რელიგია

იმას მოგვცემს უფალი, რასაც სხვათათვის ვიმეტებდით

№29

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 01.08

რელიგია
დაკოპირებულია

ბავშვობაში, როცა რაღაცის გარეცხვა, გაუთოება ან სხვა რამ მჭირდებოდა, ამისთვის დედაჩემს მივმართავდი და დროულად მის შესრულებას ვთხოვდი. სხეულის უძლურების ან დაღლილობის გამო დედას ზოგჯერ უმძიმდა ამის კეთება და მე მას საყვედურებით ვავსებდი, რადგან მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ამის გაკეთება მართლა ძნელი იყო მისთვის და რომ ეს მოსდიოდა სხეულის უძლურებით. ამიტომ ვაიძულებდი, გაეკეთებინა ის, რასაც ვთხოვდი და მის მდგომარეობას ანგარიშს არ ვუწევდი. საწყალი დედაჩემი ძალას ატანდა თავს და წვალებითა და ძალის დატანებით, სურვილს მაინც მისრულებდა. რამდენჯერ საყვედური უთქვამს ჩემთვის: როგორი გაუგებარი და შეუბრალებელი ხარ, შვილო, როგორ არ გინდა, შეხვიდე ჩემს მდგომარეობაშიო... მე მაშინ არ მესმოდა ამ სიტყვების აზრი და მგონი, არც მინდოდა მათი გაგება, მარტო ერთი სურვილი მამოძრავებდა, რომ რაც შეიძლება, მალე შეესრულებინა დედას ჩემი სათხოვარი.

მას შემდეგ გავიდა მრავალი წელი და მე ასაკში შესვლასთან ერთად, თანდათან აღმოვჩნდი მსგავს მდგომარეობაში, როცა საქმის კეთება სიმძიმედ იქცა ჩემთვის, როცა ჯანმრთელობის სისუსტის გამო უწინდებურად აღარ მემორჩილებოდა სხეული. ამიტომ დატვირთვასა და სიმძიმესაც ხშირად ვერიდებოდი და ეს სხვებისთვის ძნელად დასაჯერებელი შეიქნა. სწორედ ამან ამიხილა თვალი და მიმახვედრა იმას, თუ როგორ უმძიმდა დედაჩემს სხეულის უძლურების გამო იმის კეთება, რასაც მე მას დაჟინებით ვთხოვდი. საკუთარმა უძლურებამ და განსაკუთრებით, სხვებისგან ამის დაუჯერებლობამ დამანახვა ჩემი შეუბრალებლობა თუ უგულისხმოება, რაზეც თავის დროზე დედაჩემი მიმითითებდა და მე ამის გამო დამეუფლა წუხილი და სინანული. ახლა, როცა ჩემი ადამიანური უძლურება და სისუსტენი, არცთუ იშვიათად გაუგებარი და ძნელად მისაღები გახდა სხვებისთვის, უკვე მესმის ჩემი მოუფრთხილებლობა და შეუწყნარებლობა, თურმე დედაჩემისადმი რომ ვიჩენდი და ვწუხვარ ამის გამო და ვნანობ. წლები დამჭირდა და კიდევ საკუთარი სისუსტე, იმის დასანახად, რაც მე უნდა უწინ დამენახა და რასაც ადრე უნდა მივხვედრილიყავი. ყველა ჩემი უწინდელი სისუსტენი დამიხვდა წინ, რამაც, რა თქმა უნდა, მომგვარა ტკივილები. მაგრამ მარტო ტკივილი არა: სადღაც, შიგნით, ჩუმი კმაყოფილებაც კი, რომ უფალმა ამით ამიხილა თვალი, დამანახვა ჩემი ნაკლოვანებანი, შეეცადა, მომარიდოს ცუდს და გადამინარჩუნოს სული. ყოველივე ჩემს საცხონებლად იქნა დაშვებული და მე ღმერთს მადლობას ვწირავ ამისთვის.

მახსოვს, ერთხელ, ჩემს ახალგაზრდობაში, ავტობუსით მგზავრობისას, შემთხვევით მოვისმინე ორი ასაკოვანი კაცის საუბარი. ერთი შესჩიოდა მეორეს: რა ვქნა, როგორ ცივა, დილით პირი ვერ დამიბანია ცივი წყლითო. მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და გულში განვიკითხე ის უცნობი კაცი: რა კაცი ხარ შენ, რომ პირი ვერ დაგიბანია ცივი წყლით-მეთქი. ეს სიტყვები მე გულში წარმოვთქვი და სამუდამო ტკივილად აღიბეჭდა ჩემში. მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც დავაშავე, რომ მე არ უნდა მეთქვა ის, მე არ უნდა განმეკითხა უცნობი ადამიანი, თუნდაც გულში, რომ მე ახლა საკუთარი თავი გავიმეტე რაღაც ცუდისთვის.

მას შემდეგ გავიდა წლები და სახსრების დაავადების გამო, რისკენაც ადრიდანვე ვიყავი მიდრეკილი, დილით ცივი წყლით ბანას შეგნებით მოვერიდე. ყოველთვის, როცა კი დამიჩივლია სიცივის გამო, მაშინვე მახსენებდა თავს ადრე უცნობი კაცის მისამართით წარმოთქმული სიტყვები: რა კაცი ხარ შენ, რომ პირი ვერ დაგიბანია ცივი წყლით? და ვგრძნობდი, რომ ახლა ამ სიტყვებს უკვე მე ჩემს თავს ვეუბნებოდი, ამით მე ჩემს კაცობას ვიწუნებდი და აღარ ვიცოდი, რით გამემართლებინა თავი. ჩემი მოუფიქრებელი და უგუნური სიტყვებისთვის, პატიებას ვთხოვდი უფალს და ზოგჯერ იმ უცნობი კაცის ჯანმრთელობასაც კი შევთხოვდი, მე რომ უხეშად განვიკითხე წლების წინ. მე არ მინდა იმისი თქმა, რომ ჩემი სატკივარი ღმერთმა დაუშვა ჩემი უწინდელი უგუნური საქციელისთვის, უცნობი კაცის განკითხვისთვის. სნეულება შეიძლება, მაინც შემხვედროდა, მაგრამ უფალი მეტად შემეწეოდა მის გადატანაში. ახლა კი ჩემს სატკივარს აძლიერებდა მაშინდელი განკითხვის სიმძიმე, რამაც უფრო გამიმძაფრა ტკივილი, მეტი სევდა და წუხილი შემოიტანა ჩემში, რადგან იგი ცოდვად მექცა, რისგანაც დღემდე ვერ გამითავისუფლებია თავი, რამეთუ მეფსალმუნის თქმისა არ იყოს: „იგი წინაშე ჩემსა არს მარადის“.

ჭეშმარიტად იმით განვიკითხებით, რითაც სხვებს განვიკითხავთ და იმას მოგვცემს უფალი, რასაც სხვათათვის ვიმეტებდით.

მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა