ღმერთი ჩვენ გველოდება
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.03, 2021 წელი

ერთხელ სააღმსარებლოში მამა ეპიფანესთან მივიდა მოხუცი, რომელიც აღსარებაზე პირველად იყო. მან უამბო, რომ ახალგაზრდობაში ახალშობილი შვილი დაახრჩო.
– გერონდა, მაპატიებს კი ღმერთი ასეთ სიმხეცეს?! – აღელვებით ჰკითხა მან.
– მოხუცო, ღმერთი მიუტევებს ყველა ცოდვას, რომელსაც ადამიანი გულწრფელად ნანობს და აღიარებს. ეს როდის მოხდა?
– მრავალი წლის წინ.
– წარმოიდგინეთ, რაოდენ კაცთმოყვარეა ღმერთი – რამდენ წელს ელოდა თქვენს სინანულს?
ჭეშმარიტი სინანული
– მიაქციე ყურადღება იმ ადამიანს, რომელიც ახლა გამოვიდა სააღმსარებლოდან? – ჰკითხა ერთხელ მამა ეპიფანემ ერთ ყმაწვილს.
– დიახ, – მიუგო მან, – მე განმაცვიფრა მასში მომხდარმა ცვლილებამ.
– მისი აღსარება, – განაგრძო ბერმა, – ყოველ ჯერზე მაოცებს, რადგან მასში თითოეული ცოდვა სინანულის ცრემლით არის განბანილი. არადა, ამ პიროვნებას სახელმწიფოში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა უკავია. მაქვს კი მე ასეთი სიმდაბლე?
სულიერი მამის რჩევა
ერთმა ცნობილმა ღვთისმეტყველმა გაუმხილა მამა ეპიფანეს, რომ სურდა, რომელიმე ბერის არჩევა (სულიერ მამად). მამა ეპიფანემ უთხრა:
– ჩემო ძვირფასო, შენ რთულად გაქვს საქმე საკუთარ თავთან და არა ბერის შერჩევაში. მხოლოდ სულიერი მამის არჩევა რომ გაწუხებდეს, უბრალოდ, გახვიდოდი გზაზე, გაუხვევდი მარჯვნივ, გაივლიდი ას მეტრს, შემდეგ მარცხნივ შეუხვევდი, კიდევ ორმოცდაათ მეტრს გაივლიდი, შეჩერდებოდი, დაიცდიდი და პირველსავე შემხვედრ სულიერ მამას სრულად დაემორჩილებოდი, განსჯის გარეშე. ჩვენ წმიდა ბერები კი არა, უფრო მეტად წმიდა მორჩილება გვჭირდება. სწორედ, ეს გვაკლია. განა ჩვენი ეკლესიის ყველა წმიდანს ჰყოლია წმიდა ბერი? არა! მაგრამ მათ ჰქონდათ წმიდა სიმდაბლე და წმიდა მორჩილება, ამიტომაც გახდნენ წმიდანები.
***
– გერონდა, როგორ მოვიქცეთ, თუ სულიერი მამა ჩვენგან ითხოვს იმას, რაც წმიდა წერილსა და წმიდა კანონებს ეწინააღმდეგება?
– რადგან მორჩილებაში ხართ, ღმერთი არ დაუშვებს, რომ რაიმე ცუდი შეგემთხვეთ. მე მოგიყვებით ორ ისტორიას მოღვაწეთა ცხოვრებიდან, რომლებიც ჩემი სიტყვების დამადასტურებლად გამოდგება.
აი, პირველი შემთხვევა: ერთი კაცი მონასტერში საცხოვრებლად წავიდა და თან წაიყვანა თავისი მცირეწლოვანი ვაჟი. სავანის იღუმენს შინაგანმა ხმამ უბიძგა, მშობლის მორჩილება გამოეცადა და მამას უბრძანა, ბავშვი ანთებულ ღუმელში შეეგდო. როდესაც ამ კაცმა უსიტყვოდ შეასრულა ბრძანება, ცეცხლი მყისვე ჩაქრა.
მეორე შემთხვევა: ერთ კაცს იღუმენმა უბრძანა, თავისი შვილი ჩაეგდო მდინარეში, სადაც ნიანგები ბინადრობდნენ. იღუმენმა მას მონაზონიც გააყოლა, რათა შეეჩერებინა მამა, როგორც კი ის მორჩილების შესრულებას დააპირებდა. ამრიგად ღმერთმა გამოავლინა მომავალი მონაზონის სრული მორჩილებაც და არც მკვლელობა დაუშვა.
თუ მორჩილებით აღასრულებ თუნდაც თითქოსდა საღვთო წერილის საწინააღმდეგო ქმედებას, როგორიც ეს ზემოაღწერილი მკვლელობები იყო, დამღუპველ შედეგებს არასოდეს მოიტანს.
პირიქით, ასეთ შემთხვევებში ურჩობა სასჯელს ექვემდებარება. აი, მაგალითი ძველი აღთქმიდან: წინასწარმეტყველმა ღვთის ნების თანახმად უბრძანა ერთ კაცს, დაერტყა მისთვის, რაზედაც ეს უკანასკნელი უარს ამბობდა. მაშინ წინასწარმეტყველმა უთხრა მას: „ამისთვის, რამეთუ არა ისმინე ხმაი უფლისა, აჰა, ვითარცა წარხვიდე ჩემგან, განგბძაროს შენ ლომმან“ (3 მეფ. 20,36). და ასეც მოხდა.
***
ერთმა დედაკაცმა, რომელმაც პირველად თქვა აღსარება მამა ეპიფანესთან, წასვლისას უთხრა:
– მამაო, მერჩივნა მოხუც და ბრმა სულიერ მამასთან მეთქვა აღსარება.
– და თუ ის ყრუც იქნებოდა, მთლად კარგი, – შეაგება მამა ეპიფანემ.
ეპიფანე თეოდოროპულოსი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან