რელიგია

ჭეშმარიტების გზაზე

№6

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 16.02, 2024 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ყვავმა გადაწყვიტა, ბულბულს გალობაში შეჯიბრებოდა. მხეცები და ფრინველები ურჩევდნენ, გადაეფიქრებინა:

– თვითონ მოუსმინე მის ხმას და შენსას, ვის ეჯიბრები?!

მაგრამ ყვავი თავის განზრახვაზე ხელს არ იღებდა – მისთვის მთავარი კამათის პროცესი იყო. მოკლედ, ედავა, ეკამათა, შეეჯიბრა და დამარცხდა, მაგრამ მაინცდამაინც არ სწყენია, რადგან წინ კიდევ ერთი დავა ჰქონდა დაგეგმილი – ჟირაფთან, იმის თაობაზე თუ ვის უფრო მაღალი კისერი აქვს.

* * *

გასაღებსა და კლიტეს ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ, არც ერთი არ თმობდა და შერიგებაზე პირველი არ მიდიოდა.

„მე რატომ დავუთმო, – ფიქრობდა გასაღები, – უჩემოდ ის უბრალო რკინის ნაჭერია!“

კლიტეს კი საკუთარი აზრი ჰქონდა ამის თაობაზე:

„თუ დიდხანს გაჯიუტდება, მის მაგივრად სასწრაფოდ ახალს მომიძებნიან“.

ადამიანები კი ელოდნენ-ელოდნენ და კარის კლიტე გამოცვალეს. მერე კი, როცა ნახეს, რომ გასაღები არ მოერგო, ორივე – კლიტეცა და გასაღებიც სანაგვეზე მოისროლეს.

* * *

ერთმანეთს ერის ბრძენკაცი და მონასტრის ბერი შეხვდნენ.

– მამაო, რა არის შენთვის მთავარი, – ჰკითხა ბრძენკაცმა.

– სიწმინდე. ჩემთვის მთავარია, წმინდა ვიყო ღვთისა და ადამიანების წინაშე.

ეჰ, მამაო, სიბრძნე გაცილებით მნიშვნელოვანია.

– რაში მდგომარეობს სიბრძნის არსი?

– განასხვავო სიკეთე ბოროტებისგან.

– სიწმინდე კი ნიშნავს, აკეთო სიკეთე და ეკრძალე ბოროტებას.

– ესე იგი, სიბრძნე სიწმინდისკენ აღმავალი საფეხური ყოფილა, – დაფიქრებით თქვა ბრძენკაცმა.

* * *

ხელოსანმა ფანქარი დაამზადა, მაგრამ სანამ კოლოფში ჩადებდა და სამომხმარებლო ქსელში გაუშვებდა, მას ასეთი სიტყვით მიმართა: ხუთი რამ დაიმახსოვრე, არასდროს დაივიწყო და შენ გახდები ყველაზე კარგი ფანქარი!

პირველი: შენ შეგიძლია, ბევრი დიდი შედევრი შექმნა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ვინმეს დაემორჩილო და საშუალება მისცე, ხელში დაგიჭიროს.

მეორე: დროდადრო მოგიწევს წვერწათლის მტკივნეული პროცესის დათმენა, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შენი დანიშნულება კარგად შეასრულო.

მესამე: შენ გექნება საკუთარი შეცდომების გასწორების უნარი, ამიტომ ნუ დატოვებ დაშვებულ შეცდომებს გაუსწორებლად.

მეოთხე: შენი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველთვის შენ შიგნით იქნება.

მეხუთე: როგორც ზედაპირზე არ უნდა გამოგიყენონ, ყოველთვის უნდა დატოვო შენი კვალი – არ უნდა მიატოვო წერა და ხატვა, რადგან ეს შენი უნარი და თვისებაა.

შენც დაიმახსოვრე, ადამიანო, მსგავსი ხუთი წესი.

პირველი: შენ შეგეძლება ბევრი დიდი საქმე გააკეთო ცხოვრებაში, თუკი ღმერთის ხელს მიეცემი და სხვა ადამიანებსაც საშუალებას მისცემ, ისარგებლონ ღვთისგან ბოძებული შენი ნიჭებით.

მეორე: დროდადრო შენც მოგიწევს მტკივნეული „გათლის“ გადატანა (სხვადასხვა განსაცდელების დათმენა). ეს შენთვის აუცილებელია, რათა ძლიერი ადამიანი გახდე.

მესამე: შენ შეგეძლება საკუთარი შეცდომებისა თუ ცოდვების გამოსწორება გონიერებისა და სინანულის გზით, ამიტომ ხელიდან არ უნდა გაუშვა ეს შესაძლებლობები.

მეოთხე: შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები ყოველთვის შენ შიგნით, შენს გულში გაიმართება.

და მეხუთე: ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდე, შენი კვალი უნდა დატოვო. მიუხედავად გარემოებისა და ვითარებისა, არასდროს შეწყვიტო ღვთის აღმსარებლობა საქმითა თუ სიტყვით, რადგან ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანის უნარი და თვისება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

19–25 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა