თვალის ირგვლივ კანის მოვლა
ავტორი: ანი რევია 11:00 21.12, 2023 წელი

თვალის ირგვლივ კანი თხელი და მგრძნობიარეა. მის ქვეშ არ არის კუნთები და კანქვეშა ცხიმიანი ქსოვილი, ამიტომ იოლად ეშვება და პირველი ნაოჭებიც თვალის გარშემო ჩნდება. მასზე ადვილად ახდენს გავლენას ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ქარიანი და მშრალი ამინდი, მაგრამ თუ სწორად მოუვლით, ადვილად შეძლებთ ებრძოლოთ ნაოჭებს, სიმშრალეს, შეშუპებას, გაღიზიანებას და დაბერების სხვა ნიშნებს.
მოვლის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი დატენიანებაა. გულდასმით შეარჩიეთ თვალის ირგვლივ არსებული კანის მოვლის საშუალებები და ეცადეთ, დამატენიანებელი კრემი და გელი, რაც შეიძლება, მსუბუქი იყოს. ასევე, ყურადღება მიაქციეთ კოსმეტიკის შემადგენლობას. ლანოლინის შემცველი კოსმეტიკისგან თვალის ირგვლივ კანი შესაძლოა, გაწითლდეს და შეშუპდეს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ A და E ვიტამინების შემცველ კრემს, რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებშიც მოამზადოთ.
* 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ ოხრახუშს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე მჭიდროდ დაახურეთ და 15 წუთით დატოვეთ. 1 ცალი კარტოფილი გახეხეთ წვრილად, 1 სადილის კოვზ კარტოფილის ფაფას დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ოხრახუშის ნაყენი და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დოლბანდზე გადაიტანეთ. ეს ნიღაბი მჭიდროდ მიიფარეთ თვალებზე და 15-20 წუთი გაიჩერეთ. ამ ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია ძილის წინ. ნუ ჩამოიბანთ, მხოლოდ ბამბის ტამპონით მოიშორეთ.
* თვალების ირგვლივ ნაოჭებს პურის ნიღაბი ასწორებს – თეთრი პურის გულის ნაჭერი დაალბეთ შემთბარ მცენარეულ ზეთში. მიღებული მასა დაიდეთ თვალების ირგვლივ, გაიჩერეთ 20-25 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ;
* წაისვით თვალების ირგვლივ კვერცხის გული და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა კანის დასატენიანებლად გამოიყენება;
* მუქი წრეების მოსაშორებლად გახეხეთ 1 ცალი უმი კარტოფილი, დაამატეთ იმავე მოცულობის შვრიის ფქვილი და ცოტაოდენი რძე, ისე, რომ მიიღოთ სქელი ფაფა. დაიდეთ ეს მასა თვალების ირგვლივ და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ;
* შავი რკალების მოშორება შეიძლება ხაჭოთიც – ხაჭო ნაზად შეიზილეთ თვალების ირგვლივ, გაიჩერეთ 15-20 წუთით და შემდეგ შავ ან მწვანე ცივ ჩაიში დასველებული ბამბის ტამპონით მოიშორეთ;
ყოველ საღამოს, თვალების ირგვლივ კანი გაიწმინდეთ ამ მიდამოსთვის განკუთვნილი მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური რძით. ბამბის ტამპონით ძალიან ფრთხილად ჩამოიშორეთ კოსმეტიკური საშუალებები ისე, რომ კანი არ დაჭიმოთ. ამ მიზნით ნუ გამოიყენებთ საპონს, რადგან ის არა მარტო გამოაშრობს კანს, შეიძლება, გააღიზიანოს კიდეც.
თვალების ირგვლივ შავი ჩრდილების მოსაშორებლად შეარჩიეთ კრემი რეტინოლის, პეპტიდებისა და K ვიტამინის შემცველობით. თუ შეშუპებისკენ ხართ მიდრეკილი, გამოიყენეთ კოფეინის შემცველი კრემი.
თუ თვალის ირგვლივ კანი ძალიან მშრალია, იქერცლება, წითლდება, აირჩიეთ კრემი დამატენიანებელი კომპონენტებით. გლიცერინისა და ჰიალურონის მჟავას შემცველობა ამ პრობლემებს გაუმკლავდება.
წვრილი ნაოჭების ბადის არსებობისას გამოიყენეთ კრემი პეპტიდებითა და თუთიით.
დღის კრემად გამოიყენეთ მსუბუქი საშუალებები, რაც სწრაფად შეიწოვება, საღამოს კი უფრო ნაჯერი მკვებავი კრემები. ასევე, ნატურალური ზეთები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან