ჭეშმარიტების გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 18.01
ერთ ყოფილ მდიდარს სახლში მძარცველი შეუვარდა. ოქრო-ვერცხლი რომ ვერ იპოვა, პატრონს ცხვირწინ ხანჯალი დაუტრიალა და მკაცრად ჰკითხა: „ახლავე მითხარი, სად გადამალე შენი საუნჯე?“
სახლის პატრონმა თითი ზეცისკენ აიშვირა და მშვიდად მიუგო: „მთელი ჩემი საუნჯე ზედა ოთახებში გადავინახე“.
„დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ“ (მათე 6.29).
რაც უნდა საწყენი იყოს, ნურასდროს უსაყვედურებ მეუღლეს რაიმე ზარალისთვის, რადგან ის თვითონ არის შენთვის ყველაზე საუკეთესო მონაპოვარი.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
მეუღლე არის ნავსაყუდელი და კურნება სულიერი სწავლულებისა. თუკი შენ ამ ნავსაყუდელს ქარისა და ტალღებისგან დაიცავ, მაშინ უდიდეს განსვენებას ჰპოვებ მასში, ხოლო თუ ააღელვებ და ააშფოთებ, მაშინ თავად მოიწყობ შენთვის სახიფათო კატასტროფას.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
ახალგაზრდა ქალი განმარტოებით იჯდა ქალაქის პარკში და მწარედ ტიროდა. იქვე პატარა იოანე თავისი სამბორბლიანი ველოსიპედით დასეირნობდა, დაინახა მტირალი ქალი, ძალიან შეებრალა, მიუახლოვდა და ჰკითხა:
– დეიდა, რატომ ტირი?
– ჰოი, პატარავ, შენ ამას ვერ გაიგებ, – ხელი ჩაიქნია ქალმა.
იოანეს მოეჩვენა, რომ უცნობმა დეიდამ ამის შემდეგ ტირილს უმატა.
– დეიდა, რა გტკივა, ასე რომ ტირი? მუცელი? კბილი გინდა, ჩემი სათამაშო გაჩუქო, ნახე, რა კარგი სასტვენი მაქვს, – ჯიბისკენ წაიღო სასწრაფოდ ხელი.
ბავშვის თანაგრძნობამ ქალი ააღელვა და კიდევ უფრო ააქვითინა. არავის ვჭირდები, არავის ვუყვარვარ.
იოანემ სერიოზულად შეხედა, შეწუხებული დაფიქრდა და მთელი გრძნობით ჰკითხა:
– ნამდვილად იცი, ყველა გამოჰკითხე?
* * *
რატომ არ მისცა ღმერთმა ფრთები ადამიანს
ერთ მონადირეს უყვარდა მთა-ბარში სანადიროდ სიარული. ერთხელაც დიდხანს ადიოდა მაღალ მთაზე. მიჰყვებოდა რა მხეცის ნაკვალევს და როცა ძალიან დაიღალა, იქვე, დიდ ქვაზე ჩამოჯდა. ამ დროს მან ფრინველების გუნდი დაინახა, ერთი სიმაღლიდან მეორეზე რომ გადაფრინდებოდა და თავისთვის გაიფიქრა: „რატომ არ მისცა ღმერთმა ფრთები ადამიანს?“
ამ დროს იქვე მეუდაბნოემ გაიარა, მონადირის ზრახვა განჭვრიტა და უთხრა:
– აი, შენ ახლა ფიქრობ, რატომ არ მომცა ღმერთმა ფრთებიო, მაგრამ რომ მოეცა, მაინც უკმაყოფილო იქნებოდი და იტყოდი: „სუსტია ჩემი ფრთები და ვერ ვახერხებ ზეცაში აფრენას, რომ ვნახო, რა არის იქ“. და რომც გქონოდა ზეცაში აფრენისთვის საკმარისად ძლიერი ფრთები, მაშინაც უკმაყოფილოდ იტყოდი: „ვერ ვიგებ, აქ რა ხდება“, გონებაც რომ მიგეღო უფრო განვითარებული, მაშინაც დაიჩივლებდი: „რატომ ანგელოზი არა ვარ?“ ანგელოზი რომ გამხდარიყავი, ქერუბიმობას მოინდომებდი. ქერუბიმობის შემდეგ – ზეცის მართვას და ესეც რომ მოეცა შენთვის ღმერთს, მაშინაც არ დაკმაყოფილდებოდი, როგორც მავანი და კადნიერად სულ მეტსა და მეტს მოითხოვდი. ამიტომ დაიმდაბლე თავი და კმაყოფილი იყავი იმით, რაც გეძლევა, თუ გინდა, ღმერთთან ერთობაში იცხოვრო.
მონადირე მიხვდა განდეგილის სიტყვების ჭეშმარიტებას, მადლობა აღუვლინა ღმრეთს, რომ ასეთი ადამიანი გამოუგზავნა, რომელმაც შეაგონა და სიმდაბლის გზა დაანახვა.
* * *
ნეტარმა ონოფრე გარეჯელმა, სათნოებებით შემკულმა მამამ, რომელიც „განვიდა ბრძოლად სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქვეშე“, უდიდესი ღვაწლი აღასრულა. ის ჩავიდა ჭაში, რომელიც მონასტრიდან სამ უტევანზე მდებარეობდა და იქ დაჰყო 40 დღე და 40 ღამე ფიცხელ ღვაწლში: ნეტარი მამა გამოიცდებოდა ეშმაკებისგან, რომლებმაც დიდი ბრძოლა აღძრეს მასზე, მაგრამ მან „ჯვრის ძალით უკუაქცია ეშმაკთა მანქანება და დასცა უძლური მათი ძალი და ესრეთ სრულმყოფელი „ორმეოცისა“, ბრწყინვალე გვირგვინით შემკობილი დაბრუნდა მონასტერში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან