რელიგია

ჭეშმარიტების გზაზე

№36

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 15.09

რელიგია
დაკოპირებულია

მამა ანტონმა თქვა: „დიდი საქმეა, კაცმა მთელი შეცდომა თავის თავზე აიღოს ღვთის წინაშე და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მოელოდეს განსაცდელს“. ყველგან ვხვდებით, რომ მამები იცავდნენ ამას – რაც შეემთხვეოდათ, ყველაფერს ღმერთს მიანდობდნენ და ამიტომ სიმშვიდე პოვეს.

ნახეთ, რა თქვა წმინდა ბერმა, როცა დასნეულდა და ძმამ შეცდომით თაფლის ნაცვლად საჭმელში სელის ზეთი ჩაუსხა. ბერმა უხმაოდ შეჭამა. არ უსაყვედურა ძმას, რომელმაც ეს რომ შეიტყო, შეწუხდა და უთხრა: „მამაო, მოგკალი, ცოდვაში ჩამაგდე, რადგან არაფერი მითხარი“. ნახეთ, როგორი სიმშვიდით მიუგო: „ნუ წუხხარ, შვილო, რადგან ღმერთს რომ ნდომებოდა, თაფლი მეჭამა, ჩამისხამდი კიდეც“. და მყისვე მისი გონება ღმერთთან მიიყვანა. როგორ არ გაიფიქრა, რომ ძმა შეცდა და ღმერთი არაფერ შუაში იყო, არამედ თქვა: „ღმერთს რომ ნდომებოდა, ძმა თაფლს ჩაასხამდა“. საოცარია, ასეთი უძლურებისა და ამდენი დღის უჭმელობის შემდეგაც არ დაბრკოლდა ძმის მიმართ, არამედ ღმერთს მადლობდა და მშვიდად იყო.

ჩვენ კი ყოველ საქმეში მოყვასს ვადანაშაულებთ, ჩვენს მოძულედ მივიჩნევთ. რაიმეს გაგონებისას მყისვე ვამბობთ: „ჩემი წყენა რომ არ ნდომებოდა, ამ სიტყვას არც მეტყოდა“. სად არის ის წმინდა, რომელმაც სემის შესახებ თქვა: „ნუ აყენებ მაგას, აცადე და მწყევდეს. ვინ უწყის, თუ უფალსა უთქუამს, ვითარმედ ძვრისა მეტყუელად აღუდგა დავითსაო“ (2 მეფ. 16.10). ღმერთმა უთხრა კაცის მკვლელს, წინასწარმეტყველი დაეწყევლა? არავითარ შემთხვევაში! მაგრამ წინასწარმეტყველი იყო გონიერი და იცოდა, სულისთვის ღვთის წყალობა ისე ვერაფერს მოაქვს, როგორც განსაცდელს. ამიტომ თქვა: „თუ უფალსა უთქვამს, ვითარმედ ძვრისა მეტყუელად აღუდგა დავითსაო“, რათა ღმერთმა ჩემი თავმდაბლობა იხილოს, და წყევლის წილ სიკეთე მომცეს. დახეთ მის გონიერებას! რას ეუბნებოდა იმათ, მის მაწყევარზე შურისძიებას რომ ლამობდნენ: „რა ძეს ჩემი და შენი, ძეო შარუელისაო? ნუ აყენებ მაგას, აცადე და მწყევდეს, ვინ უწყის, თუ უფალსა უთქუამს, ვითარმედ ძვირისა მეტყუელად აღუდგა დავითსაო“ (2 მეფ. 16.10). ჩვენ კი ძმა რამეს თუ გვეტყვის, კი არ ვამბობთ, ღმერთმა უბრძანაო, არამედ მყისვე ვემსგავსებით ძაღლს, რომელიც, თუ ვინმე ქვას ესვრის, დაუყოვნებლივ თავს ანებებს ქვის მტყორცნელს, მიდის და ქვას კბენს. ჩვენც ასევე ვტოვებთ ღმერთს, ჩვენი ცოდვების შესანდობად ჩვენზე განსაცდელს რომ უშვებს, ძმას ვებრძვით და ვამბობთ: „რატომ მითხრა ან რატომ მომექცა ასე?“ სარგებლის ნაცვლად ჩვენს თავს ვვნებთ, და არ ვიცით, რომ ყველაფერი ღვთის განგებით გვემართება ჩვენდა სასარგებლოდ. ყველა წმინდანის მეოხებით ღმერთმა მოგვცეს გონიერება!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი