ზაფხულში ღია ფერის თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს
ავტორი: ანი რევია 13:00 16.08

ზაფხულის პაპანაქება სიცხე და მზის სხივები განსაკუთრებულად საზიანოა თმისთვის, რადგან ის შრება და ბზინვარებას კარგავს. მას, ასევე, მნიშვნელოვნად აზიანებს ზღვის მარილიანი წყალი. თუ არ გსურთ, თქვენი თმა უსიცოცხლოდ გამოიყურებოდეს, ბოლოებში გაიყოს, ცვენა გაძლიერდეს და გაჩნდეს ქერტლი, მაშინ მის მოვლაზე უნდა იზრუნოთ.
* თმის ღერის ბოლოების გაყოფას, ხშირ შემთხვევაში, თმის საშრობისა და თმის უთოს ხშირი გამოყენება იწვევს. გაყოფილი ბოლოები აღდგენას არ ექვემდებარება და საჭიროა მისი შეჭრა. თმის გასწორებისა და დახვევის დროს აუცილებლად გამოიყენეთ თერმოდამცავი საშუალებები;
* უსიცოცხლო თმისთვის მნიშვნელოვანია ზეთების გამოყენება. გამომშრალი თმის დატენიანებისა და ბზინვარებისთვის უმჯობესია ზეითუნისა და ქოქოსის ზეთი. თმაზე წასმის წინ ზეთი შეათბეთ, შემდეგ კი წაისვით და თითებით თანაბრად გადაინაწილეთ. დაიფარეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თქვენი ტიპის თმისთვის განკუთვნილი შამპუნით;
* თმის გარეგანი მოვლის საშუალებები აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი. საჭიროა, თმა ძირებიდან სათანადოდ იკვებებოდეს. ამისთვის საუკეთესოა კვების რაციონის დარეგულირება, მისი გამდიდრება სეზონური ხილითა და ბოსტნეულით;
* ღია ფერის თმა ზაფხულში განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. შეღებილი და მელირებული თმა მალე ზიანდება, ამიტომ აუცილებელია პერიოდულად თმის ნიღბების, ბალზამის, A, C და B1 ვიტამინების შემცველი შამპუნის გამოყენება. არ არის რეკომენდებული შამპუნის პირდაპირ თავზე დასხმა. აჯობებს, თუ შამპუნს ხელისგულზე დაისხამთ, ცოტა წყალში გახსნით და ისე შეიზელთ თმაში. იმისთვის, რომ შამპუნი თმის ძირებზეც მოხვდეს, თითებით თავზე მსუბუქი მასაჟი უნდა გაიკეთოთ;
* თმა დაიბანეთ თბილი ან გრილი წყლით, რადგანაც ცხელმა წყალმა შეიძლება, გამოაშროს და დააზიანოს როგორც თმა, ასევე, კანიც. ძალიან მნიშვნელოვანია შამპუნთან ერთად ბალზამის გამოყენებაც. ბალზამი მოცულობას ანიჭებს თმას და აადვილებს მის დავარცხნას;
* უმჯობესია, დაბანისთანავე არ დაივარცხნოთ, რადგან სველი თმა სათუთია. დაივარცხნეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თმა ნახევრად შეშრება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან