თუ ფრჩხილებზე შილაკს რეგულარულად იკეთებთ...
ავტორი: ანი რევია 11:48 06.03, 2023 წელი

როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს? საინტერესო რჩევები „თბილისელებისგან“ 👈
რა არის შილაკი?
დღეს, გოგონების უმეტესობა, შილაკს ანიჭებს უპირატესობას. მისი წასმა, ჩვეულებრივი ლაქის წასმასთან შედარებით, რთულია. ამიტომ, პროცედურა სალონებში ტარდება, რადგან სპეციალური ხელსაწყოებია საჭირო.
შილაკის გაკეთება იდეალურია მათთვის, ვისაც მოვლილი ფრჩხილის დიდხანს შენარჩუნება სურს. ეს არის ფრჩხილის მოვლის ორი საშუალების – ჩვეულებრივი ლაქისა და მოდელირებული გელის შერწყმა და შილაკის საფარი ფრჩხილზე შესაძლოა, სამ კვირამდე უცვლელად შენარჩუნდეს.
შილაკის გასაკეთებლად მნიშვნელოვანი ეტაპია ფრჩხილის ფირფიტის მოხვეწა და ზედმეტი ბურცების მოშორება – სწორ ზედაპირზე ლაქი კარგად ჩანს. შემდეგი ეტაპი, ცხიმის ფენის მოშორებაა, რომლის შემდეგაც ფრჩხილზე ბაზისურ საფარველს უსვამენ, რაც ფრჩხილს იცავს ფერადი ფენის პიგმენტების მავნე ზემოქმედებისაგან. შემდგომ კი, უკვე ორ ფენად ისმება ფერადი ლაქი.
შილაკს ჩვეულებრივი ლაქისგან ის განასხვავებს, რომ ყოველი ფენის შემდეგ ფრჩხილს ერთი წუთის განმავლობაში აშრობენ ულტრაიისფერი ნათურით. ამ დროს საფარი პოლიმერიზდება და მყარდება. ფრჩხილების შილაკით დაფარვას, დაახლოებით, 15 წუთი სჭირდება.
როგორ მოვიშოროთ შილაკი?
რაც შეეხება მის მოცილებას, ეს პროცედურაც შესაბამის სპეციალისტს უნდა მიანდოთ. აცეტონით მისი მოშორება არ ღირს, თუმცა, თუ მეტი გამოსავალი არაა – გაჟღინთეთ ბამბის ტამპონი აცეტონის ხსნარით, შემოახვიეთ ფრჩხილს და შემდეგ შემოიხვიეთ ფოლგა. ათი წუთის შემდეგ, შილაკი ფრთხილად ჩამოიფხიკეთ. სალონში კი, შილაკს სპეციალური შემადგენლობის ხსნარით აშორებენ, რომელიც უფრო მსუბუქად მოქმედებს ფრჩხილის სტრუქტურაზე და არ აზიანებს მას.
შილაკის უარყოფითი მხარე
ზოგადად, შილაკი ითვლება ჰიპოალერგიულ საფარად, რადგანაც არ გააჩნია სუნი და არ შეიცავს ტოლუოლს, დიბუთილფთალანს და ფორმალდეჰიდს. თუმცა, გავრცელებული მოსაზრებით, შილაკი ფრჩხილისთვის საშიში პროცედურაა, რადგანაც აგრესიულად მოქმედებს ფრჩხილის ფირფიტაზე. ამას გარდა, შესაძლოა, მოხვეწისა და გაპრიალების პროცესმა ფრჩხილის ტრავმირება გამოიწვიოს, ამ მანიპულაციებს კი ფრჩხილის დასუსტება, მტვრევა და განლევა მოჰყვეს. თუმცა, შილაკისგან ორთვიანი შესვენების შემდეგ, ფრჩხილი პირვანდელ სახეს იბრუნებს.
ვინც ხშირად იკეთებს შილაკს, უმჯობესია, ფრჩხილებს დასვენების საშუალება მისცეთ. დაასვენეთ ფრჩხილები ორ თვეში ერთხელ, ერთი-ორი კვირით და გადადით ჩვეულებრივ ან სამკურნალო ლაქზე. მით უმეტეს, რომ თხელ და მტვრევად ფრჩხილზე შილაკი უფრო ცუდად კეთდება, ვიდრე ჯანმრთელზე.
ნათურის მავნე ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დასაცავად კი, პროცედურის წინ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი ხელის კრემი.
მართალია, კარგად მოვლილი ფრჩხილი ლამაზია და მით უმეტეს, თუ ის დიდხანს ძლებს, თუმცა, გარკვეული უსაფრთხოების ზომების დაცვა და ლაქისგან დროდადრო ფრჩხილის „დასვენება“ აუცილებელია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან