აპოკალიფსური ჟამის ტრაგიკულობა
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 20.12
გამოკითხვა რომ ჩავატაროთ და ადამიანებს შევეკითხოთ, თუ რა მიაჩნიათ ბედნიერების საფუძვლად, მათგან სხვადასხვაგვარ პასუხს მივიღებთ. ერთნი ამის პირობად ეკონომიკურ კეთილდღეობას დაასახელებენ, მეორენი – პოლიტიკურ თავისუფლებას, მესამენი – კანონების გამკაცრებას, მეოთხენი – ზნეობრივი შეზღუდვებისგან გათავისუფლებას და ასე შემდეგ. ამ შეხედულებებსა და მოსაზრებებში რაღაც საერთო მისწრაფების მოპოვება რომ ვეცადოთ, ამგვარ ფორმულირებას მივიღებთ: ყოველ ადამიანს სურს ბედნიერება, მაგრამ ვერ ხვდება, რაში მდგომარეობს ის.
ჩვენი თანამედროვეთა უმრავლესობა ბედნიერებას მატერიალურ სიმდიდრეში ხედავს. ფული მათთვის კეთილდღეობის ეკვივალენტია. მაგრამ მოგვიტანს კი ფული ჭეშმარიტ სიხარულს? ვიყიდით ფულით მეგობრობას, ერთგულებას, სიყვარულს? მატერიალური კეთილდღეობა ხშირ შემთხვევაში აქრობს შინაგან სულიერ ცხოვრებას და ადამიანი გარეგნულ ყალბ ფასეულობაზე გადაჰყავს.
სიმდიდრე, ისევე, როგორც სიღატაკე, მძიმე ტვირთად აწვება ადამიანის სულს და სისტემატური საფრთხის მოლოდინით აღავსებს მას. სიმდიდრეს ჯერ არავინ გამოუსწორებია. პირიქით, ხშირ შემთხვევაში, მდიდრების ბავშვები უმადურ ეგოისტებად იზრდებიან.
ყველაზე სავალალო მდგომარეობაში იმ მდიდარი ადამიანების ბავშვები არიან, რომლებიც შრომის, განსაცდელების, ბრძოლისა და შევიწროების გარეშე იზრდებიან. იმის გარეშე, რაც აუცილებელი პირობაა ადამიანის ზნეობრივი განვითარებისა და პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. ასეთი ბავშვები, როგორც წესი, გულგრილნი არიან როგორც ადამიანების, ასევე საკუთარი მშობლების მიმართაც.
ის, რაც ჩვენ ვთქვით, რა თქმა უნდა, არ გახლავთ საყოველთაო წესი, რომელსაც გამონაკლისი არ გააჩნია.
ტექნიკური პროგრესი განაშორებს ადამიანებს ერთმანეთისგან. სწორედ ამიტომ, დიდი ქალაქები ნამდვილად უდაბნოა ადამიანის სულისთვის. ადამიანი განეშორება მეორე ადამიანს არა ტერიტორიული მიზეზებით, არამედ შინაგანად, სულიერად. მას არ სჭირდება ცოცხალი ადამიანები. მისთვის უფრო მოხერხებული და იოლია ურთიერთობა მანქანასთან. ადამიანი ცდილობს, ჩადოს კოლექტიური გონების პროგრამა მანქანა-დანადგარებში, მაგრამ სინამდვილეში მანქანა აწვდის მას თავის თვისებებს, ნერგავს მასში საკუთარ კომპიუტერულ სისტემას. ტექნიკური ცივილიზაციის ადამიანი დაპროგრამებულია. როგორც მანქანა, ის ბიოლოგიურ აპარატად იქცა, რომელიც მკაცრ სტანდარტულ რეჟიმს არის დამორჩილებული. ამ სტანდარტებს ის მხოლოდ საკუთრ ნევროზს უპირისპირებს. აქ ჩვენ საოცარ მოვლენებს ვხვდებით: პათოლოგია ხელოვნებაში, პათოლოგია პირადი ცხოვრების ყველა სფეროში.
ტექნიკურად ცივილიზებულ ქვეყნებში ოჯახი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ემოციური გულგრილობა თანამედროვე ადამიანისა, უპირველეს ყოვლისა, მის ოჯახურ ყოფიერებაში მჟღავნდება. მეუღლენი თანამშრომლები ხდებიან, თანამშრომლებზე უარის თქმა კი იოლად შეიძლება. ქალაქები ტექნოლოგიურ ქვეყანაში უზარმაზარ სახელმწიფოებად გადაიქცნენ. იქ სისტემატური სტრესების გარემოა, რომლისგან თავდაცვის ძალა ადამიანს არ გააჩნია.
მრავალი ადამიანი საზოგადოების გარანტად მისთვის სასურველ პოლიტიკური წყობის მმართველობას, საზოგადოებრივ სტრუქტურას მიიჩნევს. მაგრამ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფორმაციები ერთმანეთს ცვლიდნენ, იქმნებოდნენ და ინგრეოდნენ, ბოროტება და უსამართლობა კი არ მცირდებოდა დედამიწაზე. და თუ რაიმე ცვლილება შეინიშნებოდა ისტორიის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივი ენტროპია – ყოფითი მატერიალიზმი და სულიერი სნეულებები, რამაც ჩვენ დროში ეპიდემიური ხასიათი მიიღო. ყველა საზოგადოებრივი უტოპია უშედეგოდ დასრულდა იმ მიზეზით, რომ არ ითვალისწინებდნენ ისეთ აუცილებელ და უნივერსალურ ფაქტს, როგორიც ადამიანის დაცემული ბუნებაა – ცოდვისკენ მისწრაფება და დემონური იმპულსიები, რომელიც ღრმად მკვიდრობს ადამიანის გულში.
ტექნიკური ცივილიზაციის საუკუნე, რომელსაც „გათავისუფლების“ საუკუნეს უწოდებენ, სინამდვილეში ზნეობრივი პრინციპების, მორალური ნორმებისა და საკუთარი სინდისისგან ათავისუფლებს ადამიანს. ბედნიერება შინაგან სულიერ სამყაროზეა დამოკიდებული, თანამედროვე ადამიანს კი ეს სამყარო შევიწროებული და გამოფიტული აქვს, თითქმის ბოლომდე. ამგვარი სულიერი მდგომარეობა განსაკუთრებით ტექნოლოგიურ ქვეყნებში მჟღავნდება, სადაც ადამიანები ჰგვანან კიდეც ერთმანეთს. ისინი თითქოსდა დაპროგრამებულნი და დაკომპლექსებულნი არიან უხილავი ჰიპნოზით. ადამიანები იღებენ უზარმაზარ ინფორმაციას, მაგრამ ერთგვაროვანსა და პრიმიტიულს. მათი ცხოვრება ერთი და იმავე სცენარის განმეორებას ჰგავს.
ეს არის განცდა იმისა, რომ გასაქცევი არსადაა, რომ ელექტრონული ნათურებით განათებული ქალაქები უზარმაზარი ხაფანგია – სულის სასაფლაო, რომელშიც შეყარეს ხალხი. სწორედ ამაშია აპოკალიფსური ჟამის ტრაგიკულობა.
არქიმანდრიტი რაფაელი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

