რჩევები

ზღვის მარილი მოშვებული კანის პრობლემას მოგიგვარებთ

№23

ავტორი: ანი რევია 11:00 17.06, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ზღვის მარილის კრისტალები შეიცავს ნატრიუმს, რკინას, კალიუმს, გოგირდს და ბრომს. ყველა მათგანი კანის უჯრედების გამოკვებას, ჟანგბადით მომარაგება-გამდიდრებას, ახალი უჯრედების ზრდას და დაბერების შეფერხებას უწყობს ხელს. ამიტომ, ზღვის მარილი არაერთი ნიღბის, კრემის, ტონიკის, ლოსიონისა და სკრაბის შემადგენლობაში შედის. შეგიძლიათ, ნიღბები და კომპრესები სახლის პირობებში თქვენი ხელით მოამზადოთ და საკუთარ კანს ასე დაეხმაროთ. ასევე, სასარგებლოა სახის დაბანა მარილიანი წყლით. ამისთვის ნახევარი ჩაის კოვზი (კომბინირებული და ნორმალური კანის ტიპისთვის) ან 1 ჩაის კოვზი (ცხიმიანი კანისთვის) ზღვის მარილი, გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში. ახალი მომზადებული ხსნარით, დღეში 2-ჯერ დაიბანეთ სახე, კარგად შეიმშრალეთ პირსახოცით და გადაისვით მკვებავი კრემი. პროცედურა 3 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ, შემდეგ კანი 30 დღით დაასვენეთ. ეს კანის გამაახალგაზრდავებელი მოკლე კურსი ნებისმიერ ასაკში ეფექტურია – კანის განახლება და დაჭიმვა გარანტირებული გექნებათ. თუმცა, მსგავსი საშუალება არ არის რეკომენდებული მგრძნობიარე და მშრალი სახის კანისთვის.

სახის კანის დამამშვიდებელი ნიღაბი – 1 სადილის კოვზი არაჟანი, 1 სადილის კოვზი კეფირი და 1 ჩაის კოვზი თაფლი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ზღვის მარილი და დაიდეთ სახეზე, 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით თქვენი კანის შესაბამისი კრემი.

მოშვებული კანის გამამკვრივებელი ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ზღვის მარილს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 ჩაის კოვზი თაფლი. კარგად აურიეთ და დაიდეთ სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.

სახის კანის მკვებავი ნიღაბ – 1 კვერცხის გული და 1 სადილის კოვზი მანანის ბურღული ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი და თხევადი თაფლი. წაისვით სახეზე ყოველ საღამოს, გაიჩერეთ 1 საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

გამწმენდი ნიღაბი – 1 სადილის კოვზი ზღვის მარილი, 1 სადილის კოვზი სოდა და 1 სადილის კოვზი კეფირი აურიეთ ისე, რომ სქელი ფაფა მიიღოთ. წაისვით სუფთა სახეზე შავი წერტილების ადგილას და დაიტოვეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

ასეთი ნიღბები გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.

კვირაში ერთხელ კარგია მარილიანი სპა პროცედურის ჩატარება:

სახის კანის გასაახლებელი ზღვის მარილის კომპრესი – 1 ლიტრ მდუღარე წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი ზღვის მარილი. დაასველეთ გაგრილებულ ხსნარში ბამბის პირსახოცი, ოდნავ გაწურეთ და ყელსა და სახეზე დაიდეთ. გაიჩერეთ 5 წუთით, შემდეგ პირსახოცი კვლავ დაასველეთ და ისევ 5 წუთით გაიჩერეთ. კომპრესი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არბილებს გარქოვანებულ ადგილებს, რომელთაც შემდგომ მარილიანი სკრაბის საშუალებით ადვილად მოიშორებთ და მიიღებთ სრულად განახლებულ კანს.

სახის დამატენიანებელი ზღვის მარილის სკრაბი – 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი შეურიეთ 1 სადილის კოვზ ზღვის წვრილ მარილს, დაიდეთ კანზე და სახე თითებით დაიმასაჟეთ. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ პროცედურის წყალობით ხდება კანის ღრმა მინერალიზაცია, დატენიანება, ლიფტინგის ეფექტი და სახის ფერის გაუმჯობესება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა