რელიგია

არის თუ არა დამოკიდებული მხოლოდ ადამიანზე, რომ გახდეს ღვთის შვილი

№7

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 23.02, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ყველანი ღვთის ქმნილებები ვართ და ისინიც კი, რომელთა ღვთიურ წარმომავლობაში ეჭვი გვეპარება – იმ მარტივი მიზეზით, რომ ვერანაირი ძალა ვერ იქნება ღმერთზე ძლიერი და ძალაუფლების მქონე, თუმცა მაინც დგება საკითხი: გახდება თუ არა ღვთის ყველა ქმნილება ღვთის შვილი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– გახდება თუ არა ღვთის ქმნილება, ადამიანი, ღვთის შვილი ადამიანზეა დამოკიდებული?

– დიახ, ღვთის ყველა ქმნილებას აქვს განღმრთობის შესაძლებლობა, მაგრამ ის, თუ როგორ შეძლებს ამას, ერთი მხრივ, ადამიანზეცაა დამოკიდებული და, მეორე მხრივ, ღვთის განგებულებაა, მისი საიდუმლო. ღვთის შვილობა, რაზეც იესო ამბობს, თუ არ დაიბადები ხელახლა, ვერ იხილავ ცათა სასუფეველსო, სულაც, არ ნიშნავს, რომ, ვინც არ დაიბადება ხელახლა, ყველა ჯოჯოხეთში მოხვდება. პავლე მოციქული წერს, ყველა უნდა დაუკვირდეს, რას აშენებს (ანუ თავის საქმეებს); ზოგი აშენებს ძვირფასი ქვებისგან, ზოგი – ხისგან, ზოგი – ჩალისგან და ეს ყველაფერი დაიწვება, მაგრამ შეიძლება, საქმეები დაიწვას, სული კი ცხონდეს, ანუ გადარჩესო. ასევე, პავლე მოციქული მეორეგან წერს, ზოგიერთს მამის ცოლი ჰყავს, სხვას, ასეთივე, სხვა ძალიან დიდი ცოდვა ადევს და ამის ჩამდენნი გადაეცით სატანას, რათა ხორცით გაიტანჯონ, ხორცი წაერთვათ, რათა სული გადარჩესო. ოღონდ მერე მიანიშნებს, გადარჩება, მაგრამ, როგორც კუნძიო. დიახ, პავლე მოციქული წერს, რომ არავის დაეკარგება კეთილი საქმეები, თუნდაც, წარმართი იყოს, თუ გულში რჯული აქვს, სწორედ ის რჯული უკარნახებს სიკეთეს და ის იმ რჯულის საქმეებით განიკითხებაო. მეორე მხრივ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ, როდესაც ქრისტიანი გქვია და ხელახლა შობილი ხარ, თუ ვერ გამოიყენებ, ვერ გამართლდები. ანუ შეიძლება, ადამიანი მონათლულია, ხელახლა იშვა, ცხოვრობს ქრისტიანულად, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს ავტომატურად ცხონებას. გადარჩება ის ადამიანი, ვინც განაღმრთობს თავის ბუნებას. ცათა სასუფეველი ძალიან მაღალი სულიერი მდგომარეობაა, ღვთის სრული ჭვრეტა. ამის პოტენციალი ყველას აქვს, მაგრამ საქმე ისაა, ვინ როგორ შეძლებს თავისი პოტენციალის განხორციელებას. ადამიანები ღვთის ჭვრეტის სხვადასხვა საფეხურზე ვართ. მაგალითად, მეფის სასახლეში ბევრი ადამიანია, მაგრამ მათგან ზოგი მეფეს თვალსაც ვერ უსწორებს, ზოგი – პირველი ვეზირია. ანუ ყველა მეფის კარზეა, მაგრამ არათანაბარ მდგომარეობაში. ამდენად, ყველა ადამიანშია შესაძლებლობა, საბოლოო ჯამში, ჭვრეტდეს ღვთის სახეს, ვინაიდან ადამიანი იმისთვისაა შექმნილი, რომ ღმერთს მიემსგავსოს. თუ მე მივემსგავსები ღმერთს, შემეძლება, მას თვალი გავუსწორო, მაგრამ განღმრთობის გზაზე თითოეული ათვისების სხვადასხვა ხარისხში ვართ.

როგორ ლოცულობს ჯვარზე გაკრული იესო?! აპატიე, მამაო, არ იციან, რას სჩადიანო და ვისთვის ითხოვს შენდობას მაცხოვარი?! იმ ხალხისთვის, რომლებიც ღვთის ძეს აკრავენ ჯვარზე, აფურთხებენ, ამცირებენ. დიახ, მათზე ამბობს იესო, აპატიეო; იმიტომ რომ იესომ იცის იმ ადამიანების ბოლო: თუ ისინი ვერ მოინანიებენ, ძალიან დიდი ტანჯვის გადალახვა მოუწევთ და მათ გატანჯავს მათ მიერ ჩადენილი ღვთის გმობა და არა ღმერთი! ამიტომ ჩვენც ასე ვიქცევით, ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა მოვიქცეთ. ანუ არ ვამბობთ, რომ ვიღაც ღვთის შვილია, ვიღაც კი – არა. მაგალითად, აი, პუტინი ან ჰიტლერი როგორ შეიძლება, ღვთის შვილები იყვნენო. არადა ყველა და ყველაფერი იმ ერთიანი ღვთის ხატის გადაგვარების გარედან გამოვლენილი ფორმაა, მაგრამ შინაგანად არც ერთ ადამიანში არ წაიშლება ღვთის ხატობა, ანუ განღმრთობის შესაძლებლობა. ამიტომ, სანამ პირში სული გვიდგას, ჩვენ, ქრისტიანები, ვლოცულობთ: ღმერთო, მიუტევე, არ იციან, რას აკეთებენ. მაშასადამე, ჩვენი მტერია უგუნურობა, რამაც ღვთის ხატი ისეთ დონემდე დაიყვანა, რომ მასში ვერ ვხედავთ ღვთის ქმნილებას. ამიტომ ქრისტიანის ვალია ლოცვა გადაგვარებული მოყვასისთვის და არა მათი დახარისხება. ოღონდ, ცხადია, ეს არ ეხება სასჯელებს, ესე იგი, იმას, რომ თვალი დავხუჭოთ, თუ ადამიანი სცოდავს. ციხეცაა საჭირო, ფსიქიატრიულიც, ომში ბრძოლაც. ეს მოქმედების იძულებითი ფორმებია, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის და ესეც სიყვარულია! სხვათა შორის, ციხეში, იმ სივიწროვეში, ადამიანი გონს მოდის; ასევეა, ომებში: იმ სიკვდილსა და სისხლში საკუთარ ცოდვებს ჩამოირეცხავს დიდი ტკივილებით. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ესეც მუშაობს. არც ერთი ტკივილი, არც ერთი იძულება და შეზღუდვა არ ჩაივლის უკვალოდ. ისინი განგებისგანაა დაშვებული, როგორც დამხმარე საშუალებები, რომ ადამიანი გონს მოვიდე და გათავისუფლდეს ცოდვისგან. როდესაც განგება დაინახავს, რომ ადამიანის სხეულში ისეთი ცოდვა დაგროვდა, რომელიც მას ჭამს, ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს და სხვებისთვისაც საშიშია, სწორედ მაშინ ხდება სიკვდილის დაშვება: იქნება ეს ომით თუ ავადმყოფობით. აი, ამ ავადმყოფური ტკივილებით იწმინდება ადამიანი. ანუ ყველა გასაჭირი თუ უბედურება, საბოლოოდ, მაინც განსაწმენდელია. მართალია, ჩვენ ბოლომდე ვერ ვწვდებით ამ საიდუმლოს, მაგრამ ვწვდებით ერთს – ადამი ღმერთმა საცხოვნებლად გააჩინა; იესო მოდის, რომ ის ძველი კაცი, რომელიც ადამში დამძიმდა ცოდვით, რომელსაც სიკვდილისკენ მივყავართ, ჯვარზე გააკრას და იესომ გააკრა ჯვარზე ძველი კაცი, რითიც ახალი შანსი მოგვცა, რათა ავმაღლდეთ ჩვენს ცოდვილ ბუნებაზე და ღმერთს მივემსგავსოთ. ხელახლა დაგვბადა მაცხოვარმა, ამიტომ ყველა ადამიანს, ვისაც სული უდგას პირში, აქვს განღმრთობის შესაძლებლობა და ქრისტიანობა არის, როგორც მარილი. ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ყველა ცოდვილ ადამიანს ვაუწყოთ, შენ ღმერთს უყვარხარ და არა ის, რომ შენ ღვთის გარეგანი ხარ, არაფერი გეშველება და ჯოჯოხეთში დაიწვები. ეს, მე რომ მკითხო, ქრისტეს მისიის არდანახვა და ვერგაგებაა. პირიქით, რაც მეტადაა ადამიანი ცოდვილი და ჭამს ეს ცოდვა, მით მოწყალე ქრისტიანი ხდება. ემოციის დონეზე, როდესაც დაინახავ, რომ პედოფილია და ბავშვი გააუპატიურა, ჩაიდინა სასტიკი მკვლელობა, შეიძლება, ვთქვათ, არა, ადამიანი არ არის, ცხოველია, ადამიანი ასეთ რამეს არ ჩაიდენდა და დიახაც, იმსახურებს ჯოჯოხეთს, სიკვდილსა და გაქრობას, მაგრამ, ვიმეორებ, ღმერთს ცოდვილის დაღუპვა კი არ უნდა, არამედ მისი გადარჩენა, თუ ის ადამიანი დაინახავს თავის ცოდვას. სცოდავს უგუნური ბუნება, ღვთიურ ბუნებას არ შეუძლია ცოდვის ჩადენა. შესაბამისად, თუ გონებაამღვრეული, ღვთის ხატობადავიწყებული ადამიანი ჩაიდენს მძიმე ცოდვას, ჩვენ უნდა ვილოცოთ მისთვის, ღმერთო, გონება გაუნათე, ანუ მიახვედრე, რა გააკეთა. მონანიებით ადამიანი აღდგება: იმიტომ რომ კვდება ძველი ცხოვრებისთვის და აღდგება ახლისთვის! მონანიე ადამიანი, რაოდენ მძიმე ცოდვებიც უნდა ჰქონდეს ჩადენილი, უფრო მაღლა დგას, ვიდრე მოუნანიებელი და, თუნდაც, ის, ვინც ზნეობრივად ცხოვრობს. ოღონდ მონანიება არ არის, თქვა, მაპატიე. მონანიება დანახვაა, გონს მოსვლაა, გაღვიძებაა, იმიტომ რომ, ვიმეორებ, ღვთის ქმნილებას არ შეუძლია, შესცოდოს. ის სცოდავს მაშინ, როდესაც გონება დაებინდება და თუ მონანიებით მიხვდება, არათუ ეპატიება, ისიც ქრება, რაც წარსულში ჩაიდინა, თითქოს სიზმარში მოხდა. და მართალიცაა, მან ხომ ეს უგუნურ მდგომარეობაში ყოფნისას გააკეთა?! აი, ამისთვის უნდა ვილოცოთ ჩვენ. ყველა ღვთის ქმნილებაა, ყველა ღვთის შვილობისთვისაა გაჩენილი, მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანები ვერ ირგებენ ღვთიურ პატივს, მძიმე ცოდვებში ცვივდებიან და ჩვენ, ქრისტიანები, ვართ შუამდგომლები, რომ ღმერთს შევავედროთ ისინი, აპატიე, მამაო, არ იციან, რას აკეთებენ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი