აღსავლის კარის მიღმა მეგულება მომავალი ცხოვრება ჩემი
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 27.06

ბავშვობაში, როცა მე ბებიაჩემს ლოცვებზე დასასწრებად ტაძარში დავყვებოდი, თვალი ყოველთვის აღსავლის კარისკენ გამირბოდა, სულ მას ვუცქერდი, ამის იქით მეგულებოდა რაღაც ძალზედ დიდი და სანატრელი. თუ აღსავლის კარი დახურული იყო, გულიც უცნაურად მეხურებოდა და შიგ ჩუმი სევდა ისადგურებდა. მაშინ მე რაღაც დიდთან და სასურველთან სიახლოვეს ვაკლდებოდი. მას ვშორდებოდი, ხოლო როცა აღსავლის კარი იყო ღია, სული მინათდებოდა, საკურთხევლიდან რაღაც ისეთი შემოდიოდა ჩემში, ისეთ სანატრელ სიმშვიდესა და სიტკბოებას შევიგრძნობდი, რასაც გარეთ, თვით ეკლესიაშიც კი, ნაკლებად ვიღებდი. ამიტომ ვხარობდი უცხო სიხარულით და ვგრძნობდი, რომ მაშინ დიდსა და მიუწვდომელს ეზიარებოდა ჩემი სული.
შემდგომში, როცა მე სახლში ფარულად რაღაც ღვთისმსახურების მსგავსს ვასრულებდი, როცა მე ოთახიდან ოთახში გამოვაღებდი დიდ კარს, როგორც აღსავლის კარს, ისე მოვიაზრებდი, იგივე გრძნობა მეუფლებოდა, რასაც ტაძარში ყოფნისას განვიცდიდი, როცა მე აღსავლის კარს მივჩერებოდი იმედითა და სასოებით. აქაც თითქმის იგივე ხდებოდა, რაც ეკლესიაში, ოთახის ჩვეულებრივი კარი ლამის სამეუფეო კარად იქცეოდა ხოლმე ჩემთვის, ტაძარში თვალს რომ ვერ ვაშორებდი და სულ მისი გაღებისა და იქით არსებულის დანახვის მოლოდინში ვიყავი.
დღესაც, ტაძარში ვარ თუ სახლში, თვალი, რატომღაც, კარისკენ გამირბის. ჩემი შინაგანი იქიდან ვიღაცის მოსვლას ელოდება მონატრებით ან კარის იქით არსებულთან შეხვედრას ესწრაფვის. კარგა ხანს ვერ ვხვდებოდი კარის მნიშვნელობას, არ ვიცოდი, რატომ იპყრობდა ჩემს მზერას ასე, რატომ მიზიდავდა ის? მოგვიანებით კი, როცა სახარებიდან უფლის სიტყვები ამოვიკითხე, ჩემთვის ყველაფერი ცხადი შეიქნა: „მე ვარ კარი“, – ბრძანებს უფალი სახარებაში და ამით ყველაფერს მოეფინა ნათელი.
იესო ქრისტეა კარი ცათა სასუფევლისა, იმ ღვთიური სამყოფლის, სადაც არ არის ჭირი, მწუხარება და დარდი, სადაც სიხარული სუფევს დაუსრულებელი. იესო არის კარი ნეტარი ცხოვრებისა. ადამმა რომ დაკარგა ურჩობითა და ბოროტის მინდობით და გაჩენის დღიდან იქ დაბრუნება ნატვრად რომ იქცა მისთვის. მას შემდეგ აქეთკენ მიისწრაფვის ყოველი კაცი ქვეყნად, მაგრამ ვერა და ვერ მიუგნია მისთვის. ამ ნეტარი სამყოფლის არსებობის რწმენა სულ მუდამ ცოცხლობდა ადამიანებში, ამიტომაც ეძიებდნენ მას მონდომებით. მაგრამ ამქვეყნიურ ცხოვრებაში გართულთ ვერაფრით მიეგნოთ მისთვის, რადგან იქ მისასვლელი გზები ჰქონდათ დაკარგული. კარი კი, რითაც შეიძლებოდა იქ დაბრუნება, იქ შესვლა, იყო დახშული და ადამიანები იყვნენ მისი გაღების მოლოდინში.
ქრისტემ შეძლო ამ კარის გაღება, იგი თავად იქცა კარად, რითაც უნდა მოხვდეს კაცი სასუფეველში. რომ არა ქრისტე, კარის არსებობა კაცთათვის იქნებოდა დაფარული. სასუფევლის კარი გაღება თავად იესომ გაუცხადა ქვეყნის მკვიდრთ თავისი ქვეყნად მობრძანებითა და ქადაგებით. დაფარულ საიდუმლოს თავად მოჰფინა ნათელი. მან არა მარტო გააცხადა, რომ იგია სასუფეველში შემყვანი კარი, არამედ ყველას მოუწოდა კიდეც ამ კარისკენ, ღვთის მცნებებისკენ, რომელთა დაცვითაც სამეუფეო კარი გაიხსნებოდა შემსვლელთათვის. მას შემდეგ ამ კარისკენ იქნა მორწმუნეთა ყურადღება მიქცეული. მას დაუკავშირდა მათი ცხონება.
ახლა ვხვდები, ბავშვობაში რატომ იქცევდა ჩემს ყურადღებას აღსავლის კარი, რატომ მიზიდავდა იგი და მისკენ რატომ გამირბოდა თვალი. დღესაც იმას ვუმზერ მონატრებით, ჩემს სიცოცხლესა და გადარჩენასაც იქიდან მოველი. იგი ყოველთვის მახსენებს ნეტარ სამოთხეს, სადაც ოდესღაც მკვიდრობდა ადამი. შემდგომ რომ იქნა გამოდევნილი, რისთვისაც იყო იგი გაჩენილი და კიდევ იმას, რომ უფალს ისევ სურს იქ დაბრუნება მისი. ეს ის სამყაროა, რომელიც მეგულება აღსავლის კარის იქით. ამიტომაც იყო, რომ სამეუფეო კარს მუდამ მივჩერებოდი მონატრებით, რათა ღვთიური სამყარო თუ სამყოფელი დამენახა იმის იქით. ის სამყარო არც ისე წორსაა, იგი კარს მიღმაა, მაგრამ ამ კარის გარეშე შეუძლებელია იქ მოხვედრა. კარი კი თავად უფალია. ეს მისი მცნებებია. ეს მისი სიბრძნე და ნათელია, რითაც უნდა შევიმოსოთ ყველანი, რათა მშვიდობითა და დაუბრკოლებლად განვვლოთ ჩვენი გასავლელი და მოვხვდეთ ღვთიურ სამყოფელში. მე დღეს სამოთხის კარს მაგონებს აღსავლის კარი და ამ კარის მიღმა მეგულება მომავალი ცხოვრება ჩემი.
მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)
სიახლეები ამავე კატეგორიიდან