რელიგია

ჭეშმარიტების გზაზე

№7

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 23.02

რელიგია
დაკოპირებულია

ერთხელ სამი ბრძენი შეიკრიბა და ბჭობა გამართა, რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანისთვის – წარსული, აწმყო თუ მომავალი.

ერთმა თქვა:

– სწორედ წარსული ქმნის ადამიანს იმად, ვინც ის არის. ყველა ჩემი ცოდნა მე წარსულში მივიღე.

– არ გეთანხმები, – თქვა მეორემ, – ადამიანს მომავალი აყალიბებს: რა ცოდნა და სწავლაც არ უნდა მქონდეს მე დღეს, მაინც ყოველთვის ახალ-ახალს დავეწაფები, იმას, რასაც ჩვენგან მომავალი ითხოვს. ჩემი საქციელები იმით არის ნაკარნახევი, თუ როგორი მინდა მომავალში ვიყო.

შემდეგ სიტყვა აიღო მესამემ:

– თქვენ მხედველობიდან გამოგრჩათ, რომ წარსულიც და მომავალიც მხოლოდ ჩვენს აზრებში არსებობს. წარსული უკვე აღარ არის, მომავალი ჯერ არ დამდგარა. ყველა ჩვენი ქმედება კი მხოლოდ აწმყოში აღესრულება; მხოლოდ დღევანდელობა განსაზღვრავს, როგორები შევალთ მომავალში და ხომ არ იქცევა დღევანდელობა ჩვენი წარსულის ბოლო წერტილად.

არ შეიძლება, აწმყოს უგულებელყოფა, რომელზეც ესოდენ ბევრია დამოკიდებული!

* * *

იყო ერთი ბერი და დიდი სურვილი ჰქონდა, სულიწმიდის საიდუმლოებებს ჩასწვდომოდა. ურჩიეს ერთი მონასტერი, რომელსაც ღვთივგანბრძნობილი ამბა წინამძღვრობდა და სადაც ძმათამოყვარეობა სუფევდა.

მივიდა ბერი იმ მონასტერში. ძმები თბილად შეხვდნენ, დააპურეს და დაარწყულეს ნამგზავრი. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჰკითხეს, ვინ იყო და რისთვის მისულიყო მათთან.

– მოვედი, რათა შევიცნო სულიწმიდის საიდუმლოებები. რომელი ჭეშმარიტებიდან დავიწყო სწავლა?

– დაიწყე ყველაზე უბრალოდან: შეჭამე? – გარეცხე ჭურჭელი შენს შემდეგ, დაანაგვიანე? – გამოგავე, შესცოდე? – მოინანიე.

* * *

ეს იყო ქრისტიანების დევნის პერიოდში. ერთ სოფელში ქრისტიანული ოჯახი ცხოვრობდა. ოჯახის უფროსს უჭირდა ცოლისა და პატარა ბავშვების გამოკვება, თუმც მუხლჩაუხრელად მუშაობდა და ამიტომ მთელი სასოება ღმერთზე ჰქონდა დამყარებული. სჯეროდა, რომ დადგებოდა დღე, როცა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ოჯახი რომ გაემხნევებინა, პატარა დაფაზე ამოტვიფრა შემდეგი სიტყვები: „ყოველთვის ასე არ იქნება“ და წარწერა გამოსაჩენ ადგილზე ჩამოკიდა.

გავიდა წლები, დადგა კმაყოფისა და თავისუფლების ხანა. ბავშვები გაიზარდნენ, გაჩნდნენ შვილიშვილები. ერთხელაც ყველანი მშობლიურ სახლში, მდიდრულ სუფრაზე შეიკრიბნენ. ილოცეს, ღმერთს მადლობა აღუვლინეს ნაბოძები სარჩო-საბადებლისთვის და მაგიდას შემოუსხდნენ.

უფროსმა შვილმა ყურადღება მიაპყრო კედელზე დაკიდებულ ძველ დაფას და მამას უთხრა:

– მოდი, ჩამოვხსნათ. არ მინდა, გავიხსენო ის მძიმე წლები. ახლა ხომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

– არა, შვილებო, ეკიდოს თავის ადგილზე. გახსოვდეს, რომ არც ეს იქნება მუდმივად და შვილებსაც ყოველთვის ეს ასწავლეთ. ყოველთვის და ყველაფრისთვის უფლის მადლიერნი უნდა ვიყოთ. მძიმე დროა? – მადლობა ღმერთს გამოცდისთვის. იოლად ცხოვრობ? – მადლობა ღმერთს ნუგეშისთვის. მადლიერების გრძნობა კი მხოლოდ იმას შეიძლება, ჰქონდეს, ვისაც მუდამ ახსოვს მარადიულობა.

* * *

ერთმა ბერმა ჰკითხა წმიდა სალოსსა და აღმსარებელ გაბრიელს:

– რა არის მარხვა?

– ახლავე აგიხსნი, – მიუგო მან და ჩამოუთვალა მისი ცოდვები. სირცხვილისგან ბერმა არ იცოდა, სად წასულიყო, მუხლებზე დაეცა და ტირილი დაიწყო. წმიდა გაბრიელმა ღიმილით უთხრა:

– ახლა კი წადი და ჭამე.

– არა, მამაო, მადლობელი ვარ, არ მინდა ჭამა.

აი, ეს არის მარხვა, როდესაც გახსოვს საკუთარი ცოდვები, ინანიებ და საჭმელზე აღარ ფიქრობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული