ჭეშმარიტი რწმენის აუცილებლობა
ავტორი: „თბილისელები“ 16:00

უფალმა განაცხადა, რომ იმათი ცხონებისთვის, ვისაც ქრისტე არ სწამს, აუცილებელია, სწამდეთ ის, ხოლო ვისაც სწამს ქრისტე მაცხოვარი, მათთვის აუცილებელია, იცხოვრონ საღმრთო მცნებების მიხედვით. ვისაც ქრისტე არ სწამს, საუკუნოდ წარწყმდება. საუკუნოდ წარწყმდება ისიც, ვისაც ქრისტე სწამს მხოლოდ სიტყვით, მაგრამ არ აღასრულებს მის წმიდა მცნებებს და ამგვარად საქმით უარყოფს მას, ანუ სხვაგვარად: ხსნისთვის აუცილებელია, გვქონდეს ცხოველი სარწმუნოება ქრისტეს მიმართ.
როცა იუდეველებმა ჰკითხეს უფალს: „რაი ვყოთ, რაითა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმეი ღმრთისაი, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა“ (ინ. 6,28-29). ქრისტეს ცხოველი რწმენა არის საქმე და საქმენი ღმრთისანი იმდენად ყოვლის მომცველია, რომ მათ მიერ ხსნა სრულად აღესრულება. მსგავსი სარწმუნოება ადამიანის ცხოვრებით, მთელი არსებით გამოიხატება: იგი მოიცავს მის ზრახვებს, მის გულის შეგრძნებებსა და მის მოქმედებებს. „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი“ (ინ. 6,47). „და ესე არს ცხორებაი საუკუნოი, რაითა გიცოდიან შენ. მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე“ (ინ. 17,3).
ცხოველი სარწმუნოება არის ღმერთის განჭვრეტა და შემეცნება. ეს არის ცხოვრება, რომელიც ამ სოფლისათვის თავის მოკვდინებითა და სრული კეთილმსახურებით აღესრულება. ცხოველი რწმენა ღმერთის საბოძვარია.
პალატი სულიერებისა, სადაც ინახება და საიდანაც უხვად მოგვეცემა სულიერი განძი – ჭეშმარიტი რწმენა – არის საყოველთაო, წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია. ხსნისთვის აუცილებელია, ვეკუთვნოდეთ მას, ვინც არ მორჩილებს ეკლესიას, „იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“ (მთ. 18,178), – ბრძანა უფალმა.
ყოველი დროის წმიდა მამები ღმერთის მიერ განცხადებული მოძღვრებისადმი თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავენ სიტყვით „მრწამს“. თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც უპირატესად განადიდებს თავს, ვითარცა მწიგნობარი და ქრისტიანი, მუდამ გაისმის ღმრთიური განცხადების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამომხატველი ნიში, სიტყვა: „ჩემი აზრით“. საიდან გაჩნდა ეს ნიში და სიტყვა? ისინი გაჩნდნენ ქრისტიანობაში გაუთვითცნობიერებლობის გამო. ზოგიერთნი, გონებით აღსრულებული ცოდვის მსუბუქად და არარაობად მიიჩნევენ! რამდენადაც სული აღმატებულია სხეულზე, ამდენად სულის მიერ აღსრულებული სათნოება უფრო ამაღლებულია, ვიდრე ხორცის მიერ აღსრულებული. რამდენადაც სული აღმატებულია ხორცზე, იმდენად ცოდვა, შეწყნარებული და აღსრულებული სულში, უფრო მძიმეა და წარმწყმედელი, ვიდრე ხორცით აღსრულებული. ხორცით აღსრულებული ცოდვა ცხადია, სულში აღსრულებული ცოდვა კი ძალიან ხშირად ძნელად შესამჩნევი, ზოგჯერ შეუმჩნეველიც კია ადამიანებისთვის, რომლებიც ამქვეყნიურ საზრუნავებში არიან ჩაფლულნი. მით უმეტეს, საშიშია იგი! მით უფრო მოხერხებულად გვაძლევს იგი! მით უფრო მოუშუშებელია მის მიერ მოყენებული იარები! მცდარი აზრებით პირებული ნათლის ანგელოზი შეიქმნა დაბნელებულ ეშმაკად და ზეციური სავანიდან განგდებული, დაინთქა ჯოჯოხეთში. მან თან წარიტანა ანგელოზთა და ადამიანთა სიმრავლე, რომელთაც დაუშვეს ცრუ აზრებით აღვსებულიყო მათი გონება. უფალმა დაცემულ ანგელოზს სიცრუის მამა და კაცთა მკვლელი უწოდა, რომელიც განშორებულია ჭეშმარიტებასგან (ინ. 8.44).
სიცრუე მარადიული სიკვდილის წყაროა და მიზეზი, და პირიქით, თვით უფლის განმარტებით, ჭეშმარიტება არის ხსნის წყარო და მიზეზი (ინ. 8,32). წმიდა ჭეშმარიტება, ეკლესია თავის წიაღში იმარხავს მას წიაღში დამკვიდრებით და მისდამი მორჩილებით შეიძლება, შევიქმნათ სწორი წარმოდგენა ღმერთზე, ადამიანზე, სიკეთეზე, ბოროტებაზე, შესაბამისად, ხსნაზეც. ცხადია, თუკი ხსნის შესახებ არა გვაქვს სწორი წარმოდგენა, შეუძლებელი იქნება თავად ხსნის დამკვიდრება. დასაბამი ხსნისა არის ჭეშმარიტება და სწორი აზროვნება! წარწყმედის საწინდარი კი არასწორად აზროვნებაა.
ყოველგვარი გადახვევა ჭეშმარიტი სწავლებისგან და მცდარ შეხედულებათა შეწყნარება, რომელიც ამ სწავლებას ეწინააღმდეგება, შეერთებულია უდიდეს ცოდვასთან – ღმრთის გმობასთან და მის უარყოფასთან. პირველმშობელთა დაცემის შედეგად მიღებული გამოცდილებით, რომელსაც დასაბამი მხარი აზრების მიღებამ მისცა, ვხედავთ ამ სიტყვების დადასტურებას. აგრეთვე, ეს ჩანს ყოველ მწვალებლობაში. მათგან ერთნი გმობდნენ ღმერთს, ცდილობდნენ უარეყოთ ღმრთაებრივი ბუნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და შეერყვნათ სწავლება მისი განკაცების შესახებ: მეორენი ღმერთს გმობდნენ და ადამიანს მიაწერეს ღმრთაებრივი ღირსებები (პაპისტები); სხვა ღმერთის მგმობელებმა სული წმიდას ქმნილება უწოდეს; სხვანი ეკლესიის საიდუმლოებებში სული წმიდის მოქმედებას უარყოფდნენ და მას ადამიანის გამოგონილად მიიჩნევდნენ (პროტესტანტები). და ბოლოს, ზოგიერთებმა უგულებელყვეს ქრისტეს მცნებების მიხედვით ცხოვრება, მზაკვრულად დაიდუმებენ სარწმუნოებრივი სწავლების შესახებ და ესრეთ მოაკვდინებენ რწმენას, რომლის არსებობისთვის აუცილებელია რწმენისმიერი საქმეები, რამეთუ „სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს“ (იაკ. 2,20).
წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან