დემონიზმი მატერიალურ რწმენაში იმალება
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 27.12
მატერიალიზმი მატერიის რწმენაა. ღვთისა და მის მიერ შექმნილი სამყაროს ნაცვლად რაღაც მატერიის აღიარება, რომელიც არსაიდან წარმოქმნილა, რომელსაც არსაით მივყავართ, რომელიც სულ სადღაც მიედინება, მაგრამ არსად ჩაედინება... მატერიალიზმი მატერიის გაუგებარი რწმენაა. ამ რწმენას თავისი წინასწარმეტყველები ჰყავს, თავისი მასწავლებლები, ავტორიტეტები, თავისი დოქტრინები, დოგმატები, თავისი სწორი და არასწორი გაგება, როგორც რელიგიაშია, მხოლოდ პირიქით – რელიგიას მივყავართ ღმერთთან, მატერიალიზმს კი – ღმერთისგან. მატერიალისტებმა თვითონ არ იციან, რა არის მატერია, საიდან მოდის ის, საით მიემართება და რატომ... მატერიალისტისთვის მატერიალიზმი მკვდარი ღვთაებაა, ღვთაება ცნობიერების გარეშე. მატერიალიზმი იბადება ხალხის სურვილიდან – არ სწამდეთ ღმერთი. რადგან თუ არსებობს შემოქმედი ღმერთი, ყოველი არსის ცხოველსმყოფელი მამა, მაშინ „არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს“.
ღვთის რწმენა ნიშნავს უმაღლესი სიყვარულისკენ სწრაფვას, განურჩევლად ყველა ადამიანის სიყვარულს, უზენაეს სიმართლეში სრულყოფას. ღვთის რწმენა ნიშნავს, არა ქმნა კერპი არცა მატერიისა, არცა ადამიანისა და არცა თავისაგან შენისა.
აი, რა არის ყველაზე რთული კაცობრიობისთვის – ადამიანებს უყვართ კერპები. მათ არ სურთ, თავი მსხვერპლად მიუტანონ ჭეშმარიტ ღმერთს, სამაგიეროდ, ადვილად ეწირებიან კერპებს. კერპი ნებას გვაძლევს, შევცოდოთ, ამიტომაც ბევრს ის უფრო უყვარს, ვიდრე ღმერთი.
უფალს არ ირჩევენ, როგორც არ ირჩევენ მზის შუქს. კერპი კი ყოველთვის შეიძლება, ამოირჩიო და როცა ერთს განაგდებ, შეგიძლია, მეორეს დაემონო. ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტი სიმართლის მზისგან, სულიერი სინათლის წყაროსა და ღვთის ზნეობრივი ძალისაგან ილტვიან, სხვადასხვა ხილულ თუ უხილავ კერპებს ესწრაფვიან. ამით ბოროტი სულები იპყრობენ კაცობრიობას და მას განსჯისა და განსაცდელის უფსკრულში აგდებენ.
კაცობრიობის ერთ-ერთ უკანასკნელ კერპად შეგვიძლია, მატერია მივიჩნიოთ. ადრე კერპთაყვანისმცემლები მატერიის ცალკეულ ნაწილებს ეთაყვანებოდნენ. მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში კი ფრანგი ენციკლოპედისტებისა და გერმანელი ნატურალისტების გავლენით, ბევრმა მთელი მატერია გააღმერთა. ეს ხელსაყრელად მიიჩნიეს. არ არის საჭირო, უსახო მატერიის სიყვარული, ის არაფერს გირჩევს, არ ამხელს ბოროტებას, არ მიუთითებს სიმართლეზე და საერთოდ, არაფრისმთქმელია ადამიანისთვის. სამაგიეროდ, ადამიანს შეუძლია, ილაპარაკოს მასზე, რამდენიც სურს. მატერიას არ ესმის, მატერია ვერ ხედავს, ეს სასიამოვნოა ცოდვილისთვის – ადამიანისთვის, რომელიც ღმერთს გაექცა. მატერია მას არ მოუწოდებს სულიერი სრულყოფისაკენ.
დოსტოევსკის ერთი გმირის თქმით, „თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია“. ეს სამართლიანია, თუ ადამიანი მაცხოვნებელი ღმერთის უწმინდესი ძალით არ არის შექმნილი, ესე იგი, ის, უბრალოდ, უგუნური, უსახო მატერიიდან დაიბადა, როგორც მითიური აფროდიტე ზღვის ქაფიდან, მაშინ, რაღა თქმა უნდა, მისთვის „ყველაფერი ნებადართულია“, მისთვის არ არსებობს არც სიკეთე, არც ბოროტება და ყველა პარტიას, ყველა სახელმწიფოს, ყველა ადამიანს შეუძლია, თავისი სიკეთე და ბოროტება გამოიგონოს. ეს მისაღები თეორიაა მათთვის, ვისაც ღვთისა კი არა, საკუთარი კანონებით სურს ცხოვრება; ვისაც სურს, მას არავინ განიკითხავდეს, მხოლოდ თვითონ განიკითხოს სხვა.
დემონიზმი ამ მატერიალისტურ რწმენაში იმალება, რომელიც მის აღმსარებელ ადამიანის სულსა და მთელ კაცობრიობას დაღუპვას უქადის.
მატერიალიზმის მხოლოდ ბოროტებით მოტყუებულ ან შეგნებულად ღვთის უარმყოფელ ადამიანს სჯერა. უზენაესი მორალური მსჯავრის შიშით ადამიანები ფიქრობენ, რომ ღმერთს მატერიაში, თვით მცნება „მატერიაშიც“ კი, დაემალებიან. ასე მალავს სირაქლემა თავს ქვიშაში საშიშროების მოახლოებისას. მაგრამ სად დაემალები ღმერთს? შემოქმედის სული ყველგან აღწევს – ხილულშიც და უხილავშიც.
მატერიალიზმი რწმენაა და არა ცოდნა. მატერიალისტების მეცნიერული წარმოდგენა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა, თანამედროვეობის მიერ უარყოფილ იქნა.
დიალექტიკური მატერიალიზმის მიმდევრებს ძალა არ შესწევთ, მეცნიერულად უარყონ თანამედროვე მსოფლიო მეცნიერების დებულებები.
ჭეშმარიტი მეცნიერება მოკრძალებულია, რადგან ის არ ეკუთვნის მკვდარ მატერიას, არც ცბიერ დიალექტიკას, არამედ ადამიანის ცხოველ სულს – ამ საოცარ სამყაროს, რომელიც დიადი შემოქმედის მიერაა შექმნილი.
ეპისკოპოსი იოანე
სან-ფრანცისკოელი (შახოვსკოი)
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


