ჭეშმარიტების გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 29.09, 2023 წელი

მშობლებთან დამოკიდებულება
თავს ჩემს სულიერ შვილს უწოდებ და გსურს, ჩემგან პირადი ხელნაწერი გქონდეს. თუ ასეა, მაშინ შეისმინე, რასაც გეტყვის შენი სულიერი მოძღვარი. უკეთუ გნებავს, ცხოვრებაში წარმატებული იყო, ეცადე, იცხოვრო ღვთის მცნებების თანახმად და არა ჩვეულებრივი, ადამიანური წეს-ჩვეულებებით. უფალი ესაია წინასწარმეტყველის პირით ბრძანებს: „უკეთუ ისმინოთ ჩემი (ანუ ღვთის მცნებების აღსრულებით) და მოიღოთ კეთილი ქუეყნისა“. მთავარი მცნება აღთქმაშია: „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და კეთილ გეყოს და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“. უადგილო გამოხტომები ან აფეთქებები მშობლების წინაშე, ნებისმიერ შემთხვევაში უპატიებელია. კაცთა შორის ცხოვრობს ბრძნული სიტყვა: „კვერცხი ქათამს არ ასწავლის“. ახალგაზრდა ასაკის მქონეთ ჯერ თავი უნდა აღზარდონ და შეაგონონ თვალის დამარხვით, ენის შეკავებით და საერთოდ, კეთილკრძალული და მოკრძალებული მოქმდებით და საქციელით სხვათა მიმართ; განიდევნოს თავიდან ღვთისა და სჯულის საწინააღმდეგო ზრახვებიც კი, რადგან ადამიანები მხოლოდ სახეს უყურებენ, ღმერთი კი ხედავს გულსაც და მისგან არის დამოკიდებული ჩვენი ხვედრი, როგორც აქ, ისე, მომავალ ცხოვრებაშიც არავინ განიკითხო, ნუ განსჯი და თავადაც გაექცევი საღმრთო განკითხვას. ბოლოს კი გახსოვდეთ უფლის მკაცრი სიტყვები: „რომელსა სირცხვილ უჩნდეს ჩემად მომართ, მას ძემანცა კაცისამარ არცხვინოს, ოდეს მოვიდეს დიდებათა თვისითა და მამისაითა და წმიდათა ანგელოზთაითა“. უფროსების პატივისცემაზე წმიდა წერილში ნათქვამია: „ხუცესს საძაგელს ნუ გაუკეთებ“. მით უმეტეს, ბავშვები ვალდებული არიან, ყველანაირად პატივი სცენ მშობლებს, ეცადონ, დაამშვიდონ ისინი ყველაფრით, რაც ღვთის მცნებებს არ ეწინააღმდეგება.
კითხვის შესახებ
ჩემი აზრი კითხვით მეცადინეობის შესახებ ასეთია. პირველ რიგში, ყრმა გონება უნდა ამეცადინო წმიდა წერილის ისტორიით და წმიდათა ცხოვრების კითხვით, შერჩევისამებრ, შეუმჩნევლად მასში ღვთის შიშის და ქრისტიანული ცხოვრების ჩანერგვით. განსაკუთრებით ღვთის შემწეობით საჭიროა, ჩაუნერგოთ, თუ რამდენად აუცილებელია ღვთის მცნებების დამარხვა და რა საუბედურო შემთხვევები შეიძლება, მოჰყვეს მათ დარღვევას. ყველაფერი ეს მოიყვანეთ ჩვენი წინაპრების მაგალითებიდან, რომლებმაც აკრძალული ხის ნაყოფი იხმიეს და ამისთვის სამოთხიდან განიდევნენ. იგავების კითხვა შეიძლება, დროებით მივატოვოთ, მანამდე კი ბავშვთან მეცადინეობისას ზეპირად ასწავლოთ რამდენიმე ლოცვა, მრწამსი და რჩეული ფსალმუნნი, მაგალითად, „რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა“, „უფალი ნათელ ჩემდა“ და მსგავსნი მათნი. მთავარია, რომ ბავშვი დაკავებული იყოს შეძლებისდაგვარად და მომართული ღვთის შიშისკენ. აქედანაა ყოველივე სათნო და კეთილი და პირიქით – უქმობა და ბავშვებში ღვთის შიშის არჩანერგვა არის ყველა ბოროტებისა და უბედურების მიზეზი. ღვთის შიშის ჩანერგვის გარეშე, რითაც არ უნდა დააკავოთ ბავშვები, სასურველ შედეგს ვერ მოიტანს სათნო ხასიათისა და კეთილმოწყობილ ცხოვრებასთან მიმართებისას. ღვთის შიშის ჩანერგვით ყოველი მეცადინეობა კარგია და სასარგებლო. განსაკუთრებული დაწვრილმანება და თადარიგის დაჭერა არაა მთლად საჭირო. საქმე ბევრად მარტივად უნდა წარმართოთ, ღვთის შეწევნის იმედით, რომელსაც ყოველთვის უნდა ვითხოვდეთ.
ღირსი ამბროსი ოპტინელი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან