ჭეშმარიტების გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 30.05

რატომ მიდიან ადამიანები ეკლესიაში, მოძღვარსაც რატომ აკითხავენ, რისთვის სჭირდებათ ის? რა სიკეთეებს მოელიან ღვთისგან, რა არის მათი იქ მისვლის მიზანი? რისი მიღება სურთ მათ – რასაც აღუთქვამს მათ უფალი, თუ რაც მათთვისაა სასურველი? სამწუხაროდ, დღეს ღვთიური საფასეების მისაღებად იშვიათად თუ ვინმე მიდის ეკლესიაში, ადამიანები უფრო ქვეყნიური სიკეთეებისთვის მიეშურებიან იქ, ღმერთი მათ სჭირდებათ მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებისთვის, ამქვეყნიურ სიკეთეთა მისაღებად და არა ღვთიური, მარადიული სიცოცხლისთვის.
სასუფეველი ღვთისაა, რისთვისაც უფალი გადმოვიდა ზეციდან ქვეყნად და რომელიც დააფუძნა გამართლებული ადამიანებისთვის, დღესაც უცხოა ქვეყნის მკვიდრთათვის, ამიტომ ისინი მის შესაძენად არც ირჯებიან. სასუფეველი, ეს უმაღლესი ღვთიური სამყოფელი, დღეს ადამიანებს ლამის ამქვეყნიურ კეთილდღეობასთან აქვთ გაიგივებული. დღეს ტაძარში მისულთა დიდი უმრავლესობა, სწორედ ამქვეყნიური კეთილდღეობის, ბედნიერების მიღების მოლოდინშია და ღმერთიცა და სულიერი მოძღვარიც მათ მხოლოდ ამისთვის სჭირდებათ. უფალი კი ბრძანებს: „ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (მათ. 6,33). უფალი არ ამბობს, სასუფევლის გარდა ნურაფრისთვის გაირჯებით, მოიშორეთ ქვეყნიურზე ფიქრიო, არამედ გვასწავლის, რომ პირველად ვეძიოთ ღვთის სასუფეველი და დანარჩენ საფასენსაც, ანუ ქვეყნიური ცხოვრებისათვის საჭირო სიკეთეებსაც შეგძენთ უფალიო.
სასუფეველი ღვთისა მარტო ღვთიურ, ნეტარ მდგომარეობად თუ სამყოფელად არ უნდა წარმოვიდგინოთ, ის ჭეშმარიტებად, ანუ ჭეშმარიტ სიკეთედა და რწმენად უნდა იქნას მიჩნეული. უფალი სწორედ ამისთვის მოევლინა ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება გაეცხადებინა ადამიანთათვის, რათა ეცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი. ტაძარშიც ამისთვის უნდა მიდიოდეს კაცი, მან უნდა იცნოს ჭეშმარიტება და ამითვე უნდა შეიცნოს საკუთარი თავიც. ეს არის ის დიდი ღვთიური საფასე, რაც მან უნდა შეიძინოს სულიერი ცხოვრების მიყოლით.
სამწუხაროდ, ჭეშმარიტების შესაძენად დღეს ტაძარში იშვიათად თუ ვინმე მიდის, სამაგიეროდ გულმოდგინედ ევედრებიან ღმერთს ამქვეყნიურ სიკეთეთა მისაღებად, ანუ ამქვეყნიური ბედნიერებისთვის. ამქვეყნიური კეთილდღეობის, ანუ ბედნიერების მიღწევა, არის მათი უმთავრესი საზრუნავი და სწორედ ამისთვის შესთხოვენ უფალს გულით. ადამიანი რომ ირჯება ამქვეყნიურ სიკეთათვის, ამაში არაფერია ცუდი, რადგან ეს ნიჭი და მისწრაფება მასში ღვთისგანვეა ჩადებული. ამიტომ მიმართავენ ღმერთს სასოებით და უფალიც არ აკლებს მათ შეწევნასა და დახმარებას, აკმაყოფილებს მათ სურვილს. მაგრამ ადამიანი მაინც შორს არის ბედნიერებისგან, რადგან არ იცის, რა არის ის სინამდვილეში და ვერც მიუგნია მისთვის. ეძებს მას კაცი, მოუკლებლად ეძებს და ბოლომდე მაინც ვერ უცნია იგი. ხვდება, რომ ამქვეყნიურ წარმატებებს, მარტო ამქვეყნიურ სიკეთეებს არ მოაქვთ ნამდვილი სიხარული და ბედნიერება მისთვის და ჭეშმარიტ სიხარულს ის მაინც მოკლებულია. ტაძარშიც ამისთვის დადის, ესასოება უფალს, მიუყვება მის გზას, მაგრამ სახარებაში მოხსენიებული მდიდარი ჭაბუკის მსგავსად, გრძნობს, რომ ნამდვილ სიხარულსა და ბედნიერებას მაინც დაშორებულია.
რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ იგი არ იცნობს ჭეშმარიტებას, მისთვის ჭეშმარიტება, ანუ სინამდვილე, დაფარულია და მის გარეშე ბედნიერებას, აბა, როგორ იპოვის? ბედნიერება ჭეშმარიტების თვისებაა, იგი მას ახლავს თან და მის გარეშე ვერ იარსებებს. ამიტომ, თუ ადამიანი მარტო ბედნიერებას ეძებს, მას ის ვერ იპოვის, თუ იქამდე არ იცნო ჭეშმარიტება, თუ არ შეიძინა ის, თუ იმისად არ იქცა იგი. ნამდვილი ბედნიერება, ანუ სიხარული ახლავს თავად ჭეშმარიტებას, იმას, რაც მართლა არსებობს სინამდვილეში, რაც არის გამჩენი ღმერთი. ამიტომ უფლის შეცნობას, იმის შეძენას უნდა დაეშუროს ტაძარში მისული, ეს უნდა იყოს მისი ეკლესიური ცხოვრების მიზანი. მხოლოდ მისი შეცნობისა და გათავისების შემდეგ შეიძლება, ბედნიერებასაც ეწიოს იგი.
ასე რომ, ადამიანი ტაძარში მარტო ამქვეყნიურ სიკეთეთა სათხოვნელად არ უნდა დადიოდეს, არამედ უმეტესად ჭეშმარიტების შესაცნობად, მისი მიღებისთვის და ჭეშმარიტება, ანუ უფალი ღმერთი, თავის დროს ადამიანს ბედნიერსაც გახდის, უფრო სწორად, აგემებს ბედნიერებას რაღაც სახით, რამეთუ იგი არაა საფასე შეხებადი და მუდმივი. ამიტომაა, რომ ბედნიერება რა არის, კაცმა ბოლომდე არ იცის, მაგრამ სჯერა, რომ ის არსებობს და შეიძლება, ღმერთმა გახადოს მისი ღირსიც.
ნამდვილად ჯერ სასუფეველს უნდა ეძიებდეს კაცი და იცნას ღმერთი ჭეშმარიტი და იგი მას ბედნიერებასაც აპოვნინებს, ბედნიერსაც გახდის.
მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)
სიახლეები ამავე კატეგორიიდან