რელიგია

განკითხვის შესახებ

№6

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

რელიგია
დაკოპირებულია

რამდენი მანკიერებით ვართ სავსენი და ვერც კი ვგრძნობთ ამას. ერთმანეთს ვბკენთ და ვებრძვით, მოყვასს შეურაცხვყოფთ, ბრალს ვდებთ. ცილს ვწამებთ და გვშურს მისი. და თანაც, ნახე, რა საშინელი ბოროტებაა: როდესაც ვინმეს სურს მოყვასის კარგი სახელისთვის ჩრდილის მიყენება, ამბობს: „მავანმა ამ კაცზე ესა და ეს მითხრაო. შემინდე, ღმერთო და ნუ დამსჯი – მე მხოლოდ ისა ვთქვი, რასაც სხვები ამბობენო“. მაშ, რისთვის ამბობ, თუკი შენ თვითონ არ გჯერა? ჭორის გავრცელებით რად უწყობ ხელს, რომ ნათქვამი სინამდვილედ მიიღონ? რატომ გადასცემ სხვებს ამბავს, თუკი ის არასწორია? შენ თვითონ არ გჯერა შენი ნათქვამის, მაგრამ ღმერთს სთხოვ, რომ არ განგიკითხოს? მაშ, ნუ ლაპარაკობ, დადუმდი, და ამით საკუთარ თავს ყოველგვარი შიშისგან იხსნი.

რა ადვილად ვდებთ ბრალს კაცს, რა ადვილად განვიკითხავთ! სხვა რომ არაფერი გვქონდეს ცუდი ჩადენილი, ესეც საკმარისია ჩვენთვის წარსაწყმედად, ჯოჯოხეთში მოსახვედრად და ათასი უბედურების მიზეზად. ხოლო იმისთვის, რომ ეს უკეთ გაიგო, ისმინე წინასწარმეტყველის ნათქვამი: „შჯდი რა, ძმისა შენისათვის ბოროტსა იტყოდი“ (ფსალმ. 49.20). იტყვი, მაგრამ ეს ხომ მე კი არა, სხვამ თქვაო. არა, სწორედ რომ, შენ. შენ რომ არ გაგემეორებინა, სხვა ვერ გაიგებდა, ხოლო თუ გაიგებდა, შენ არ იქნებოდი დამნაშავე ცოდვაში. მოყვასის ნაკლოვანებები უნდა მიჩქმალო და მიაჩუმათო, შენ კიდევ კეთილმოსურნეობის საბაბით ააშკარავებ მათ. და ხდები თუ ბრალდებული არა, მთხრობელი მაინც, მოლაყბე, ბრიყვი. ვაი, სირცხვილო! შენც მასთან ერთად არცხვენ შენს თავს და ვერც კი გრძნობ ამას? შეხედე, რამდენი ბოროტება იშვება აქედან: შენ განარისხებ ღმერთს, გულს სტკენ მოყვასს, საკუთარ თავს კი სასჯელის თანამდებად ხდი! რისთვის ავრცელებ ჭორს? რისთვის ამრავლებ ბოროტებას? მას შეუძლია ჩვენი დაღუპვა. ამიტომაც ამბობს ქრისტე: „ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ“ (მთ. 7,1). ყბედობას უთვალავი ბოროტება უშვია: ოჯახები დანგრეულა, მეგობრული კავშირები დარღვეულა, კიდევ ათასი სხვა უბედურება მომხდარა. მაშ, ნუ ეცდები, კაცო, შეიტყო ის, რაც შენს მოყვასს ეხება. გიჯობს, ღმერთს შენს საქმეებზე ესაუბრო – და ეს უკვე ნაკლად კი არა, ღირსებად ჩაგეთვლება. ესაუბრე შენს საქმეებზე მეგობრებს, ოღონდ ნამდვილ და სარწმუნო მეგობრებს, რომლებსაც ენდობი, რათა მათ ილოცონ შენი ცოდვების მოტევებისთვის. განკითხვა გსურს? საკუთარი თავი განიკითხე. არავინ განგიკითხავს, თუკი საკუთარ თავს შენ თვითონ განიკითხავ. ხედავ, რომ ვიღაც მრისხანებს, ღიზიანდება ან კიდევ რაიმე სხვა უგუნურ საქციელს სჩადის? უმალვე შენი საქმეები გაიხსენე, მაშინ ვეღარც მას განიკითხავ ისე მკაცრად და საკუთარ თავსაც იხსნი ცოდვათა სიმძიმისგან. თუ ამნაირად დავუდებთ საზღვარს საკუთარ თავს, თუ ასე კეთილად წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას, მაშინ, ცხადია, მრავალ ცოდვას ავიცილებთ თავიდან, მრავალ სიკეთეს ჩავიდენთ, ვიქნებით მშვიდნი და ზომიერნი, და დავიმკვიდრებთ ყველა იმ სიკეთეს, რაც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვარეებს.

წმიდა იოანე ოქროპირი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი