რელიგია

ჭეშმარიტების გზაზე

№46

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 24.11, 2023 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

მეფე ავად გახდა და გამოაცხადა, რომ ნახევარ სამეფოს მისცემდა, ვინც მას განკურნავდა. ერთმა ბრძენმა უთხრა, რომ თუკი ბედნიერ ადამიანს მოძებნიდნენ და მის პერანგს მეფეს ჩააცმევდნენ, იგი გამოჯანმრთელდებოდა. მეფის წარგზავნილები მთელ სამეფოში ეძებდნენ ბედნიერ კაცს, მაგრამ არავინ იყო ისეთი, ვინც ყველაფრით კმაყოფილი იქნებოდა: ვინც მდიდარი იყო, ის ავადმყოფობდა; ვინც ჯანმრთელიც იყო და მდიდარიც, იმას ავყია ცოლი ჰყავდა; სხვას კიდევ შვილები არ უვარგოდა. ყველა რაღაცაზე ჩიოდა. მეფისწულმა როგორღაც ერთ ქოხთან ჩაიარა და გაიგონა ხმა: იქ მცხოვრები გლეხი ამბობდა, ბედნიერი ვარო. გაგზავნეს მასთან მსახურები, მაგრამ ბედნიერი გლეხი იმდენად ღატაკი იყო, რომ პერანგი არ ეცვა.

ბედნიერება ადამიანის შინაგან სამყაროშია, მიუხედავად პერანგების რაოდენობისა.

* * *

ერთხელ ფულმა გადაწყვიტა, თავი ღმერთად გამოეცხადებინა. ვითომ, რატომაც არა? – ყველა თაყვანს სცემს, ქედს უდრეკს და ყველას სჭირდება. ამის შემდეგ მან ხალხს შეატყობინა და ბევრი თანხაც დაურიგა. ხალხს გაუხარდა. ერთმა კეთილმსახურმა კაცმა კი ჰკითხა:

– სიცოცხლეში გასაგებია, ბევრის მოცემა შეგიძლია, მაგრამ მერე?

– მერეც, – მიუგო ფულმა, – ბრწყინვალე დაკრძალვა, ლამაზი გვირგვინები, მშვენიერი ბიუსტი საფლავზე...

სულ ეს არის?

– სხვა რა გინდა? – გაუკვირდა ფულს.

მაშინ ყველა მიხვდა, რომ ის არანაირი ღმერთი არ იყო.

* * *

ერთხელ ქარმა და მზემ ერთმანეთში კამათი გამართეს იმის შესახებ, თუ რომელი იყო მათ შორის უფრო ძლიერი. დიდხანს იკამათეს და მერე გადაწყვიტეს, ძალა მოგზაურზე გამოეცადათ.

– მე ამას ერთ წამში გავხდი ლაბადას, – თქვა ქარმა და დაუბერა. ძლიერად და დიდხანს უბერავდა, მაგრამ მოგზაური სულ უფრო მჭიდროდ ეხვეოდა თავის ლაბადაში.

ამის შემდეგ მზემ დაიწყო მოგზაურის გათბობა. ალერსიანად გაუღიმა და სხივებით მოეფერა. მოგზაურმა ჯერ საყელო დაუშვა, მერე ლაბადის ქამარი შეიხსნა, ბოლოს ლაბადა გაიხადა და ხელზე გადაიკიდა.

მზემ ქარს უთხრა:

– ხომ ხედავ, მოფერებითა და ალერსით შეგიძლია, უფრო მეტს მიაღწიო, ვიდრე ძალადობითო.

* * *

ტბამ შეამჩნია, რომ ნელ-ნელა აუზად იქცეოდა და ხალხს მუდარა დაუწყო:

– ხალხო, დროულად გამწმინდეთ, ვიღუპები!

მაგრამ ხალხმა მხოლოდ ხელი აიქნია:

– არა უშავს, ჩვენ აუზიც გვეყოფა.

მალე აუზმა ჭაობად იწყო ქცევა და კვლავ შესთხოვა ხალხს:

– მიშველეთ, სანამ გვიანი არ არის!

მაგრამ არც ახლა მიაქციეს ყურადღება. სულ მალე მართლაც იქცა ჭაობად ყოფილი ტბა-აუზი. ამის შემდეგ ხალხი მის ირგვლივ დიდი სიფრთხილით დადიოდა, ეფლობოდა, ზოგჯერ იძირებოდა კიდეც და ამასთან, აღშფოთებით გამოთქვამდა:

– საიდან ჩნდება ეს ჭაობები?!

დავამატებთ აქვე: არა მხოლოდ მიწაზე, არამედ ადამიანთა გულებშიც!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული