ღვთის განგებულება ადამიანის ცხოვრებაში
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 01.09

ცხოვრობდა ამქვეყნად ერთი გლეხი, რომელიც დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად შრომობდა, მაგრამ თავი ძლივს გაჰქონდა. ასე გრძელდებოდა მრავალი წელი და სულ უფრო ხშირად ფიქრობდა, რომ ცხოვრება უსამართლოდაა მოწყობილი. „რატომ დააჯილდოვა ღმერთმა ერთნი ყოველნაირი სიკეთით, დიდგვაროვნობით, სხვები კი მთელი ცხოვრება სიღარიბეში პიროფლიანი შრომის ამარა დატოვა?“
და აი, ერთხელ მას ხილვა ჰქონდა: დგას ის უზარმაზარ გამოქვაბულში, რომელიც სავსეა სხვადასხვა ზომის, წონისა და ფორმის ჯვრებით. ზოგი ჯვარი ოქროსია, ზოგი – ვერცხლის, ზოგიც – ქვის, ხის, ჩალის... გამოეცხადა ანგელოზი და ეუბნება: „ხედავ ამ ჯვრებს? ამოირჩიე ნებისმიერი და მთის მწვერვალზე აიტანე“.
თავდაპირველად გლეხმა ყველაზე დიდი, ოქროს ჯვარი ამოირჩია, მაგრამ მცდელობის მიუხედავად, მისი აწევაც კი ვერ შეძლო. მაშინ უფრო პატარა, ვერცხლის ჯვრის აღება გადაწყვიტა, მაგრამ ვერც ის ზიდა. ყველა ჯვარი მოსინჯა – ზოგი ძალიან მძიმე იყო, ზოგის ტარება შეუძლებელი იყო. მხოლოდ უბრალო, ხის ჯვარი მოირგო, ადვილად აიღო და მთის გზას შეუდგა. როცა ჯვარი მწვერვალზე აიტანა, გლეხი დაბრუნდა და ანგელოზს ჰკითხა:
– რა იქნება ჩემი ჯილდო ამ შრომისთვის?
– რათა თავად შეძლო, გადაწყვიტო, რას იმსახურებ, მე განგიცხადებ, ვისი ჯვრებია ესენი, – უპასუხა ანგელოზმა, – ოქროს ჯვარი, რომელიც თავდაპირველად მოგეწონა, მეფის ჯვარია. ადამიანთა უმრავლესობას ჰგონია, რომ მეფობა ძალიან კარგია. ზიხარ რბილ ტახტზე და ბრძანებებს იძლევი, მაგრამ არ იციან, რომ როგორც ოქროა ყველაზე მძიმე ლითონი, მეფობის ხვედრიც, ასევე, ყველაზე მძიმეა. ვერცხლის ჯვარი გამზადებულია მათთვის, ვინც ძალაუფლებითაა დაჯილდოებული. ეს ადამიანები საკუთარი ზურგით ეზიდებიან უამრავ საზრუნავსა და სხვა ადამიანთა გასაჭირს და მათ შორის ძალიან ცოტა ვინმე თუ ახერხებს ჯვრის მწვერვალამდე ატანას. სპილენძის ჯვარი იმათია, ვისაც უფალმა სიმდიდრე გამოუგზავნა. ბევრს შურს მათი, მაგრამ ასეთების ცხოვრება გაცილებით მძიმეა, ვიდრე შენი. შენ, შრომით დაღლილმა, შეგიძლია, მშვიდად დაიძინო, არავის გაექცევა თვალი შენი ღარიბული ქოხისკენ. მდიდარი დღედაღამ საკუთარ სიმდიდრეზე ჯავრობს და ეშინია, არავინ მოატყუოს. გარდა ამისა, მდიდარმა, თავისი სიმდიდრის გამო, უფლის წინაშე უნდა აგოს პასუხი, თუ როგორ გამოიყენა თავისი ქონება. რკინის ჯვარი სამხედრო პირებისთვისაა განკუთვნილი. ჰკითხე მათ, ვინც იბრძოდა და ისინი მოგიყვებიან მისი სიმძიმის შესახებ. ქვის ჯვარი ვაჭრებისთვისაა. ისინი ფიზიკურად მძიმედ არ შრომობენ, მაგრამ ხდება ისეც, რომ ვაჭარი მთელ მონაპოვარს კარგავს და ყველაფრის თავიდან დაწყება უხდება. აი, ხის ჯვარი კი, რომელიც შენ მთაზე აიტანე, გლეხებისაა. იცის გულთამხილავმა უფალმა, რომ სხვა შემთხვევაში შენ საკუთარ სულს დაღუპავდი და ვერ შეძლებდი ჯვრის ბოლომდე ტარებას. მაშ, წადი სახლში და ნუ დრტვინავ საკუთარ ხვედრზე: უფალი ყველას საკუთარი ძალის შესაფერის ჯვარს აძლევს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან