ღვთიური ენა
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 21.03

ცნობილია ილიას დებულება: „ენა საღმრთო რამ არის“. გარდა ეროვნების განმსაზღვრელი ფენომენის განსაკუთრებული ფუნქციისა, ილია ამ გამონათქვამით კიდევ მიუთითებდა ენის ღვთიურ წარმოშობაზე, უძველეს ბიბლიურ გადმოცემაზე და კიდევ – სახარებისეულ ჭეშმარიტებაზე, რომ მაცხოვარმა, ვიდრე მოციქულებს ხალხში სასუფევლის საქადაგებლად წარგზავნიდა, ისინი ჯერ იმ ხალხების ენების ცოდნით აღჭურვა, ვისთანაც ღვთის მაცოცხლებელი სიტყვა უნდა ექადაგათ, რათა სახარება ადვილი მისაღები და გასაგები გამხდარიყო მათთვის. ამიტომ, სულიერ ცხოვრებაში, კერძოდ, ღვთის მსახურებაში, არსებული მანკიერი მოვლენების სათავედ ილიას უპირველესად მშობლიური ენის უპატივცემლობა და დაუფასებლობა მიაჩნდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქართულ ენას თავისი ღირსეული ადგილი დაეკავებინა ერის ცხოვრებაში.
რაოდენ დასანანია, რომ დღეს, როდესაც ქვეყანა, შედარებით თავისუფალია, დღეს, როცა ღვთის მადლით, ქართული ეკლესია დამოუკიდებელია და სამწყსოს თვითონ მწყემსავს, დღეს, როცა ქართული ენა არ იდევნება და არ იზღუდება ისე, როგორც ილიას დროს, ის მაინც დაუცველი და მოუფრთხილებელია. სამწუხაროდ, დღესაც სჭირდება ჩვენს ხალხს და, განსაკუთრებით ჩვენს სასულიერო პირებს, ილიას შეგონება, რომ სათუთად მოეკიდონ მშობლიურ ენას, რომ სწორედ ენაში ინახება ღვთის სული და ენის მოუფრთხილებლობით უფალსაც შორდება ადამიანი. დღეს ლამის იშვიათობად იქცა კარგი ქართულის გაგონება ეკლესიაშიც. ამბიონიდან ძნელად თუ გაისმის მადლიანი ქართული სიტყვა, დღეს ცოტას თუ ესმის მშობლიური ენის მნიშვნელობა სულიერი განათლებისა და ცხონების საქმეში. დღეს, როცა ასე ძალიან შემოვიდა უცხო სული ჩვენში, ენა მშობლიური ისევ მისახედ საფასედ იქცა, ისევ დასაცავი და მოსაფრთხილებელი არის. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დიდი ილია, ისევე დაგვტრიალებს თავს, გვაფხიზლებს, გვწვრთნის თავისი ბრძნული შეგონებებით, დღესაც, როგორც თავის დროს, კვლავაც რჩება ჩვენი ენის სიწმინდისა და გადარჩენისთვის.
1904 წლის ნარკვევში – „ძველი და ახალი სამღვდელოება“, ილია ძველ სასულიერო წოდებას ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის დიდ ქება-დიდებას უძღვნის, ახალი სამღვდელოების ნაკლს კი ამხელს სიცხადით. სასულიერო პირთა უმთავრეს ნაკლად ილია იმათ გაუნათლებლობას მიიჩნევს. სწორედ უცოდინარობის, განუვითარებლობის შედეგად მიაჩნია ილიას ის, რომ სასულიერო პირებმა დაკარგეს ავტორიტეტი, რომ ხალხი მღვდელს უყურებს არა როგორც თავის სულიერ ხელმძღვანელს, არა როგორც თავის მწვრთნელსა და დამრიგებელს, არამედ, როგორც უსარგებლო და მცონარე პირს, ამიტომაც იკლო მოწიწებამ და პატივისცემაც სამღვდელოებისადმი, რაც ხალხს ჰქონდა უწინ. უცოდინრობა გონების სიბრმავეა, – ბრძანებდა ილია, – თვალის სიბრმავეზე უარესია, ბრმა სხვას თვალს ვერ აუხელს, ვერ გაუძღვება წინ.
ასეთ სიბნელესა და სიბრმავეს კი მოსდევს რწმენის დაკარგვა ხალხში, რასაც ამოწმებს კიდეც ილია მართალი: „ვინც სოფლისა თუ დაბა-ქალაქების სუსტსა და მიუძლურებულ მაჯისცემას ადევნებს თვალყურს, იმან უსათუოდ იცის, რომ ჩვენმა ხალხმა გონება-ქონებასთან სარწმუნოებაც დაკარგა... ეს სულისა და გონების აღმაშფოთებელი ამბავი, ვგონებ, დაფარული აღარავისთვის აღარ უნდა იყოს“.
უდიდესი გულისტკივილითაა ილიას მიერ ეს სიტყვები წარმოთქმული, ეს არის საკვირველი გაფრთხილება ჩვენთვისაც, თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება, მოჰყვეს სასულიერო წოდების უცოდინრობას – გაუნათლებლობა მთელი ერისთვის. როგორც ჩანს, ის, რაც ილიას აწვალებდა თავის დროს, დღესაც აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგან მიუხედავად რწმენაში თავისუფლებისა, ურწმუნოება მაინც მძლავრობს ჩვენში და იგი გარკვეულწილად ჩვენი ნაკლები განათლებიდან და არასწორი სულიერებიდან მოდის.
მე მოკლედ შევეხე ქართული ენის დაცვისა და სასულიერო პირთა განათლების საკითხს და შევეცადე, მეჩვენებინა ის, თუ რამდენად მისაღები და გამოსაყენებელია დღევანდელი ჩვენი ეკლესიისთვის ილიას ნააზრევი. ჭეშმარიტად, ილია დღესაც ხალხის დიდი მასწავლებელი და სულიერი მოძღვარია და ჩვენ, მის სულიერ შვილთ, გვმართებს მისი ნააზრევის საფუძვლიანი შესწავლა და გამოყენება ცხოვრებაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან