რელიგია

ჭეშმარიტების გზაზე

№7

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

რელიგია
დაკოპირებულია

უმაღლესი სათნოებაა, კაცი ყველაფერს ღმერთს მიაწერდეს და თავისად არაფერი მიაჩნდეს, არ ზრუნავდეს კაცთაგან ქების მოხვეჭაზე, არამედ ყოველივეს ღმრთის წინაშე სათნო-ყოფისათვის იქმოდეს, რამეთუ იგი და არა სხვა ვინმე მოგვთხოვს პასუხს ჩვენი საქმეებისთვის. მაგრამ ჩვენს დროში ეს წესი შებრუნებულია: დღეს იმდენად მისი (ღმერთის) კი არ გვეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზე დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისთვის, არამედ იმათი, ვინც ჩვენთან ერთად წარდგება ღმრთის სამსჯავროზე. საიდან გაჩნდა ჩვენში ეს სნეულება? საიდან შემოვიდა ჩვენს გულებში? იქიდან, რომ იშვიათად ვფიქრობთ მომავალზე და უკიდურესად მიჯაჭვულნი ვართ დღევანდელ დღეს. ამიტომაც ჩავდივართ ასე იოლად ცუდ საქმეებს, ხოლო თუ რაიმე სიკეთეს ვაკეთებთ, იმასაც მხოლოდ კაცთათვის საჩვენებლად ვიქმთ, ამდენად, ამისთვისაც სასჯელი მოგველის. კაცმა შეიძლება, გულისთქმით შეხედოს ქალს და ეს იმასაც დაუმალოს, ვისაც შეხედა და თავის თანმხლებთაც, მაგრამ ვერაფერს გამოაპარებს იმ თვალს, რომელიც არასოდეს თვლემს. ჯერ კიდევ მანამ, სანამ კაცი ცოდვას ჩაიდენდეს, ღმერთის მღვიძარე თვალი უკვე ხედავს მის სულში შემცოდე გულისთქმას, შინაგან შფოთს და გულისსიტყვათა მღელვარე, დაუოკებელ დუღილს, რამეთუ ყოვლისმხედველს არ სჭირდება არც მოწმეები, არც მტკიცებულებები. ასე რომ, ნუ აქცევ ყურადღებას შენსავე მსგავს ადამიანებს: კაცმა კიდევაც რომ აქოს შენი საქმეები, ეს ქება არას გარგებს, თუკი მათ ღმერთი არ შეიწყნარებს. ასევე, კაცმა რომც გაძაგოს, ეს ვერაფერს დაგაკლებს, თუკი ღმერთი არ განგიკითხავს. როდესაც შენსავე მსგავს მონათა აზრს მაღლა აყენებ, მსაჯულის (ღმერთის) ყვედრებისა კი არ გეშინია, გაფრთხილდი, არ განარისხო იგი. ამგვარად, არად ჩავაგდოთ კაცობრივი ქება, ყოველთვის გვახსოვდეს შიში ღმრთისა და მაშინ ყველაზე მრისხანე ვნებებიც კი დადუმდებიან. ამ შიშის გარეშე თუ ვიცხოვრებთ, ვერც რაიმე დიდისა და კეთილშობილურის გაკეთებას შევძლებთ. ამიტომაც ამბობს მაცხოვარი: „შიშითა და ძრწოლით თვისსა ცხოვრებასა იქმოდეთ“ (ფილიპ. 2,12). უბრალოდ კი არ თქვა, „შიშითო“, არამედ „ძრწოლითო“ დაუმატა, რომელიც არის შიშის აღმატებითი ხარისხი და თუკი თვით ყოფითი საქმეების კეთებაც კი შეუძლებელია შიშის გარეშე, განა ეს უფრო მეტად არ ითქმის სულიერ საქმეებზე?

მაგრამ საიდან იშვება შიში ღმრთისა? იქიდან, თუკი ვიფიქრებთ, რომ ღმერთი ყოველგან არის და ყოველივეს ხედავს – არა მარტო საქმეებსა და სიტყვებს, არამედ ყველაფერს, რაც კი გულისა და სულის სიღრმეში ხდება: „განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა“ (ებრ. 4,12). თუკი ასე წარვმართავთ საკუთარ თავს, ცუდს არც არაფერს ჩავიდენთ, არც ვიტყვით და არც გავიფიქრებთ. ამიტომ, რასაც არ უნდა აკეთებდე, გახსოვდეს, რომ ღმერთი ყოველგან არის – რამეთუ იგი მართლაც ყოველგან არის. და თუკი ეს აზრი მუდამ თან გახლავს, ყოველთვის შიშსა და ძრწოლას იგრძნობ, თითქოს თვით მეფის წინაშე იდგე.

წმიდა იოანე ოქროპირი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი