რელიგია

რატომ გასდევს „ბიბლიას“ კაენიდან და აბელიდან მოყოლებული, ძმებისა და წყვილების ქიშპი და მტრობა

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 07.08

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

წმიდა წერილი იწყება იმით, რომ ადამი და ევა ეურჩნენ ღმერთს და გადავიდნენ მის სიტყვას, რის შედეგადაც დაკარგეს სამოთხე და შეუდგნენ დედამიწის ათვისებისა და თავიანთი შიშებისა და შფოთის დაძლევის ურთულეს გზას. შემდეგ შეეძინათ აბელი და კაენი და კაცობრიობის ისტორიაც იმით დაიწყო, რომ კაენმა მოკლა აბელი, საკუთარი ძმა შურის გამო. ოღონდ ეს მიზეზი მხოლოდ გარეგნულია: აბელი და კაენი ადამის ორი მდგომარეობის სიმბოლოა, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან გასაერთიანებლად. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).

მამა გურამი: ესავისა და იაკობის ისტორიაც აბელისა და კაენის ისტორიის გაგრძელებაა, რაც, როგორც ვიცით, ამბავი კი არა, ჩვენი სულის ისტორიაა. „დაბადების“ 25-ე თავში წერია: და ევედრებოდა ისააკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწყი იყო იგი და ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი, მაგრამ ეხლებოდნენ ერთმანეთს მისი ძენი მუცელში. იგულისხმება ტყუპები, რომლებიც ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ, თუ ვინ გამოვიდოდა პირველი. ბიბლიის კომენტატორები ამაში დიდ იდეას ხედავენ: შემთხვევით ხომ არ წერია, ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთსო?! ვინ არის ეს ორი ტყუპი?! ეს არის ორი მიმართულების კონფლიქტი: მომავლის სამყარო და წუთისოფელი. „შესაქმის“ განხილვისას ვთქვით, რომ ორი ადამის ისტორიაა გადმოცემული: ერთია ბუნებითი ადამი, მოწოდებული, რომ დედამიწა, სამყარო გაიგოს, გაფცქვნას და სვამს კითხვას, როგორ გადავრჩეთ, როგორ გავმრავლდეთ, როგორ გავიგოთ სამყარო, როგორ გადავწიოთ უმეცრების ფარდა, რის შედეგადაც ვითარდება ტექნიკა, მეცნიერება და ყველაფერი, რაც დღეს ასე უხვადაა წარმოდგენილი, იმიტომ რომ შეუცნობელი იყო მატერიალური სამყარო. ეს არის ამ წუთისოფლის მდგომარეობა, რაც აქ უნდა გავაკეთოთ, ადამიანის ის უნარია, რომელიც ამ გაგებისკენ მიემართება. მაგრამ ადამიანში არის მეორე მიმართულებაც: რისთვის ხდება, რაც ხდება? რა არის მიზანი?! ამას ჰქვია ზეცა, ცა, ესე იგი, შეი-ცა-ნი. ეს არის შესაძლებლობები, ადამიანი შეიქმნა, როგორც თავისივე თავის შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობის განსახორციელებლად – კაცად შედგომისთვის, ანუ უკვე ღმერთის მიმსგავსების ასპარეზისთვის მოგვეცა ეს ქვეყანა. ესე იგი, ეს არის განვითარება, დინამიკა, წინ წასვლა, რომ არ ჩაიკეტო, მუდმივად გამოხვიდე საკუთარი თავიდან.

აი, ეს ორი მიმართულებაა ტყუპებში – იაკობსა და ესავში, ამიტომ ეს ორი მუდმივად იბრძვის, რაც იწყება კაენიდან და აბელიდან. საერთოდაც, „ბიბლიაში“, სადაც კი ნახავთ წყვილებს, ყველგანაა გამოკვეთილი ეს ორი მიმართულება. რა უნდათ ტყუპებს?!. მაგალითად, ესავს გამოკვეთილი აქვს ამ წუთისოფლის მიმართულება, ის ველის კაცია, მონადირეა. ველი სივრცეა, ანუ ესავი მატერიალურ სივრცეში მიდის, ამიტომ ის ფიზიკურად ძლიერია, მყარად დგას ფეხებზე, ამ წუთისოფლის განვითარებისთვის იღვწის, ხოლო იაკობი უფრო კარვის კაცია, ანუ ერთ ადგილასაა, ვერტიკალში და იკვლევს მიზანს, რისთვის ხდება, რაც ხდება, რისკენ მივდივარ, რა მისია მაქვს განსახორციელებელი, რა არის ის იმთავითვე ჩადებული, რაც მე უნდა განვახორციელო?! თუმცა, იმავდროულად, ორივეს აქვს ამბიცია, რომ ეს ორი მიმართულება თავის თავში გაამთლიანოს. ესავი ხომ მონადირეა, ველის კაცია და მატერიალისტი?! მაგრამ მას უნდა, რომ ის სამყაროც მისი იყოს. იაკობიც ასეა: მართალია, კარავში მკვიდრობს და აინტერესებს ცნობიერება, ცხოვრების მიზანი, არსი, სულიერება, ღმერთთან კონტაქტი, მაგრამ ეს წუთისოფელიც უნდა. ორივეს ამ ორმაგობის გადალახვა და თავის თავში შერწყმა უნდა. ამის გამოხატულებაა, ერთმანეთს რომ ეხლებოდნენ მუცელში. მაგრამ, ნახე, რას ამბობს რებეკა?! ქართულ თარგმანში წერია: თუ ეს ასეა, მაშ, რაღასთვის (რა მიზნით) ჩამესახნენ?! ესე იგი, რებეკას აინტერესებს, ვინ იქნებიან ისინი, რა უნდა მოხდეს. ძალიან საგულისხმოა, როგორ იკითხება ეს ებრაულ ტექსტში, იმიტომ რომ საშუალებას გვაძლევს, სიღრმისეულად დავინახოთ, რა აწუხებდა რებეკას და რა ხდება სინამდვილეში. ებრაული ნაწერი სიტყვა სიტყვით ასე ითარგმნება: რატომ ეს და მე, ანუ რატომ არსებობს შეხლა ამასა და მეს შორის. მე-ში იგულისხმება დიდი მე – მე ვარ უფალი, ღმერთი შენი. ხოლო ამას, ანუ ეს არის პატარა, ადამიანური მე. მაშასადამე, რისთვისაა ბრძოლა?! შეხლა-შემოხლა მიდის ამ წუთოსოფლის, აწმყოს ღმერთს შორის. აი, გველმა რომ უთხრა ადამს, შენ იქნები, როგორც ღმერთიო, რაც დაუშვა ღმერთმა და არ უშლის ადამიანს ხელს, რომ იყოს აქაურობის ღმერთი; მეტიც, იმთავითვე მისცა ადამიანს ეს ღმერთობა: იბატონე წყალზე, მიწაზე, ჰაერში, ცხოველებზე, ფრინველებზე... მაგრამ ადამმა დროზე ადრე მიიტაცა და ადამიანი მთვრალია თავისი ღმერთობით, მაგრამ ეს არის ამ წუთისოფლის ღმერთი, რომელიც აქ იმეფებს, ხოლო მეორე – დიდი მე – არის მომავალი სამყაროს ღმერთი: მიზნების, სწრაფვების, ჟინის, გაფართოების ღმერთი. ეს ორი, თითქოს, ურთიერთგამომრიცხავი მდგომარეობაა, მაგრამ, სინამდვილეში, გარკვეულ პერიოდის შემდეგ მათ უნდა აღავსონ ერთმანეთი, იმიტომ რომ ცალ-ცალკე ვერ იქნებიან, მათ ორივეს ერთმანეთი აკლია. ცალკეა წუთისოფლის ღმერთი, როდესაც შენ ტექნიკა იცი, მეცნიერება, ყველა ატომი გარკვეული გაქვს, მაგრამ არ იცი, რა უყო ამას, რადგან ეს ხომ მიზანი არ არის, ეს საშუალებაა. ესე იგი, აკლია მიზანი და ამიტომაც ვიტანჯებით, განსაკუთრებით, დღევანდელი ცივილიზაცია. ტექნიკურად ასე განვითარებული არასოდეს ყოფილა კაცობრიობა, მაგრამ საშიშროებაა მესამე მსოფლიო ომის. არადა იმდენი ტექნიკური საშუალებაა, რომ, წესით, თითქოს არავის არაფერი უნდა გვაკლდეს, მაგრამ ისეთი პრობლემები, რაც დღესაა, ალბათ, არასოდეს ყოფილა სამყაროში. ვთქვათ, სამედიცინო მიმართულებით, უამრავი მედიკამენტია, კვლევის უამრავი ტექნიკური რესურსია, თითქოს მიზანია, ადამიანი უკეთ იყოს, რეალურად კი, არასდროს ყოფილა იმდენი დაავადება, რაც დღესაა. მთელი სამყარო იბრძვის იმისთვის, რომ მშიერი არავინ იყოს, უამრავი ორგანიზაციაა, მილიარდები იხარჯება და ამ დროს ასობით მილიონი ადამიანი და ბავშვი შიმშილობს. არაფერი რომ არ ვთქვათ ომებზე, რომლებიც ჩვენ თვალწინ ხდება. ამას ემატება ის, რომ ადამიანი, თუმცა ტექნიკური პროგრესი ასე ძლიერია და თითქოს ყველაფერი გვაქვს, მარტოსულია. ინტერნეტის ეპოქაში წამებში ვუკავშირდებით ერთმანეთს, მაგრამ მაინც დეპრესიაა მოდებული, მაინც ანტიდეპრესანტებზე ზის ლამის მთელი სამყარო და იბადება კითხვა: რა ხდება?! არადა ის ხდება, რომ მხოლოდ ერთი მხარეა განვითარებული და მეორე ვერ შემოდის. საზრისსაა მოწყვეტილი, რაც გვაქვს. ამის პარალელურად, ის მეორე, სულიერი მხარეც გამოშრა. არასდროს ყოფილა ამდენი მედიტაცია, რელიგია, სასულიერო ლიტერატურა. გასული საუკუნის 80-ანებში სად იყო ამდენი „ბიბლია“ და ტაძრები?! მაგრამ მაინც ცალკეა და რეალობას ვერ ცვლი. შეიძლება, შენ კარგად იყო, ილოცო, „ბიბლია“ იკითხო, მაგრამ, თუ რეალობას ვერ ცვლი, როგორ იქნები კარგად?! ვერავინ იქნება კარგად, სანამ ის ერთი ადამი არ აღდგება ჩვენგან და არ ვიგრძნობთ, რომ ერთი მთელი ვართ. აი, ამ მიზანს ვერ ვაღწევთ და იმიტომაა წინააღამდეგობა. შესაბამისად, რისთვის იბრძვიან ესავი და იაკობი?! ვინ იქნება კურთხეული, ვისი ღმერთი გაიმარჯვებს – წუთისოფლის ღმერთი თუ დიდი ღმერთი?! აი, ამიტომ ეჯაჯგურებიან ერთმანეთს იაკობი და ესავი რებეკას მუცელში და ვინ და რატომ დაიბადა პირველი, ამის შესახებ შემდეგ ნომერში ვისაუბრებთ.

ნინო ხაჩიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა