რელიგია

ჭეშმარიტების გზაზე

№44

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 10.11

რელიგია
დაკოპირებულია

ერთმა ბერძენმა ფილოსოფოსმა თავის მოწაფეთაგან ერთ-ერთს უბრძანა, მთელი სამი წლის განმავლობაში ვერცხლი დაერიგებინა მათთვის, ვინც მას გალანძღავდა. ცდის დამთავრების შემდეგ მასწავლებელმა უთხრა:

– ახლა შენ შეგიძლია, ათენში გაემგზავრო სიბრძნის შესასწავლად.

ათენში შესვლისას მოსწავლემ ქალაქის ჭიშკართან ჩამომჯდარი ბრძენი დაინახა, რომელიც ირგვლივ ყველა გამვლელს ლანძღავდა. ასე მოექცა ის მოწაფესაც, მან კი გულიანად გაიცინა;

– რატომ იცინი, როდესაც მე შეურაცხგყოფ? – ჰკითხა ბრძენმა.

იმიტომ რომ სამი წლის განმავლობაში მე ჩემს მლანძღავებს ფულს ვუხდიდი, შენ კი ამას უსასყიდლოდ აკეთებ.

– შედი ქალაქში, ის შენ გეკუთვნის, – უთხრა ბრძენმა.

* * *

ორმა მწყემსმა ერთმანეთთან სახელმწიფო საქმეების შესახებ კამათი დაიწყო. ერთი მათგანი სულელად განიკითხავდა ხელმწიფეს, მეორე კი ბრმად იცავდა მის მმართველობას. ყვირილისგან ხმა ჩაეხლიჩათ, მაგრადაც იჩხუბეს, მაგრამ ერთმანეთს ვერაფერი დაუმტკიცეს. გაგულისებულებმა გადაწყვიტეს, ეპოვათ ვინმე ისეთი, ვინც მათ დავას გადაწყვეტდა.

ერთმანეთის ლანძღვა-გინებით გაემართნენ გაურკვეველი მიმართულებით, ფარა კი უპატრონოდ მიატოვეს. საბედნიეროდ, მალე, გზად მიმავალი სოფლის მღვდელი შემოხვდათ. მწყემსებმა თავიანთი კამათის შესახებ უთხრეს და სთხოვეს, განესაჯა მტყუან-მართალი. მღვდელმა უპასუხა: „შვილებო! თქვენი კამათის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთი თხას წველის, მეორე კი ჩამონაწველ რძეს საცერს უხვედრებს!“

ასეთმა პასუხმა მწყემსები გააშეშა, მაგრამ ამ დროს მიტოვებული საქმე გაახსენდათ და ცხვრებს დაუბრუნდნენ.

* * *

ერთ ბერს მესენაკე ჰყავდა, რომელსაც მისი დახმარება ევალებოდა, მაგრამ სინამდვილეში, იგი ყოველდღე ბევრს სცემდა და პურს ართმევდა. ერთ დღეს იღუმენმა მესენაკე თავისთან იხმო და მთელი დღით რაღაც საქმე დაავალა. ბერს შეეძლო, დაესვენა. იმის მაგივრად, რომ უფლისთვის მადლობა შეეწირა, იგი ლოცულობდა: „უფალო, არაფერი დამითმენია დღეს შენ გამო და აი, დღემაც უქმად ჩაიარა!“

* * *

ერთი კაცი საშინელ სიღატაკეში, მარტოობაში, სიცივესა და შიმშილში ცხოვრობდა. მიუხედავად თავისი ასეთი ყოფისა, ყოველ დილით მადლობას აღუვლენდა ღმერთს გულმოდგინე ლოცვებში.

ერთხელაც მასთან მეზობელი მივიდა და უთხრა:

– მისმინე, როგორ შეგიძლია, ასეთი ცრუ იყო? შენ ხომ ვერც საკუთარ თავს, ვერც ჩვენ და ვერც ღმერთს ვერ ატყუებ: ყველამ ვიცით, რომ ღმერთმა შენ საბოლოოდ გაგაჩანაგა, და ეს შენც მშვენივრად იცი. მაშ, რისთვის უხდი მადლობას? შენი ლოცვა არ არის გულწრფელი!

გლახაკმა მიუგო:

– შენ საქმის არსი არ გესმის! ღმერთმა მომიხილა და გაიფიქრა: „რა სჭირდება ამ კაცს, რომ სრულყოფილ კაცად ჩამოყალიბდეს, თავისი სისრულის ზომას მიაღწიოს. მას სჭირდება შიმშილი, სიცივე, მარტოობა...“ და ამით იმდენად გულუხვად დამასაჩუქრა, რომ ყოველდღე მადლობას ვწირავ მას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი