული.

ღვთის მადლით, მთელი სიცხადით შევიგრძნობ ხოლმე, თუ ვინ, როგორ იღებს ჩემგან კურთხევას და ვინ რამდენ მადლსა და ნუგეშს იღებს ამის წილ. ზოგი მოვალეობას იხდის და ამას აკეთებს მხოლოდ სახეების მიბაძვით ისე, რომ არ აქვს კურთხევის მნიშვნელობა გააზრებული. ზოგი კი მხოლოდ მოკრძალებას გამოხატავს ამით სასულიერო პირისადმი და ეს მხოლოდ მოკრძალებად რჩება მისთვის და მეტი არაფერი. ზოგიერთებს ადამიანური სიკეთე და პატივისცემა ამოძრავებთ მღვდელმსახურისადმი და ხელზე სათუთად მთხვევისას ამას კიდეც გამოხატავენ. ზოგიერთები კი, შედარებით ცოტანი, მემთხვევიან იმისთვის, რომ მიიღონ ღვთიური მადლი და ნუგეში და მე თავად მიგრძნია ხოლმე, რამდენი მადლი და სიკეთე მიუღიათ მათ უფლისგან ამის წილ, ჩემგან დალოცვით, რაც ასევე სიხარულად ქცეულა ხოლმე ჩემთვის.

ღვთიური მადლისა და სიკეთის გამრავლებას, ყოველთვის მოაქვს კმაყოფილება და სიხარული. მრევლთან სიახლოვე უმეტესად ხდება ღვთისმსახურების დროს, როცა ტაძარში ვირჯები ღვთის დიდებისათვის, როცა ღვთის საიდუმლოთა აღსრულებით ვარ დაკავებული, როცა ვცდილობ, უფალთან ამაღლებას გულითა და გონებით და მრევლის ყურადღებასაც მივმართავ იქით. ღვთის შეწევნით ვხვდები, თუ ვის რა აწუხებს. ან რა ახარებს გულით, მაგრამ უშუალო, ახლო ურთიერთობებს მათთან მაინც ვარ მოკლებული, რის შევსებასაც ვცდილობ, ხოლმე მსახურების დასრულებისას მათი დალოცვით, როცა მე მათ პირისპირ ვხვდები და ვაკურთხებ ხელით. ადრე ნაკლებად ვგრძნობდი ხელით დალოცვის მნიშვნელობას და ამას მხოლოდ მაშინ ვასრულებდი, როცა დაღლილობას ვერ ვგრძნობდი. ახლა კი მის შესრულებას მუდამა ვცდილობ და იგი ლამის ღვთისმსახურების ნაწილად იქცა ჩემთვის. ზოგჯერ მართლა მიმძიმს ამის კეთება სისუსტის გამო, მაგრამ ძალას ვატან ხოლმე თავს და ახლა მაინც ვხვდები, რასაც სხვა დროს ვარ მოკლებული. ახლა მათ დალოცვისას, მივჩერებივარ რა პირდაპირ, ბევრ რამეს ვხედავ იმათ სახეებზე აღბეჭდილს, ხოლო მათი ხელის შეხებისას, იმათ შინაგან მდგომარეობასაც მიმხელს უფალი. საოცრად ვლინდება ეს ადამიანის ხელით, ხელითვე უნდა შეიგრძნოს ეს კაცმა, ამას უნდა მიუგდოს ყური.

როცა გულგრილობას, დაუდევრობასა და უსიყვარულობას ვხედავ მათში, გული მიმძიმდება უცნაურად, რადგან იგივე უსიყვარულობა შემოდის ჩემშიც. ასეთი ადამიანი ღვთის სახლში კი იმყოფება, მაგრამ მის სულს არ ეხება ღვთიური მადლი და სიყვარული. ის სულ სხვაგან არის გულით და გონებით და ასეთმა, რა თქმა უნდა, კარგად არც იცის, რა უნდა, ან რა არის მისი საძებარი? რაღაც კარგი გინდა მოიძიო მასში, რაღაც სათუთი და ამაღლებული და ვერ გიპოვია. ამიტომ არ გახარებს ასეთთან სიახლოვე და როცა მას მოერიდები დაძაბულობისგან თავისუფლდები და მშვიდდები.

ისეთებიც არიან, რომელთაც მართლა აქვთ თავიანთი სულიერი მწყემსის პატივისცემა და რიდი და ამას კიდეც გამოხატავენ ხელზე მთხვევისას, მაგრამ ესაც არის მარტო ქვეყნიური სიკეთენი და გრძნობ, რომ სულიერს ჯერ კიდევ არიან მოკლებულნი, გრძნობ ამას და გული გტკივა, რომ იმ სულიერ საფასეებს არ დაეძებენ შენში, რისთვისაც ხარ ღვთისაგან დადგენილი და რაც უნდა სულის ნუგეშად ქცეულიყო მათთვის.

და აი, ამ გულისწყვეტისა და უკმარისობისას, უფალი, რომელსაც ესმის შენი დარ დი და ტკივილი, ისეთსაც გამოაჩენს ხოლმე, ისეთ ვინმეს მოიყვანს შენთან დასალოცად რომელსაც აქვს მოძღვრის მოკრძალება, პატივისცემა და სიყვარული. სწორედ იმ სულიერი საფასეებისთვის, რასაც შენში ინახავს უფალი და რომელსაც შენ სთავაზობ მას კურთხევის სახით, როგორ ახარებს სულს ასეთ ადამიანებთან შეხვედრა, როგორ უხვად გემეტება მისთვის ღვთის მადლი და სიყვარული და გრძნობ, რომ მაშინ იმას აღასრულებ, რისთვისაც ღვთისაგან ხარ დადგენილი ეკლესიაში.: ეს კმაყოფილება და სიხარული მიგვყვება ტაძრიდან და მადლობას სწირავ უფალს იმისათვის, რომ შენგან დათესილ კეთილ თესლს ხედავ აღორძინებულს, რაც გიჩენს იმის რწმენას, რომ ეს თესლი უფრო მეტ ნაყოფს გამოიღებს მომავალში და განამრავლებს ღვთის დიდებას ადამიანებში.

ნამდვილად ხდება ადამიანის ცნობა ხელით, საოცრად ვლინდება ამით კაცის შინაგანი. ხელიდან გადაეცემა კაცს ღვთიური ცოდნა და მადლი, ამიტომ ექცეოდა ხელით დალოცვას დიდი მნიშვნელობა როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, ამიტომ არის ის ჩემთვის მნიშვნელოვანი.

მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა