რელიგია

ჭეშმარიტების გზაზე

№3

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 26.01

რელიგია
დაკოპირებულია

ქუჩაში, ტროტუართან განათების ბოძს აყენებდნენ. ერთნი ხარობდნენ, რომ ქუჩის ბნელი ნაწილი ახლა განათდებოდა და სიბნელეში ფეხს არავინ წაიკრავდა და მადლობდნენ ხელისუფლებას. მეორენი კი ბრაზობდნენ, ილანძღებოდნენ და ამბობდნენ: „თუ ლამპიონი ჩაქრება, შეიძლება, ბოძს დავეჯახოთ და თავი გავიტეხოთ“.

ამგვარად, ჩვეულებრივმა მოვლენამ შეიძლება, ერთნი გაახაროს და მეორენი დაამწუხროს.

„კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტი, რადგანაც გულის სისავსისგან მეტყველებს მათი ბაგენი“.

* * *

ერთხელ მოწაფენი ამბასთან მივიდნენ და ჰკითხეს: რატომაა, რომ ცუდი მიდრეკილებები ადვილად იკიდებს ფეხს ადამიანში, კეთილი კი ძნელად და არამყარად რჩება მასში?

– რა მოხდება, ჯანმრთელი თესლი მზეზე რომ დავტოვოთ, ავადმყოფი კი მიწაში ჩავფლათ? – იკითხა ბერმა.

– კეთილი თესლი, რომელიც ნიადაგის გარეშე დარჩა, დაიღუპება; ცუდი კი გაღვივდება და ავადმყოფ ყლორტსა და მყიფე ნაყოფს გამოიღებს, – უპასუხეს მოწაფეებმა.

– ასე იქცევიან ადამიანები: იმის ნაცვლად, რომ საიდუმლოდ აკეთონ კეთილი საქმენი და სულის სიღრმეში ზარდონ კეთილი ყლორტები, ისინი ყველას დასანახად ამზეურებენ და ამით ღუპავენ მათ. თავიანთ ნაკლოვანებებსა და ცოდვებს კი ხალხი ღრმად მალავს სულში, რათა სხვებმა არ დაინახონ. იქ ისინი შუაგულში იზრდებიან და ადამიანს ღუპავენ. თქვენ კი იყავით ბრძენნი.

მოწაფეებმა მადლობა მოახსენეს ამბას შეგონებისთვის და განსასჯელად განმარტოვდნენ.

* * *

ერთმა ამბამ სენაკში ჯდომისას ხმა გაიგონა: „წამოდი! ადამიანთა ნამოქმედარს გიჩვენებ“. ისიც ადგა და გაჰყვა. ხმამ ერთ ადგილას მიიყვანა და აჩვენა ადამიანი, რომელიც შეშას ჩეხავდა. დიდი კონა რომ შეკრა, მისი წაღება მოინდომა, მაგრამ ვერ შეძლო. იმის ნაცვლად, რომ შეკვრიდან შეშა ამოეკლო, ის მაინც აგრძელებდა ჩეხვას და შეკვრაში ამატებდა. ასე გრძელდებოდა ძალიან დიდხანს.

როცა ამბამ ცოტა მანძილი გაიარა, ხმამ სხვა ადამიანზე მიუთითა, რომელიც ჭასთან იდგა, იქიდან წყალს იღებდა, გატეხილ ჭურჭელში ასხამდა, საიდანაც წყალი კვლავ ჭაში იღვრებოდა.

შემდეგ ხმამ უთხრა: „წამოდი! კიდევ რაღაცას გაჩვენებ“. ბერმა ტაძარი და ორი მამაკაცი დაინახა, რომლებიც ცხენებზე ისხდნენ და ხელში გარდიგარდმო მორები ეკავათ. მათ ტაძარში შესვლა სურდათ, მაგრამ მორები კარის კიდეს ეხლებოდნენ და არც ერთს არ უნდოდა, მეორისთვის გზა დაეთმო და უკან დამდგარიყო, რათა მორი გრძივად შეეტანათ. ამიტომ ორივენი გარეთ რჩებოდნენ.

„ისინი, ვისაც მორები უკავია, – უთხრა ხმამ, – ის ხალხია, ვინც, თითქოსდა, სიმართლის უღელს ეწევა, მაგრამ ამას ამპარტავნებით აკეთებს და არ უნდა, თავი დაიმდაბლოს, გამოსწორდეს და ქრისტეს სიმდაბლის გზით იაროს. ამიტომაც რჩებიან ასეთები უფლის სასუფევლის გარეთ. შეშის მჩეხველი იმ ადამიანს განასახიერებს, რომელიც უამრავი ცოდვითაა დამძიმებული, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მოინანიოს, თავის ცოდვებს ახალ დანაშაულებს უმატებს. ხოლო წყლის მხაპავი ის ადამიანია, რომელიც კეთილ საქმეებს აკეთებს, მაგრამ მათ ცუდსაც ურევს და ამით თავის სათნოებას ღუპავს.

მაშასადამე, ყველა ადამიანმა უნდა იფხიზლოს თავის ღვაწლში, რათა უქმად შრომა არ მოუწიოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული