რელიგია

9 აპრილი: ქართველთა გზა ნამდვილი თავისუფლებისკენ!

ავტორი: ნინო ხაჩიძე 01:17 18.04, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

თავისუფლება, ალბათ, ყველაზე რთული ფენომენია ამ სამყაროში, რაც, ვფიქრობ, ყველაზე უკეთ ერიხ ფრომმა ახსნა თავის ცნობილ წიგნში: „გაქცევა თავისუფლებისგან“, რადგან ადამიანის, ერის, სახელმწიფოს ცხოვრება ამ ორ დილემას შორისაა მოქცეული: ერთი მხრივ, მიილტვის თავისუფლებისკენ, მეორე მხრივ კი, მიაღწევს თუ არა, გაურბის მას, იმდენად მძიმე ტვირთია. ავტორი ორი ტიპის თავისუფლებას გამოყოფს: გან-თავისუფლება და კენ-თავისუფლება (ქართული სრულყოფილად გამოხატავს მეოცე საუკუნის ფილოსოფოსის ამ მოსაზრებას - გათავისუფლება და თავისუფლებისკენ). 1989 წლის 9 აპრილს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის მოქალაქე ქართველებმა თავისუფლება მოისურვილეს, ამისთვის ძალისხმევაც გაიღეს და სისხლიც დაღვარეს, ორიოდე წლის შემდეგ ეს თავისუფლება ქაღალდზეც გაჩნდა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდაც ვიქეცით, თუმცა ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ, შორსაა ნამდვილი თავისუფლებისგან, ისევე, როგორც ნამდვილი სახელმწიფოებრიობისგან. რას ნიშნავს ნამდვილი თავისუფლება და რატომ ვერ დააგვირგვინა ამ ნამდვილი თავისუფლებით ქართველმა ერმა, საქართველოს მოქალაქეებმა, ვერც 1989 წლის და ვერც 1991 წლის 9 აპრილები? - ამ თემაზე გვესაუბრება დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).

მამა გურამი (ოთხოზორია): საოცარი დღეა ჩვენთვის 9 აპრილი: ის ქართველებისთვის ორი დღეა, ერთია - 1989 წლის 9 აპრილი, რომელიც უკავშირდება ტკივილს და მეორე - 1991 წლის 9 აპრილი, რომელიც უკავშირდება სიხარულს, მაგრამ ეს მაინც ერთიანი დღეა. ისე დაგვებედა, რომ ლხინი და ჭირი ქართველი კაცის ცხოვრების უღელში ოდითგანვე ორი ხარივით იყო შებმული და ასე ხნავდა ის მიწას, ცხოვრებას... 1989 წლის 9 აპრილს ჩვენ სულ სხვა მოლოდინები გვქონდა, 70-წლიანი (ბიბლიური შედარება რომ გამოვიყენოთ) ბაბილონის ტყვეობიდან გამოვედით და გვეგონა, რომ იმ ფიზიკურ თავისუფლებას შეეძლო, ნანატრი შინაგანი თავისუფლებაც მოეტანა. მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, გვაქვს შესაძლებლობა, დავინახოთ ნამდვილი თავისუფლების არსი: ერთი მხრივ, რა იყო ის, რაც ჩვენ დღეს გვაკლია, აი, მაშინ კი სავსე ვიყავით ამით და, მეორე მხრივ, რა არის ის, რაც ახლა ვიცით, მაგრამ მაშინ არ ვიცოდით და ვერც გვეცოდინებოდა, რადგან იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ გასააზრებლად დრო არ დაგვრჩა. მაშინ ყველაფერი ერთად დაგვატყდა თავს, როგორც კედელმორღვეულმა კაშხალმა, ისე წამოიღო ამდენი ხნის ნაგროვები და შეკავებული დადებითიც და უარყოფითიც და ამის დაწრეტის ჟამია მთელი ამ ხნის განმავლობაში, მთელი ეს 32 წელი.

როგორ ვხედავთ 2021 წლის 9 აპრილიდან 1989 წლის აპრილს?

ჩვენ ხომ ისევ ის საქართველო გვიყვარს?! ჩვენ ხომ ისევ იმმოდგმის ვართ?! მაშინ, მოდი, შევცვალოთ ჩვენი ბედისწერა: დღევანდელი დღიდან გავბრუნდეთ უკან, 32 წლის წინათ და, თუნდაც, საკუთარ გულში ხელახალი სცენარი დავწეროთ ისეთი საქართველოსი, როგორიც გვინდოდა ჩვენ, 32 წლის წინათ იქ მდგომებს და რაც ვერ განხორციელდა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.

გვეყოფა თუ არა ქართველებს ძალა, რომ ჩვენი მე, ეგო, რის გამოც არ დავუთმეთ ერთმანეთს, დავწვათ და უარვყოთ?! - არადა ეს ჩვენი ერთადერთი შანსია.

ყველას გვახსოვს, თუ რა გააკეთა ჩვენმა გმირმა, პარტიოტმა ახალგაზრდა კაცმა - გია აბესაძემ, როდესაც რუსთაველის გამზირზე ქართველებს შორის სწორედ 1989 წლისა და 1991 წლის 9 აპრილების შემდეგ დაპირისპირება დაიწყო - მან თავი დაიწვა, ცეცხლს მისცა თავისი სხეული, რომ ჩვენს გონს მოვსულიყავით, მაგრამ მოვედით გონს?!

დღეს უფრო მეტა და მეტი გვაქვს დასაწვავი - ჩვენი ეგო, რაც საუკუნეებია, ქართველებს გვაცოდვილებს და ზიანს გვაყენებს; იქნებ შევძლოთ და გონს მოვიდეთ; იქნებ დავბრუნდეთ იმ 1989 წლის 9 აპრილში და იქ თავიდან დავბადოთ ის ჩანასახი, რომელიც სხვანაირ ხვალინდელ დღეს გაუთენებს საქართველოს?!

წარმოუდგენელია, ერის ისტორიაში, ხსოვნაში არ იდოს ეს შესაძლებლობა?!

განგებამ შექმნა ფუტკრები, რომლებიც ათიათასობით თანაცხოვრობენ ერთ მცირე ზომის სკაში, ყველას თავისი საქმე აქვს და როდესაც დედა მოუკვდებათ, მათ გამოჰყავთ ახალი დედა. ანუ ღმერთმა მათში ჩადო სიბრძნე - ცოდნა იმისა, რომ დედის გარეშე ვერ იარსებებენ და ყოველ ჯერზე, როდესაც დედა უკვდებათ, გამოჰყავთ ახალი დედა.

ჩვენც ხომ შეგვიძლია, შევაკოწიწოთ ჩვენი დედაბოძი ჩვენი მორჩილებით, სიმდაბლით, სიყვარულით, ავაღორძინოთ ჩვენი დვრიტა - პირველსაწყისი, რომელიც მოგვყვება მუდამ, მაგრამ ჩვენ მას ხან ვერ ვამჩნევთ, ხან ვკარგავთ. ამიტომ, გონს თუ მოვალთ და საგონებელში ჩავვარდებით, იქნებ დავბადოთ ქართველთა ერთობის ჩანასახი - შევქმნათ საგონებელში ჩავარდნილ ქართველთა ერთობა და, მერწმუნეთ, აი, სწორედ იქ და იმ დროს მოხდება ის, რასაც ამდენი ხანია, ველით.

მოდი - განვმარტოთ, რას ვგულისხმობ ერთობაში.

„ერთმანეთი“ მკვდარი სიტყვაა, რადგან მეორე ასო-ბგერა რ-ანი ამოვარდნილია, უნდა იყოს - ერთმანერთი. ქართველს უჭირს, როდესაც ის ერთია, იყოს მეორე, მაგრამ სიტყვაში -„ერთმანერთი“ - მეორე უქმდება. იმიტომ რომ ყველა მასში ვართ გაცოცხლებულები. ერთმანერთობა ნიშნავს, რომ ყველა ერთი იქნება და ერთადაც იქნება, ოღონდ უნდა მოვიშოროთ ეგო - რომ მხოლოდ მე ვარ და სხვა არავინ!

ეს ერთმანეთში გათქვეფის შიში ერთმანერთში მოიხსნება, ყველანი ვიქნებით ერთი და ამ ერთიდან დავბადებთ იმ დიდ ერთს, რომლისგანაც მივიღებთ ძალას და აი, ეს ახლა მაინც უნდა შევძლოთ ქართველებმა, რადგან ჩვენ გარშემო ვითარება კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე 32 წლის წინათ იყო. ჩვენ კი, სანამ თითი გარეთ გვექნება გაშვერილი და გარეშეთ დავაბრალებთ ჩვენს პრობლემებს (რაც ადამის მდგომარეობაა, რომელიც ღმერთს ეუბნება: ქალმა, რომელიც შენ მომეცი, მაცდუნა!). ისევ ადამის პარადიგმაში ვრჩებით. ეს პარადიგმაა შესაცვლელი, რადგან სწორედ ამ პარადიგმამ დააკარგვინა ადამს სამოთხე. სწორედ ეს შეცვალა ქრისტემ და ავაზაკიც კი ამბობს: ჩემი ბრალია ყველაფერი, ჩემი ბრალია, ახლა რომ ჯვარზე ვარ გაკრული და მას ქრისტე იმავე წამს ეუბნება: დღეს შენ ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.

ანუ სამოთხე ადამის მოდგმას დააკარგვინა სხვისმა დადანაშაულებამ, მატერიის, ქალის, საბოლოოდ კი - ღმერთის! და ჩვენც, ქართველებს, სანამ თითი ხან ერთმანეთისკენ გვაქვს გაშვერილი, იმის ბრალია, ამის ბრალია, ხან უფრო იქით - გარე მტრის ბრალია, ვერ გავარღვევთ მოჯადოებულ წრეს, რომელიც არ გვიშვებს დაკარგულ სამოთხეში.

რა არის გამოსავალი?

გავიმეორებ: თუკი გავაუქმებთ ჩვენს ყალბ ეგოს, ღმერთობით მთვრალს; მოვალთ გონს - გარეთ გაშვერილ თითს 180 გრადუსით მოვატრიალებთ, ანუ საკუთარი თავისკენ და იესოსთან ერთად ჩვენს ეგოს დავკიდებთ ჯვარზე!

დღეს, ხომ, ჩვენ კი არ ვართ ვკიდივართ ჯვარზე, არამედ ჯვარი გვკიდია ყელზე და ეს გვგონია ქრისტიანობა.

შევძლებთ, გავაუქმოთ და ჯვარზე ვაცვათ საკუთარი ეგო?! ამ კითხვის პასუხზეა დამოკიდებული საქართველოს, ჩვენი მომავალი.

გია აბესაძემ გააკეთა მაქსიმუმი - თავისი სხეული გაწირა. მოდი, ჩვენ ეს გავაკეთოთ იესოსთან ერთად ჩვენი ეგოს გაწირვით. იესომ ჩვენთვის გაწირა თავი, თავისი ადამიანური ბუნებით - მან ყველა სიმწარე და ტკივილი იგრძნო, როგორც ადამიანმა - და, თუ ჩვენც ჩვენს ეგოს გავწირავთ და ვაცვამთ ჯვარს, აღვდგებით. სხვანაირად აღდგომა შეუძლებელია, რაც უნდა საპროტესტო აქციები მოვაწყოთ, რაც უნდა სადღეგრძელოები ვთქვათ, რაც უნდა ვისურვოთ- შედეგი არ იქნება. ეგოს დამორჩილებული ქართველი ვერ გაიხარებს. აი, ამის შემდეგ შევალთ ჩვენ ჩვენს ნამდვილ მე-ში. სანამ ჩვენ მე-ეგოში ვცხოვრობთ, ერთმანერთში ვერ მოვალთ.

მაგრამ იქნებ გვეყოს გონიერება?!

შოთა ავთანდილზე ამბობს: „საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად.“ გონიერება არის საგონებელში ჩავარდნა, გახსენება, მოგონება... რომ მოვიგონოთ, უნდა შევჩერდეთ, გავუქმდეთ. გაუქმება ნიშნავს აი, იმ მეშვიდე დღეში შესვლას, როდესაც ღმერთმა დაისვენა - როდესაც მშვიდად ვართ, არ ვშფოთავთ, არ ვზრუნავთ და გულისყურით ვუსმენთ იმ დიდ ერთს. და აი, იმ დიდ ერთში რომ შევალთ, ყველანი ერთ სხეულში ვიქნებით - ქრისტეს სხეულში - რომელიც აღდგება. აი, ეს არის საქართველოს გაბრწყინება და ეს უნდა დაიწყოს პატარა ჩანასახიდან. თუნდაც, რამდენიმე ქართველის გულში.

ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და გამოვუტანოთ განაჩენი ჩვენს იმ ძველ კაცს, რომელშიც მიმალულია ჩვენი ნამდვილი, დიდი მე. მერწმუნეთ, ჩვენი ეგოს დაკარგვით ჩვენ შევიძენთ ჩვენს ნამდვილ, დიდ მეს!

ვინც დაკარგავს თავის სულს, ის შეიძენს თავის ნამდვილ სულს, - ასე გვეუბნება მაცხოვარი და მე მოვუწოდებ ყველას, ვინც სიყრმიდანვე აგვიყოლია ქართლის ბედმა, უპირველესად, საკუთარ თავს, გავაკრათ ჯვარს საკუთარი ეგო და აღვდგეთ ნამდვილ მე-ში!

აკაკი ამბობს: „მოვადროდათავსაიშვებს,. იმჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!“მერწმუნეთ, ამირანიდაბმულიათავისიეგოთი და, როგორც კი ჩვენ ამაზე უარს ვიტყვით, იმ წუთასვე აიშვებს. უბატონობაც ესაა: ნამდვილ მე-ში აღდგომა. თუ ჩვენ ეგოში გვინდა უბატონობა, მაშინ მივიღებთ ანარქიას და გაგრძელდება ის უბედურება, რაც დღესაა საქართველოში, როდესაც თითოეული ქართველი თავისი მე-თია წარმოჩენილი. ნამდვილი უბატონობა იწყება მაშინ, როდესაც უარს ვამბობთ სუროგატულ უბატონობაზე, რასაც ნგრევისა და გაპარტახებისკენ მივყავართ. ნამდვილი უბატონობა მოგვიტანს ერთმანერთობასა და საქართველო იქცევა ქრისტეს აღმდგარ სხეულად, რისკენაც ჩვენ მივდივართ, რისკენაც ჩვენი წინაპრები მოგვიწოდებდნენმ რასაც ეწირებოდნენ და რა დღის გათენებასაც ელოდნენ და ნატრობდნენ.

ეს დღე ჩვენს ხელშია - გარედან ყველაფერი გაკეთებულია, ჯვარცმული და აღმდგარი იესო ჩვენ გველოდება, გავაკეთებთ კი იმას, რაც მან გვიჩვენა?! არადა აი, ესაა სწორედ რწმენა და არა ჯვრის დაკიდება;

არც მართლმადიდებლობაა ის, რომ „დიდება უფალს“ ვიძახოთ. რწმენაა, გავაკეთო ის, რაც გააკეთა იესომ. როგორც იესომ გააუქმა თავისი სხეული ჯვარზე და თქვა - მამაო, შენს ხელთ გადავცემ ჩემს სულს, ჩვენც იესოსთან ერთად უნდა გავაკრათ ჯვარზე ჩვენი მეამბოხე მე და იქიდან აღვდგებით უფალთან ერთად ახალ სიცოცხლეში, რომელშიც არ იქნება წარმავალობა და ნამდვილი სიყვარული და ნეტარება დაიბადება. ფიქრებში და ოცნებებშიც რომ რომ არ გვინახავს - აი, ისეთი საქართველო ერთი ხელის გაწვდენაზეა, თუ შევძლებთ იმას, რაც აქამდე ვთქვი.

დავრჩეთ საკუთარ თავთან მარტო და კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რომ საგონებელში ჩავარდნის დროა.

მალე დამდგარიყოს საქართველოში გონს მოსვლის ჟამი და მალე გაბრწყინებულიყოს იბერია-ჩვენი მრავალტანჯული ქვეყანა!

დაგლოცოთ უფალმა!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა