რელიგია

ადამიანი ღვთისგან იმას იღებს, რასაც გულით ითხოვს

№15

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 25.04

რელიგია
დაკოპირებულია

ბევრჯერ დამიჭერია ჩემი თავი, რომ ლოცვას იმისთვის კი არ ვასრულებ, რომ მივიღო ღვთისგან ცოდვათა მიტევება, განწმენდა ან სულის სიმშვიდე და ნუგეში, არამედ იმისთვის, რომ უბრალოდ, შევასრულო დადგენილი წესი და კანონი, მოვიხადო ეკლესიური ვალი და ამით დავიმშვიდო სინდისი. ასეთ დროს ჩემგან შესრულებული ლოცვის მიზანი უმეტესად მოვალეობის მოხდაა, დადგენილი წესით შესრულება, სინდისის დამშვიდება, რომ სულში კმაყოფილება ვიგრძნო.

ამგვარი ლოცვის სასყიდელია ის, რასაც ღვთისაგან იღებს კაცი. ასეთ დროს ადამიანს მეტის იმედი აღარც უნდა ჰქონდეს, რადგან ეს ხდება მისი მიზანიც და ის სხვა უმეტესი სიკეთისთვის აღარ ირჯება. განა შეიძლება, ასეთ დროს მლოცველს ჰქონდეს იმის მოთხოვნა, რომ უფალმა მას უბოძოს დიდი სინანული, ცოდვებისგან განწმენდა ან სულის სიხარული, რაც შეიძინება მხურვალე და გულითადი ლოცვით? ამ სულიერ საფასეებს ნაკლებად შეიძენს მლოცველი, თუ ის უფრო მოვალეობის მოხდით კმაყოფილდება და არა სულიერ საფასეთა მოძიებით, რაც მართლა უნდა ყოფილიყო ჭეშმარიტი ლოცვის მიზანი.

ასევე ხდება მოწყალების გაცემისას, თუ ამას ადამიანი აკეთებს ღვთის გულისთვის, მისი დიდებისა და სიყვარულისთვის, ამისთვის საზღაურსაც ღვთიურს მიიღებს. მაგრამ თუ ამას სჩადის მხოლოდ ადამიანის გულის მოსაგებად ან იმისთვის, რომ ადამიანთა წინაშე კეთილად გამოაჩინოს ან მოიწონოს თავი, უფალი მას მისცემს იმას, რაც სურს: მის სიკეთეს მოიწონებენ სხვები და შესაძლოა, შეაქონ კიდეც ამისთვის, მაგრამ ღვთისგან ვეღარ მიიღებს ღვთიურ წყალობას, რადგან კაცთაგან მას კუთვნილი სიკეთე უკვე აქვს მიღებული და რა დასანანია, რომ ღვთიურ სიკეთეებს ასე აკლდება ადამიანი და ამიტომაც სულ უფრო უცხოვდება მისთვის ღვთიური შვება და სიხარული.

იგივე ხდება ნებისმიერი სულიერი ღვაწლის დროსაც – მარხვა იქნება, მოთმინება თუ სინანული. ყოველივე ღვთისაგან შეფასდება იმის მიხედვით, თუ რა მიზანს ემსახურება, რისთვისაა ის განკუთვნილი. ადამიანი შეიძლება, მარხულობდეს და რაღაცას ითმენდეს, მაგრამ ეს არ ხდებოდეს იმ მიზნით, რისთვისაც ის ღვთისგანაა დადგენილი. ხშირად კაცი მარხულობს, იმიტომ რომ სხვებს მმარხველად დაანახვოს თავი ან დაიმშვიდოს სინდისი, რომ შეასრულა დადგენილი ეკლესიური წესი. ასეთ დროს ის მარხვას იცავს არა საკუთარი სულისა და სხეულის განსაწმენდად, არამედ უფრო საკუთარი თავმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ან სხვების დასანახად, რომ მათ შეაქონ ამისთვის. როგორ ფიქრობთ, რა სიკეთენი შეიძლება მიიღოს მან ასეთი მარხვისთვის? ცხადია, ის, რასაც იგი იმსახურებს, რაც მას მიზნად აქვს ქცეული. იგი იკმაყოფილებს თავის თავმოყვარეობას, იმშვიდებს სინდისს და სხვების თვალშიც ჩანს მმარხველი. მაგრამ იმ სიკეთეებს, რაც მას უნდა მიეღო ჭეშმარიტი მარხვისთვის, აკლდება, რადგან ისინი მას არ სჭირდება და აღარც ირჯება მათი მოპოვებისთვის და კიდეც რომ მიეცა მისთვის უფალს, მას სათანადოდ ვერ გაუფრთხილდებოდა, რადგან მისთვის უცხო და ნაკლებსასურველია.

კიდევ შეიძლებოდა უამრავი მაგალითის მოყვანა ჩვენი სულიერი ცხოვრებიდან, მაგრამ ზემოთ მოყვანილიც საკმარისია იმისთვის, რომ დავასკვნათ შემდეგი: ადამიანი გაწეული ღვაწლისთვის ღვთისგან იღებს იმას, რასაც ის ითხოვს გულით, რისთვისაც ის ირჯება მონდომებით. თუ ის ღვთიურ სიკეთეებს არის მოკლებული, თუ მას ლოცვამ, მარხვამ და მოთმინებამ ვერ შესძინა სულიერი საფასენი, თუ ვერც ლოცვის სიტკბოება განიცადა და ვერც სულისა და სხეულის სიწმინდე მოიპოვა მარხვით, თუ ვერ მოაუძლურა ბოროტი ვნებები და ბოროტ გულისთქმათაგანაც ვერ გაითავისუფლა თავი, ეს იმიტომ, რომ ღვთისაგან მხსნელი მადლი არ ჰქონდა მიღებული და მის შეწევნას მოკლებული იყო. ხოლო, როცა ადამიანი ამ სიკეთეებისთვის გაირჯება, როცა ის მისი არსებობის მიზანი გახდება, მაშინ მას კეთილად მოხედავს უფალი და ღვთიური სიკეთენითა და სიხარულით აღავსებს მის გულს.

მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა