რელიგია

ჭეშმარიტების გზაზე

№4

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 02.02

რელიგია
დაკოპირებულია

მონასტერში საყდრის დღესასწაულზე ღვთისმსახურებაზე დასასწრებად ორი სოფლელი ქალი მიდიოდა. ერთ-ერთ მათგანს დიდი ხნის წინ, ახალგაზრდობაში, ბოროტი საქმე ჰქონდა ჩადენილი და მას შემდეგ მის დავიწყებას ვერაფრით ახერხებდა, გამუდმებით ქენჯნიდა სინდისი და ჩადენილს ყველა აღსარებაზე ინანიებდა. ახლაც, ტაძარში მიმავალი, ძრწოდა და ფიქრობდა:

– რა ღირსი ვარ მე, ცოდვილი, ჩემი ბილწი ტუჩებით ვემთხვიო მოწყალე მაცხოვრის ხატს? როგორ მიტანს დედამიწა? რატომ არ დამსჯის სამართლიანი ღმერთი?

მისი თანამგზავრი ცხოვრების მკაცრ წესს მისდევდა და ამიტომ მშვიდად გრძნობდა თავს.

– მე კი არაფრის მეშინია, – ამბობდა ის, – სუფთა სინდისით მივდივარ. მართალია, წმინდანი არც მე ვარ, მაგრამ რა ცოდვები მაქვს მე? რაღაც წვრილმანი, გახსენებადაც არ ღირს. შენი საქმე, საყვარელო, სხვაგვარადაა. მესმის, რამდენად გიმძიმს.

მივიდნენ მომლოცველები საყდარში, ილოცეს და ბოლოს მჭვრეტელ ბერთან მოხვდნენ. მან ყველაფრის შესახებ გამოჰკითხა ქალებს და პირველს უთხრა:

– წადი მინდორში და მომიტანე ყველაზე დიდი ქვა, რომლის პოვნასაც შეძლებ.

მეორეს კი უთხრა:

– შენ კი წინსაფარში პაწაწინა კენჭები შეაგროვე და მომიტანე.

ქალებმა შეასრულეს ბერის დავალება. როდესაც ქვები მიუტანეს, ბერმა უთხრა:

– კარგია. ახლა კი უკან წაიღეთ ეს ქვები და სადაც იდო, იქ დააწყვეთ.

პირველმა უკან წაიღო მძიმე ლოდი. ხოლო მეორე, შეცბუნებული შეყოყმანდა.

– რაშია საქმე? – ჰკითხა ბერმა.

– მამაო, შენ მიბრძანებ, იქ წავიღო ქვები, საიდანაც ავიღე?

– ჰო, იქვე დააბრუნე, სადაც აკრიფე.

– არ შემიძლია.

– რატომ?

– იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი კენჭია და არ მახსოვს, საიდან რომელი ავიღე.

– მაშინ იცოდე, – უთხრა ბერმა, – შენმა მეგობარმა ოდესღაც ძალიან დიდი ცოდვა ჩაიდინა და გამუდმებით ახსოვს ის, ინანიებს და ცრემლებით ცდილობს, ჩამოირეცხოს. მან იცის, სად არის მისი ქვისგან გაჩენილი ორმო. შენ კი წვრილმანი ცოდვებით, როგორც შენ ეს გგონია, არ იცი, ვის, სად და როგორ მიაყენე ზიანი. არც კი გახსოვს ისინი, ამიტომაც არც ცოდვების გამოსყიდვის საშუალება გაქვს. ისინი ისევე რჩებიან შენს სულში, როგორც ეს კენჭები შენს წინსაფარში. ტლაპო – ტლაპოა, დიდი გუბე იქნება ის თუ ერთი წვეთი.

ქალი მიხვდა, რომ მას თავისი პატარა ცოდვებითა და სისუსტეებით მეგობარზე ნაკლებ არ უნდა ეზრუნა სულის განწმენდასა და სინანულზე.

* * *

ერთმა კაცმა ბაზარში ბოსტნეული იყიდა. სახლში მისულმა აღმოაჩინა, რომ გამყიდველებს მარხილში ბოსტნეულის ნაცვლად ქვები ჩაეწყოთ, მაგრამ უკან არ დაბრუნებულა, არც დრტვინვა დაუწყია და მშვიდად განაგრძო ცხოვრება.

გავიდა 40 წელი და მის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. როდესაც კარი გააღო, დაინახა მიხრწნილი მოხუცები.

– გამარჯობა, – უთხრეს მოსულებმა, – ეს ჩვენ მოგატყუეთ მაშინ და ახლა ბოდიშის მოსახდელად მოვედით.

კაცმა უპასუხა:

– მახსოვს ეგ შემთხვევა, მაგრამ თქვენ ჩემი არაფერი გმართებთ. მე ის ქვები იმ დღესვე ორმოში გადავყარე, თქვენ კი, თურმე, 40 წელია, მათ გულით ატარებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული