ჭეშმარიტების გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 10.11

გზაზე ღატაკი იდგა და მოწყალებას ითხოვდა. გზად მიმავალმა მხედარმა ღატაკს სახეზე მათრახი გადაჰკრა და გზა განაგრძო. მან გახედა მიმავალ მხედარს და თქვა:
– ბედნიერებას გისურვებ!
გლეხმა, რომელმაც ყველაფერი დაინახა და ეს სიტყვები გაიგონა, ჰკითხა:
– ნუთუ შენ ასეთი მდაბალი ხარ?
– არა, – უპასუხა ღატაკმა, – უბრალოდ, მხედარი რომ ბედნიერი ყოფილიყო, ცემას არ დამიწყებდა.
* * *
ერთი მდიდარი ოჯახის მამამ გადაწყვიტა, თავისი შვილი სოფელში წაეყვანა და ეჩვენებინა, რა არის სიღარიბე. მათ მთელი დღე ღარიბი ოჯახის კარ-მიდამოში გაატარეს.
– ეს შესანიშნავი მოგზაურობა იყო, მამა! – უთხრა დაბრუნებისას შვილმა.
– ნახე, რამდენად ღარიბი შეიძლება იყოს, ადამიანი? – ჰკითხა მამამ.
– ვნახე.
– და რა გაკვეთილი გამოიტანე აქედან?
– მე დავინახე, რომ ჩვენს სახლში ერთი ძაღლი გვყავს, მათ კი – ოთხი. ჩვენ ეზოში აუზი გვაქვს, მათ კი – დიდი ტბა სახლთან ახლოს. ჩვენს ბაღს ჩვენ ლამპრებით ვანათებთ, მათ კი ვარსკვლავები უნათებენ. უკანა ეზოში ჩვენ ტერასა გვაქვს, მათ კი – მთელ ჰორიზონტზე გადაჭიმული მინდორ-ველი.
მე მივხვდი, რომ მხოლოდ ძალიან ღარიბებს შეუძლიათ, ფლობდნენ იმას, რისი ყიდვაც არ შეიძლება.
* * *
ერთ კაცს ექიმმა უნუგეშო დიაგნოზი დაუსვა: ის მალე უნდა მომკვდარიყო. დამწუხრდა კაცი, მაგრამ რა ექნა? გადაწყვიტა, სათევზაოდ წასულიყო და ბოლო ნუგეში თავისი საყვარელი საქმიანობიდან, თევზაობიდან მიეღო. მალე მის ანკესს ოქროს თევზი წამოეგო. თევზმა გაშვება სთხოვა და სამაგიეროდ ორი ნებისმიერი სურვილის ასრულებას დაჰპირდა: ერთს მაშინვე შეუსრულებდა, მეორეს კი – როცა მივიდოდა იმ ადგილას და მას ზღვიდან მოუხმობდა. გაუშვა კაცმა ოქროს თევზი თავის სტიქიაში და პირველი სურვილიც მიაყოლა: „მინდა, ვიცოცხლო!“
– იყოს შენი სურვილისამებრ, – გამოსძახა თევზმა, – იცოცხლე დიდხანს!
შემდეგი სამედიცინო შემოწმებისას ექიმები გაოგნდნენ: მათი პაციენტი სრულიად ჯანსაღი აღმოჩნდა. განკურნებულმა კაცმა ფრიად გაიხარა და დიდხანს ბედნიერად ცხოვრობდა. ბერდებოდნენ და კვდებოდნენ მისი მეგობრები, გარდაიცვალა ცოლიც, შვილებიც, შვილიშვილებიც; შთამომავლობა მისი გაიზარდა და სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში დაიფანტა. წლებს თავისი მიჰქონდა, კაცი ბერდებოდა და უძლურდებოდა. მარტოხელა და ყველასგან დავიწყებული ძლივს დალასლასებდა თავის სახლში. ერთ დღეს კი საერთოდ ვერ ადგა ლოგინიდან. იწვა იგი უძლური, უძრავი და შიშით ფიქროდა, რომ ხანგრძლივი წამებით სიკვდილი მოუწევდა. ფაქტობრივად, ცოცხლად გახრწნა ემუქრებოდა. „რად მინდოდა ამდენ ხანს სიცოცხლე, ნეტავ, მაშინ მომკვდარიყავი, როცა ახლობლები და ნათესავები მყავდა გვერდით“, –წუხილით ფიქრობდა სიკვდილს მონატრებული კაცი და უცებ ოქროს თევზი და მეორე სურვილი გაახსენდა. მან მოინდომა, მაშინვე წასულიყო მდინარის პირას და ოქროს თევზისგან მეორე სურვილის შესრულება მოეთხოვა, მაგრამ საწყალი, ლოგინიდან ვეღარ დგებოდა და არც არავინ ჰყავდა, ვინც მას მდინარესთან მიიყვანდა.
თუმცა, ვინ იცის, იქნებ უკვე აღარც ის თევზი იყო ცოცხალი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან